Tuesday, January 29, 2013

მექანიკური ფორთოხალი


ენტონი ბერჯესის მომცრო რომანი „მექანიკური ფორთოხალი“– ერთი სადისტი მელომანის ამბავია, რომელიც არანაკლებ სადისტური მეცნიერულ ექსპერიმენტის მსხვერპლი ხდება.

 ალეკსი საოცარი პერსონაჟია, მის მიმართ ნაწარმოების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა გრძნობა გეუფლება. ჯერ ბოროტებას უწუნებ, რა თქმა უნდა დაუწუნებ, ის ხომ თავის ბანდასთან ერთად კლავს, ძარცვავს, აუპატიურებს, იპარავს, ურტყამს... მოკლედ სინანულს ელი მისგან, აღიარებას და აღსარებას.... თუმცა არც ერთი სიტყვა ამაზე. მის გამოსწორებაზე ოცნებობ, მაგრამ მალევე ისეთი გენატრება, როგორიც პირველად გაიცანი, როგორის შეცვლასაც ოცნებობდი. 

პირველ ნაწილში ალეკსის და მისი ბანდის ღამის ცხოვრებაა აღწერილი, მათი სადისტური თავგადასავლები, რომელიც მკითხველს არწმუნებს, რომ ალეკსი ბოროტებით „გაჟღენთილი“ ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც არ გტოვებს იმედი, მისი გამოსწორების, თუნდაც კლასიკური მუსიკის სიყვარული, ალეკსის მუსიკისადმი სიყავარული მართლაც განსხვავებულია, თითქოს მხოლოდ ეს გვაძლევს იმის იმედს რომ ალეკსი გამოსწორდება, მოინანიებს ...

მთელ ტექსტს მე9 სიმფონია გასდევს, როგორც ალეკსი იტყოდა ხოლმე დიადი მე9. თუ ჯერ არ წაგიკითხავთ „მექანიკური ფოროხალი“ გეტყვით, რომ კლასიკური მუსიკის ფონზე, განსაკუთრებით კი მე9ს ფონზე მისი კითხვა ბევრად უფრო ეფექტურია – მუსიკასავით იცველბა ემოციები. 




მეორე ნაწილი ციხეში გრძელდება.

ამ ნაწილში  ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მოძღვარი კაპელანია ლოთი და კარიერისტი მღვდელი, (ბერჯესის გმირები არ არიან „დადებითები“,  მწერალი, თავის იდეებს ყოველთვის ასეთ გმირებში ფანტავს ხოლმე, ალბათ ესეც ლიტერატურული ფანდია) თუმცა ალეკსი უსმენს მას და სახარებასაც კითხულობს, წირვებსაც კი აფორმებს მუსიკალურად....   

ერთხელ ალეკსმა სიტყვა გადაუკრა კაპელანს ლუდოვიკოს მეთოდის შესახებ, ეს სწორედ ის მეთოდია რომლითაც ადამიანის ქვეცნობიერს შეცვლიან, ბოროტ არსებას ლამის ფრთიან ანგელოზად რომ აქცევენ. კაპელანი არ იყო ამ მეთოდის მომხრე „იმიტომ,  რომ ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ. კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!“.

ალეკსი დათანხმდა ექსპერიმენტზე.

„რთულზე რთული ზნეობრივი საკითხია, ამბობს კაპელანი – კარგს ამაში ვერაფერს ვხედავ : ძალად კეთილი გაგხადონ– არ იქნება ეს ადვილი ასატანი საქმე. ადვილი კი არა, გაუსაძლისი იქნება... განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ თუ შეგნებულად ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნებ ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან, ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყუნებენ?“




ჰა, ვშვებით რამეს? კი, მესამე ნაწილში ვიწყებთ  ალეკსის მკურნალობას, გაკეთილშობილებას, „როცა ბოროტების ყოველგვარი გამოვლინება, თუნდაც რომ ფიქრად გავლებული, წამსვე უარყოფით რეაქციას გამოიწვევს და ამისთვის არავითარი ინექციები აღარ იქნება საჭირო, აი მაშინ ჩავთვლით საქმეს მოგვარებულადო“, ეუბნება ექიმი და ალეკსსაც აინტერესებს, სულ ესე დასაქოქი ფორთოხალივით უნდა იაროს სხვის ჭკუაზე? 

