Thursday, May 28, 2015

სიბრმავე


ერთ მშვენიერ დღეს პირველი უსინათლო გზაჯვარედინზე დაბრმავდა და ეს დღე სულაც არ აღმოჩნდა მისთვის მშვენიერი. ის პირველი იყო რომელსაც თეთრი ბინდი გადაეკრა თვალებზე, რაც მალე მთელ ქალაქს გადაედო. უცნობი ეპიდემიის მსხევრპლი ადამიანები სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში განათავსეს, სადაც დაიწყო ის, რაც ადამაინს ყველაზე მეტად არ უხდება - სისასტიკე.

თვითგადარჩენის ინსტინქტმა, ამპარტავნებამ, მოპოვებულმა ძალაუფლებამ ადამიანთა დიდი ნაწილი სულიერად გათელა, "გააცხოველა", საზიზღარ არსებად აქცია. გაქრა მორალური პრინციპები, სიყვარული, თანადგომა, ნდობა და ამ სრულ ანარქიას ერთი წყვილი თვალი ადევნებდა თვალს, ის თვალები რომლებიც გვიყვებიან წიგნის სიუჟეტს, გადმოგვცემენ იმ ტკივილს, რასაც განიცდიან უსინათლოები და ერთადერთი თვალხილული, რომლისთვისაც საშინლად რთულია ამ ყველაფრის ყურება.

ჩემთვისაც საშინლად რთული იყო ამ ყველაფრის წაკითხვა, დიდი ხანია წიგნს ასე არ ჩავუთრევივარ, ისეთი წიგნია ბოლო გვერდის დასრულებისას ტაში რომ უნდა შემოჰკრა.

სარამაგუს რაც შეეხება საინტერესო მწერალია, წერს გაწელილი და რთული წინადადებებით, არეული სასვენი ნიშნებით, დიალოგები არასდროსაა გამოყოფილი, არც კითხვის ნიშნები არსებობს. არც სახელები, დიახ, არც სახელები, არც ერთ პერსონაჟს არ აქვს სახელი, მაგრამ მათი ერთმანეთისგან გარჩევა არ არის რთული. პერსონაჟთა უსახელბას ჰარუკი მურაკამთან მივეჩვიე და დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის ეს ფაქტი, პირიქით, უკეთესიცაა როცა ყველა პერსონაჟს მისთვის დამახასითებელი ეპითეტით მოიხსენიებ: თვალის ექიმი, ექიმის ცოლი, პირველი უსინათლო, პირველი უსინათლოს ცოლი, შავსათვალიანი ქალიშვილი, ელამი ბიჭუნა, შავსახვევიანი მოხუცი. სწორედ ესენი არიან მთავარი პერსონაჟები, რომლებიც 4 წლის შემდეგ "დანახვაშიც" ჩნდებიან. ("დანახვა" "სიბრმავის" გაგრძელებაა, სადაც ადამიანები აღარ იხსენებს წარსულს, თუმცა ვეღარ ცხოვრობენ ძველებურად და იწყება უცნაური დაპირისპირება "ბრმებსა" და "მხედველებს" შორის.)

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ "სიბრმავე" აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. იმიტომ მაინც უნდა წაიკითხოთ, რომ ჟოზე სარამაგუ დიდი მწერალია, პირველი პორტუგალიელი ნობელიანტი, რომელმაც სამართლიანად დაამარცხა 1998 წელს მთავარი კონკურენტი - ოთარ ჭილაძე.

კინაღამ დამავიწყდა, ამ წიგნზე ფილმიც გადაიღეს, მაგრამ ასეთი ფილმის გადაღებას ჰქონდა თუ არა აზრი ეს უკვე თავად განსაჯეთ.


"ნათქვამია, სიბრმავე არ არსებობს, მხოლოდ ბრმები არსებობენო, თუმცა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის სწორედ იმას, რომ ბრმები არ არსებობენ, მხოლოდ სხვადასხვა სახის სიბრმავე არსებობს" 







No comments: