Saturday, June 15, 2013

ღია ფანჯარა


გათენდა ერთი ჩვეულებრივი ორშაბათი დღე. ის კიდევ ერთ სიცოცხლეს თმობს კიდევ ერთ ხუთ წუთში, რომელსაც ძილში გაატარებს. რამოდენიმე 5 წუთის შემდეგ  საკუთარ თავს აიძულებს, წამოდგეს და მოემზადოს ძალზედ მონოტონური და უაზრო დღის დასაწყებად. ჯერ მაინც ვერ ახერხებს წამოდგომას, უყურებს თეთრ ჭერს, რომელზეც პაზლივით აწყობს  სიზმარს, ეს სიზმარი რაღაცით განსხვავებული და ამავდროულად სხვა სიზმრების იდენტური ეჩვენება:
 „სახლი. ორსართულიანი თუ სამსართულიანი. ხეები. ზამთარი თუ ზაფხული? თუ არც ერთი? ან ორივე ერთად. სახლი მდინარის ნაპირზე, არა ტბის ნაპირზე. არა არც მდინარე, არც ტბა, ეს სტიქია საერთოდ ამოაგდო. არც გზა, არც ყვავილები, არც კუნძული რომელსაც ასე ხშირად ხედავს.“ მოკლედ, როგორც ყოველთვის, ბოლომდე ვერ იხსენებს და სხვა რამეზე იწყებს ფიქრს. რა თქმა უნდა, სხვა რამეზე. ფიქრობს იმაზე, თუ ყოფილა ისე, რომ არაფერზე ეფიქრა. საერთოდ არაფერზე. აი ახლა  ცდილობს, არაფერზე იფიქროს, მაგრამ არ გამოსდის, რადგან ფიქრობს იმაზე რომ არაფერზე იფიქროს.
შეძლებს კი ოდესმე არაფერზე იფიქროს?
მცირე საუზმის შემდეგ, ის (როგორც ყოველთვის) მიდის ფანჯარასთან და ათვალიერებს ეზოს, სადაც ძირითადად სნობიზმის ქურუმები ირონიულად იცინიან უაზრო ისტორიებზე. ის კითხვით სავსე, თაფლისფერი თვალებით მისჩრებოდა ხან ერთ, ხან მეორე მოსაუბრეს.
მოძალებული გაზაფხულის სურნელი და სილამაზე ქვაფენილებზე, თხელ, უფერო სივრცედ მოჩანდა. შორს, თითქოს ვარსკვლავთა მტევნებით დამძიმებული ხეები უჩვეულო ხმაურში აქეთ იქით ირხეოდა. უეცრად მისი ყურადღება ერთმა გოგონამ მიიპყრო, რომელიც სკოლისკენ მიდიოდა აუჩქარებელი, ბუნებრივი მოძრაობით. ეცვა გრძელი, მინდვირისყვავილებიანი კაბა, რომელიც მის გამხდარ, სრულყოფილ სხეულს დამატებით შარმსა და ბუნებრიობას ჰმატებდა. ამ გოგონას დანახვისას ბიჭმა იფიქრა, არ არსებობს სხვა, ვინც მასზე კარგად მოიხდენს გაზაფხულის ფერადი ნისლის მშვენიერ კაბას. ამ დღის შემდეგ, ყოველ დილით სევდით სავსე თვალებით „მიაცილებდა“ მას სკოლამდე. ყოველ დილას 8-ზე დგებოდა და, იმედით სავსე, ელოდებოდა გოგონას გამოჩენას.
რამდენიმე დღის შემდეგ გოგონამ შენიშნა სევდიანი მზერა, რომელიც თითქოს მხოლოდ მისთვის არსებობდა და ყოველ დილით სკოლამდე „მიაცილებდა“. ისიც ფანჯრისკენ აპარებდა ჯიუტ მზერას ყოველ დილით.
მეორე დილით, როდესაც ბიჭი ისევ პაზლივით აწყობდა სიზმარს თეთრ ჭერზე მიხვდა, რომ მასში დაიბადა რაღაც განსაკუთრებული მიზანი, რომელიც სიყვარულის აფეთქებას წარმოადგენდა. მისი მიზანი - ყოველ დღე სკოლამდე მიეცილებინა გოგონა, იქცა რუტუნული ცხოვრების არამონოტონურ ნაპერწკლად, რომელიც მის დღეს აფერადებდა ნათელი, მკაფიო ფერებით. გულში დიდი სიხარული და თან დიდი მწუხარება იგრძნო, ახედა თეთრ ჭერს, დაინახა რაღაც სენტიმენტალური განწყობა, რომელიც ჭერის ბლაგვი კუთხიდან ჟონავდა და ანადგურებდა სიზმრებს, ოცნებებს და საერთოდ ყველაფერს რაც მისთვის ოცნებისა და ამავდროულად დიდი ტკივილის მომნიჭებელ ძალას წარმოადგენდა.
იმ დილას, როდესაც გოგონა გამოჩნდა, ბიჭმა შენიშნა მის ხელში მოზრდილი ფურცელი. როდესაც გოგონა მიუახლოვდა მის ფანჯარას, ბავშვური ღიმილით შეხედა ფანჯარას და ფურცელი დაანახა ბიჭს. ფურცელზე ეწერა „Good morning! :))“. ბიჭი ცოტა დაიბნა, მაგრამ გულში ზღვარგადასული სიხარული იგრძნო, თითქოს რაღაც ახალი, სრულყოფილი და ბუნებრივი სიხარული, რომელიც აქამდე არ განეცადა. გახაებული მზერით „მიაცილა“ სკოლამდე გოგონა და მთელი დღე ამ წუთებზე ფიქრში გაატარა. ეს წუთები მისთვის ყველზე ლამაზი და სასიცოცხლო მნიშვნელობის არამონოტონური მომენტი იყო.
ამის შემდეგ, ყოველ დილით, ბიჭს ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა „Good morning! :)).“ ამ მისთვის ძვრიფასი სიტყვებითა და დიდი სუხარულით  „მიაცილებდა“ მას სკოლამდე. გოგონაც ბუნებრივი და თითქოს ბავშვური გულუბრყვილობით იღიმოდა და სკოლისკენ გახარებული მიდიოდა. ასე გრძელდებოდა მხიარული, თუმცა ბიჭისთვის ტკივლისმომგვრელი „კომუნიკაცია ფანჯრიდან.“
ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ბიჭმა გოგონას დილა მშვიდობისა უსურვა გოგონამ მაღლა ასწია ფურცელი, რომელზეც ეწერა „Do u want to meet?“ ამ სიტყვების დანახვისას ბიჭმა დიდი სიხარული და ამავდროულად დიდი ტკვილი იგრძნო. მისი სურვილი მის შესაძლებლობას ბევრად აღემატებოდა. ფანჯარა დახურა და თეთრ ჭერს დაუწყო ყურება. ის მართლაც უბედური იყო. ასეთი მწუხარება არასდროს განეცადა. თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო.
მეორე დღეს გოგონამ დაინახა ფანჯარა, მაგრამ იქიდან მხოლოდ ოთახში გამომწყვდეული გულისტკივლი და სევდა მოჩანდა. გოგონამ ვერ მოითმინდა და ოთახში შესვლა გადაწყვიტა. როდესაც სახელურის ნაცვლად დამაგრებულ რკინის ნაჭერს მისწვდა, კარს უკან დასადგურებულმა სიჩუმემ გააოცა. ოთახში შესვლისას, მოპირდაპირე კედელზე დიდი შრიფტით დაწერილი „Good morning! :))“ დაინახა და თვალის უპეზე მომდგარ კაეშანს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. მაგიდაზე დაინახა ორადმოკეცილი თაბახის ფურცელი. თვალები შეიმშრალა და სწრაფად დაიწყო კითხვა: „მე წავედი, არ გეწყინოს, წავედი რადგან არ შემიძლია დარჩენა. მე არ შემიძლია, შეგხვდე. მაპატიე, აქამდე რომ ვერ მოვედი შენთან. ფანჯარას ღიას ვტოვებ, რომ მიხვდე _ ამ ფანჯრიდან გაიპარა ჩემი სული, მარტოობიდან მარტოობისკენ.
P.S. I love U“
            გოგონა ცოტა დააბნია ამ წერილმა, ოთახში მიმოიხედა და ინვალიდის ეტლი დაინახა. ყველაფერს მიხვდა. იგრძნო დიდი ტკივილი, რომელმაც მთელ ტანში დაუარა და სადღც მტკივნეულად გაჩერდა და ისევ ცრემლგარეული, ხმამაღალი, ნაზი ხმით ატირდა. რამდენიმე წუთის შემდეგ წერილს მინაწერი გაუკეთა. „მეც წავალ, რადგან შენ აქ აღარ ხარ. ჩემს ფანჯარასაც ღიას დავტოვებ, შემოდი როცა მოგენატრები. მე აუცილებლად მივხვდები, როდის იქნები ჩემთან...
P.S. I love U“




სიუჟეტის ავტორი - ქეთი უბილავა
მოთხრობის ავტორი - ზურა გურგენიშვილი
15.06.2013

2 comments:

Unknown said...

kargi gamovida :))

Anonymous said...

hoo,dzalian momwons :))