მოკლედ აქ ხდება რაც ხდება, ალეკსი უგრძნობი გახადეს, არავითარი რეაქცია ბოროტებაზე, ქმედებაზე ლაპარაკიც ზედმეტია... მუსიკა შეაძულეს, მე9ს გაგონებაც არ სურდა(ამაზე ყველაზე მეტად დამწყდა გული, "ყველა თავის სიყვარულს კლავსო" და მუსიკაც მოაკვლევინეს). თან ეს ექსპერიმენტი წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად გამოიყენეს. აი როგორ  ზრუნავს სისტემა ახალგაზრდებზე!! (კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა გძლდეს პოლიტიკა)

ლუდოვიკოდან „ჯამრთელად“ გამოსული ალეკსი საკუთარ სახლშიც ვეღარ რჩება, მისი ოთახი გაქირავებულია და მისი ნივთები გამქრალი, მშობლებს ვერ აჯერებს რომ ბოროტების ჩადენა უბრალოდ აღარ შეუძლია... (აქ მეცოდება ალეკსი ყველაზე მეტად.) სახლიდან წამოსულს კი ძველი მეგობრები, უფრო სწორად ერთი მისი ძმაკაცი, ბნელო და თავისი „სასტავის“ მტერი სასტიკად სცემენ, ბიჭები უკვე პოლიციელები გამხდარან.

 საბოლოოდ ალეკსი იმ მწერლის სახლში აღმოჩნდება რომელსაც ერთხელ ღამით შეუვარდა და „მექანიკური ფორთოხლის“ ფურცლები დაუხია, ცოლს „შეურაცხყოფა“ მოაყენა და მოკლედ რა.... ოღონდ მაშინ ნიღბით იყო. ახლა კი სისტემის მხსვერპლი, საცოდავი ბიჭია.

“ყოველგვარი სასჯელი ჩადენილი დანაშაულის საზღაური უნდა იყოს შენ კი ათმაგად გაზღვევინეს პიროვნების მაგივრად რაღაც უნებო არსებად გაქციეს და საკუთარი არჩევანი აღარ გაგაჩნია,” ვითომ ეხმარება, სინამდვილეში ისიც თავისი ინტერესებისთვის იყენებს.

სისტემის ოპოზიცია.  (ისევ პოლიტიკა).

ალეკსს ლამის თავს აკვლევინებენ, მალე არჩევნებია და იმის დამტკიცება უნდათ რა საშინელია სისტემა, როგორ აუბედურებს ახალგაზრდებს, როგორ იქექებიან სხვის ქვეცნობიერში. ახლა ალეკსი „სხვა სისტემის“ მსხვერპლი ხდება. მოკლედ ყველა თავისთვის იყენებს ალეკსის ჯერ სადისტურ  შემდეგ „გასათნოებულ“ ზნეობას. მართლა რა საცოდავია, ისევ მეცოდება...

საბოლოოდ მაინც ღმერთისგან მონიჭებული ბოროტება იმარჯვებს  იძულებით არჩეულ სიკეთეზე.

 მეც ამოვისუნთქე და ბეგბედერი გამახსენდა როცა თქვა „ჯობია იყო უკანასკნელი ახვარი, მაგრამ თავისუფალი, ვიდრე პატიოსანი მონა.“ ამ შემთხვევაში სიკეთის მონა. როცა ისევ წარმოთქვა ალეკსმა "დიადი მე9", ისევ ამოვისუნთქე. 

 კაპელანი მართალი აღმოჩნდა. ექსპერიმენტმა არ გაამართლა.

ალეკსი გამოჯანმრეთელდა

არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო კუბრიკის ფილმი იგივე სახელწოდებით, რომელმაც რომანის პოპულარიზაციაზეც იმოქმედა, ფილმი ერთი–ერთში წიგნია, კითხვისას ყოველი სცენა თვალწინაა... საუკეთესო ეკრანიზაცია !

სტენლი კუბრიკი და მალკოლმ მაკდაუელი

No comments: