Saturday, June 6, 2015

მოწინააღმდეგე გუნდებისთვის მუდამ საყვარელია ის, ვინც არასოდეს იმარჯვებს

2002 წელს უკვე აღარ ვგულშემატკივრობდი "წითლებს", "თეთრებს", "ლურჯებს", "ყვითლებს", "ზოლიანებს".... უკვე მყავდა 2 ფავორიტი ნაკრები და 3 საყვარელი ფეხბურთელი, უკვე მზად ვიყავი მამაჩემის გვერდით მოვკალათებულიყავი და გააზრებულად მეყურებინა ყველაზე საოცარი სპორტული სანახაობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ასე დაიწყო ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა, რაც დრო გადიოდა მით უკეთ ვხვდებოდი თუ რას ნიშნავს იყო გულშემატკივარი. მაგრამ რა თქმა უნდა არ ვიცოდი რას ნიშნავს იყო ფეხბურთელი, ყოველთვის მაინტერესბდა რას გრძნობენ ფეხბურთელები როცა ბურთთან მარტო რჩებიან და მოწინააღმდეგის კარში პენალტს ურტყამენ. ეს ყველაზე დრამატული წუთია მთელს თამაშში.  ამ დროს ემოციური ომი მიმდინარეობს მოედანზე, ტრიბუნებზე, ტელეეკრანებთან, ყველგან, სადაც უყურებენ თამაშსს, სადაც გრძნობენ ფეხბურთს. კიდევ უფრო დიდი ემოციური ომია მაშინ...

როცა მატჩის ბედი პენალტებით წყდება (ერთი - რამდენიმე მილიონის წინააღმდეგ), როცა მეკარე იძულებულია მთელ ერს გადაეფაროს, ამაში არის რაღაც სადისტური. 
ესაა რიტუალი, როცა მასა ელოდება, რა მოხდება, როცა სწორედ შენ გელოდება ყველა. ორივე გუნდი ერთად დგება მოედნის ცენტრში და მხოლოდ ის, ვინც უნდა დაარტყას, კარისკენ მიდის. სულ რაღაც ორმოცდაათი მეტრია გასავლელი, შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ ეს არის საშინელი სვლა საკუთარ შიშებს შორის. მხოლოდ ერთი ანალოგი აქვს: სიკვდილმისჯილის გასავლელი გზა, როცა უკანასკნელად ხედავს მწვანე ბალახს. შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ ასეა.

აი ასე აღწერა ჩემთვის ყველაზე საინტერესო წუთი ანდრეა პირლომ თავის წიგნში "ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ". ეს იყო საგნისა და ადამიანის უცნაური მეგობრობის ამბავი. ეს იყო ძალიან საინტერესო წიგნი ემოციური თვალსაზრისით, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვიტყვი, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავს იყო ფეხბურთელი, რას ნიშნავს იყო პატრიოტი, რას ნიშნავს იყო იუვენტუსის ფანი. 

წარმოუდგენელია იმის გაგება, თუ როგორ გადაედება ხოლმე შენი განცდები მილიონობით ადამიანს. იმავე წამს, იმავე მიზეზით, მსოფლიოს სხვადასხვაქალაქში... და ყველას ერთნაირად დაუვლის ჟრუანტელი, მათაც კი, რომელთაც სულ რამდენიმე წამის წინ სჯეროდათ, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ საიმისოდ, რომ ერთნაირი განცდა ჰქონოდათ. ეს არის ყველაზე უფრო ნამდვილი ემოცია, რაც შეიძლება ადამიანს დაეუფლოს.

რამდენიმე საათში ფინალი დაიწყება და იუვენტუსის ყველა გულშემატკივარს სასიამოვნო ემოციებით სავსე თამაშს ვუსურვებ. თუ მაინც ისე მოხდა, როგორც უმრავლესობა მიიჩვენს  ხომ იცით, მოწინააღმდეგე გუნდებისთვის მუდამ საყვარელია ის, ვინც არასოდეს იმარჯვებს.





No comments: