Friday, March 28, 2014

გამოცხვარებული

დაახლოებით 13 წლის ასაკში ხელში ჩამივარდა წიგნი იაპონელებზე, რომლის წაკითხვის შემდეგ ძალიან შემიყვარდა იაპონია, იმდენად მომწონდა ეს ხალხი, რომ სულ მათზე ვკითხულობდი, გავეცანი მათ ტრადიციებს, ცხოვრების სტილს, ხასიათს, ვკითხულობდი გეიშებზე, სამურაებზე, ვკითხულობდი ჰაიკუებს, ვუყურებდი იაპონურ ფილმებს... საბოლოოდ, გადავწყვიტე როცა გავიზრდებოდი იაპონიაში გადავსახლებულიყავი. )) თუმცა ეს სიყვარულიც განწირული აღმოჩნდა როგორც ბევრი სხვა, რადგან შემომეჭრა ამელი ნოტომი და გადმომიბრუნა ცნობიერ-არაცნობიერი... მოკლედ, "კრძალვით და ცახცაცხით" წავიკითხე და გავგიჟდი, მეთქი ესენი ვინ ყოფილან, არასდროს არ ვიმუშავებ იაპონელებთან, არასდროს არ წავალ იაპონიაში, არასდროს მოვექცევი მათ კრძალვითა და ცახცახით... დამემსხვრა ოცნების კოშკები... მაგრამ გავიდა დრო და ისევ გადავიკვეთეთ მე და იაპონია, ეს იყო ახლო წარსულში, როცა ჰარუკი მურაკამი გავიცანი, აი მაშინ, ჩემი "გამოცხვარება" რომ დაიწყო.

ამხელა აბდაუბდას შემდეგ დროა დავიწყო "ცხვარზე ნადირობა" (ისე დევნა უფრო გამოვიდა, მაგრამ არ აქვს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა).  ესაა ჰარუკი მურაკამის ვირთხის ტრილოგიის მეორე ნაწილი, რომელიც კითხვის პროცესშივე ჩემს საყვარელ წიგნად იქცა.

ეს წიგნი დაფუძნებულია ლეგენდებზე, აზიურ რასებში დღესაც სჯერათ რომ ადამიანში ცხვრის ჩასახლება სულაც არაა იშვიათობა, და ვისაც ცხვარი ჩაუსახლდება ის გამორჩეულ კურთხევას იღებს. ადამიანში ჩასახლებული ცხვარი უკვდავია და უკვდავია ცხვარჩასახლებული ადამიანიც, მაგრამ თუ ცხვარმა მიატოვა, ის ჩვეულებრივი მოკვდავი ხდება. ყველაფერს წყვეტს ცხვარი, მოეწონები - დარჩება, არ მოეწონები- წავა და დარჩები "გამოცხვარებული".  ცხვრის მისია, თვითონ ცხვრის გადმოსახედიდან, არის საოცრად ჰუმანური და კეთილშობილური, მაგრამ წიგნში რომ შეძვრებით მერე... ( ისე წიგნის დაწყებამდე არც მიფიქრია ცხვარს თუ ჰქონდა ჩემს გონებაში რაიმე იმიჯი, ან თუ მქონდა შექმნილი გარკვეული წარმოდგენა მასზე. აქამდე არასდროს მიფიქრია ცხვარზე, მაგრამ  წიგნის წაკითხვის შემდეგ ცხვარი არ მიყვარს, მან დაკარგა ის "იმიჯი", რომელიც პრინციპში აქამდეც არ გააჩნდა, ანუ აქამდე ცხვარი ჩემთვის ერთი უბრალო და სასარგებლო ცხოველი იყო, ახლა კი ის არაფერს წარმოადგენს)

სანამ წიგნში ნადირობა იწყება იქამდე მთავარი გმირი გავიცანი, ერთი ჩვეულებრივი, როკის მოყვარული სარეკლამო აგენტი, ტვინისგამომრეცხ სარეკლამო ტექსტებს რომ წერს ისეთი, რომლსაც საკუთარი თავი ჯერ ვერ უპოვნია. ცოლსგაშორებული ახალგაზრდა სხვა გოგონასთან აბამს ურთიერთობას, რომელსაც საოცარი ყურები აქვს. (ყურებზე საუბარი და ყურების აღწერა ცალკე დიდი და საოცარი თემაა ამ რომანში, როგორი მრავლისმთქმელი ყოფილა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული  სხეულის ნაწილი)
აქვე გეტყვით, რომ წიგნში არავის არ აქვს სახელი, მხოლოდ კატას ჰქვია "ქაშაყი" და სასტუმროს "დელფინი". თუმცა უნდა ვაღიარო, რომ "უსახელობა" მაშინ შევამჩნიე, როცა უკვე წიგნის ნახევარს გავცდი.

მოკლედ, ამ ჩვენს მთავარ გმირს, ძველი მეგობარი ვირთხა რაღაც შარში გარევს, გამოუგზავნის  ქარაგმებით სავსე წერილებს და ფოტოს რომელზეც ჩვეულებრივ ცხვრებთან ერთად განსაკუთრებული ჯიშის, ზურგზე ვარსკვლავიანი ცხვარია გამოსახული. სწორედ ესაა ის სასტიკი და ძლაუფლებისმოყვარული ცხვარი, ადამიანის ტვინში რომ შეძვრება და მისგან სარგებლის მიღება რომ უნდა. და თუ წავიდა თავში რჩება შიშველი იდეა, რომლის გამოხატვა ცხვრის გარეშე შუძლებელია.

ამ სასტიკ ცხვარზე ნადირობა სარეკლამო აგენტს ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის, სენსეის მდივანმა დაავალა. (ისე კი არა, დიდი გასამრჯელოს სანაცვლოდ). სენსეი გამოცხვარებულია და სწორად ცხვრის დახმარებით მიაღწია კარიერაში მწვერვალებს, მაგრამ ახლა ცხვარს მისი მიტოვება აქვს გადაწყვეტილი და სენსეი სიმსივნით კვდება.

უსახელო მთავარი გმირი ცხვარზე სანადიროდ მიდის ჰოკაიდოზე, საოცარყურებიან მეგობარ გოგოსთან ერთად. აი აქ იწყება საოცარი თავგადასავლები, ისინი გაიცნობენ ცხვრის პროფესორს, რომელიც ოდესღაც ასევე გამოცხვარებული იყო, მაგრამ ცხვარმა მალევე მიატოვა და მისი კარიერა სენსეისგან განსხვავებით სწორედ ამ ცხვარს შეეწირა.
პროფესორის დარიგების შემდეგ მთავარი გმირი ჰოკაიდოს მთებში მიდის, ახსენდება ვირთხას სახლი მთებში და უამრავი დამთხვევა და უცნაურობა იყრის ერთმანეთთან თავს. მეგობრის ნაცვლად იქ მას ადმიანი-ცხვარი ხვდება, ცხვრის ტყავში გახვეული არსება რომელიც სარკეში არ ჩანს. გარკვეული პერიოდი მთავარი გმირი ვირთხას სახლში ცხოვრობს და  უშედეგოდ ელოდება მეგობარს.

საბოლოოდ ირკვევა, რომ ცხვარი ვირთხას შეუსახლდა, ალბათ ყველაზე გონიერ არსებას, ვისთანაც აქამდე ყოფილა, მაგრამ ვირთხამ თავი მოიკლა, არ უნდოდა ცხვარს მისთვის ეჯობნა, ამიტომ ცხვარიც თან გაიყოლა.

მინდა ვთქვა რომ არაჩვეულებრივი წიგნია, ყველაფრის ნაზავი, აღმოსავლური ეგზოტიკა + დასავლური მოდერნიზმი;  დეტექტივი, დრამა, თრილერი, რეალიზმი, კომედია, მისტიკა.... ამ ყველაფრის ნარევი. მეტი რაღა უნდა ინატრო მკითხველმა ერთ რომანში თავმოყრილი. თხრობის სტილი საოცარია, სიუჟეტი საინტერესო და მრავალფეროვანი... კითხულობ და "ცხვარდები", ამთავრებ და "გამოცხვარებული" ხარ... თავში უამრავი კითხვის ნიშანი გაქვს, რაღაც ადგილებს თავიდან კითხულობ, ვირთხას წერილები უკვე სავსებით ლოგიკურია და არანაირ ქარაგმას არ შეიცავს.. მაგრამ მაინც უყურებ ჭერს და ფიქრობ... ფიქრობ.... ფიქრობ წუთები, საათები, ხშირად დღეები.... აი ამას თუ მოახერხებს წიგნი, შენს გონებას თუ მიისაკუთრებს, მერე უკვე შეუძლია განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს შენს "ინტელექტში". "ცხვარზე ნადირობამ" ეს მოახერხა, დამაბრუნა იაპონიაში, მამოგზაურა ჰოკაიდოზე, გამაცნო ყველაზე უცნაური და საინტერესო ადამიანები და რაც მთავარია - ახალი გრძნობა ჩამომიყალიბა, წიგნით გამოცხვარება.... იმედია მურაკამის რომანებით კიდევ ბევრჯერ გამოვცხვარდები და თქვენც გირჩევთ დაიწყოთ "ნადირობა ცხვარზე".



  • რაღაც განსაკუთრებული თვისება გაქვს, როგორც ქვიშის საათს. ქვიშა სულ რომ ჩამოიცლება, ვიღაც აუცილებლად გადააბრუნებს და ყველაფერი თავიდან იწყება.
  • მე ახლაც მიყვარხარ მაგრამ საქმე სხვა რამეა.. თვითონაც მშვენივრად ვხედავ ყველაფერს.
  • შეიძლება მოხეტიალე კაცის ბუნება მაქვს,რაც ნებისმიერ ადგილთან და პირობებებთან შეგუებაში გეხმარება. არ ვიცი, ვიღაც წერდა, რომ ხანგძლივი მაწანწალა ცხოვრებისათვის ადამიანს სამიდან ერთი მაინც უნდა იზიდავდეს: მქადაგებლობა, ხელოვნება , ფსიქოანალიზი. თუ ამ სამიდან ერთერთის მიმართ მაინც არ იჩენ მიდრეკილებას დიდხანს ვერ იხეტიალებო.
  • არ გამოიყურებოდა არანაირად.
  • რა უცნაური რამ გამოდის - გავიფიქრე. ნუთუ მხოლოდ საათის ისრების საშუალებით შეუძლიათ ადამიანებს დარწმუნდნენ რომ ისინი არსებობენ ? ამქვეყნად აუცილებლად უნდა არსებობდეს ამგვარი თვითშემოწმების სხვა საშუალებები.
  • ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის რომ საკმარისია ჩემს სულში მივაგნო თუნდაც სულ ერთი ციცქნა ნაკლს , რომ ის მაშინვე იწყებს გაზრდას. 
  • ნებისმიერ ქალს აუცილებლად აქვს რაღაც ლამაზი: კარადა, უჯრა, კოლოფი, რომელიც პირამდეა სავსე გაურკვეველი დანიშნულების ხარხაურით. საოცრად მიყვარს ეს ყველაფერი, რადგან იმ ხარახურაში შეძლება ერთიმეორეს მიყოლებით ამოქექო მიმზიდველი რაღაც რაღაცები, მტვერი გადააცალო და შეეცადო გამოიცნო მათი ჭეშმარიტი დანიშნულება. ჰოდა, ეს მინდოდა მეთქვა: სექსუალურობას ასეთივე მიმზიდვეობა აქვს, მე ის ჩემში აღმოვჩინე.
  •  კარგი ისაა (და ეს მართლაც კარგია)ჩემს ახლანდელ ცხოვრებში არაფერი არ არის ისეთი რისი თავიდან მოშორებაც შეიძლება მინდოდეს. შესანიშნავი გრძონაა. თუ რამის გადაგდება შეიჩლება ჩემი ახლანდელი ცხოვრებიდან ისევ საკუთარი თავისა.
  • რა სიჩქარითაც არ უნდა იმოძაროს მატარებელმა მოწყენილობას მაინც ვერსად გაექცევი. პირიქით რაც უფრო მეტია სიჩქარე , მით უფრო ღრმად ეფლობა სული მოწყენილობის ჭაობში. სწორედ ეს არის მოწყენილობის მთავარი პრინციპი.
  • ტყუილად ამბობენ წლები აბრძენებს კაცსო.როგორც ერთმა რუსმა მწერალმა თქვა -წლები მხოლოდ ხასიათს ცვლის. ადამიანის გონებაშეზღუდულობა კი სიკვდილამდე უცვლელია. ხანსახან რუსები გონივრულ რაღაცას იტყვიან ხოლმე.



No comments: