Monday, October 26, 2015

მეტამორფოზა

ფრანც კაფკა რეჟისორად რომ დაბადებულიყო ის აუცილებლად კრისტოფერ ნოლანი იქნებოდა.


როცა კრისტოფერ ნოლანის ეს 3 წუთიანი ფილმი ვნახე მაშინვე კაფკას "მეტამორფოზა" გამახსენდა მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კაფკა წაკითხული არ მქონდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მართლა წავიკითხე "მეტამორფოზა", დავრწმუნდი, რომ ეს ფილმი ნამდვილად Kafkaesque ჟანრის ერთ-ერთი შედევრია.


"ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშნელ მწერად ქცეულიყო."

სწორედ ასე იწყება "მეტამორფოზა", ჩვეულებრივი კლერკი ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც მისთვის  სულაც არ აღმოჩნდა მშვენიერი საშინელ მწერად გარდაიქმნა და სწორად ამ წუთიდან გარდაიქმნა მისი ადამიანური ცხოვრება არაადამიანურ ცხოვრებად. გრეგორი ვეღარ მუშაობს, ვეღარ ჭამს, ვეღარ მოძრაობს და ყველაზე მთვარი - ის აღარაა ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
თითქოს არავის აინტერესებს რატომ დაემართა გრეგორის ეს? როგორ დაემართა? როგორ აიხსნება ეს ფიზიკური მეტამორფოზა? მოთხრობაში ამ კითხვებზე პასუხს ვერ ვიპოვით, არც არის საჭირო ვიპოვოთ, ეს ხომ აბსურდია, მაგრამ აბსურდი ყველაზე რთული გასაგებია.

გრეგორი საშინელ სულიერ ტკივილს განიცდის, იმედგაცრუებას, სირცხვილს, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ ერთხელაც გამოჯანმრთელდება და ისევ გახდება ოჯახის მარჩენალი. თუმცა ასე არ ხდება. პირიქით, ჩნდება ადამიანური მანკიერებების მთელი კასკადი, ოჯახის წევრებს შორის იღვიძებს უსაზღვრო გულგრილობა, სისასტიკე, ზიზღი. ისინი ცდილობენ დამალონ ეს ტრაგედია და მალავენ გეგორისაც, იმის მაგივრად რომ მხარში დაუდგნენ ყოფილ ადამიანს, მის სიკვდილს ნატრობენ. გერგორისაც უჭირს საკუთარი იდენტობის გააზრება, მწერსა და ადამიანს შორისაა დაკარგული.
საბოლოოდ გრეგორი კვდება და მოთხრობა (un) happy end- ით მთავრდება.

მეტამორფოზამ დიდი გავლენა მოახდონა მე-20 საუკუნის მწერლობაზე. დიდი სევდა და სიბრალული გამოიწვია მკითხველში და შეძლო, ნაწილობრივ მაინც გაეღვიძებინა იმ დროისთვის მიძინებული ადამიანობა. თუმცა არც დღესაა ადამიანობა ფხიზლად, ამიტომ პლაჟზე კაფკასთან და ხსნად კაფკასთან ერთად აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ფრანც კაფკას.


Franz Kafka Says the Insect in The Metamorphosis Should Never Be Drawn; Vladimir Nabokov Draws It Anyway
nabokov_on_kafka


Thursday, July 23, 2015

ყვავილები ჩემთვის არა, ელჯერნონისთვის

ჩარლის ყოველთვის უნდოდა ჭკვიანი ყოფილიყო, ჰაიმიზე ჭკვიანიც... უნდოდა დედას ეამაყა მისით, უნდოდა რომ როცა სტუმრები მოვიდოდნენ სარდაფში არ დაემალათ, უნდოდა რომ მის დას ჰყვარებოდა, უნდოდა სითბო და სიყვარული... ეგონა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მისი უჭკუობა იყო.

ჩარლის "გაუმართლა" და მეცნიერული ექსპერიმენტისთვის შეარჩიეს, მას ისეთ ექსპერიმენტს ჩაუტარებენ, როგორიც თაგვ ელჯერნონს ჩაუტარეს - ინტელექტს ხელოვნურად გაუზრდიან, თუმცა მეცნიერებითვის უცნობია მომატებული ინტელექტი მუდმივად შენარჩუნდება თუ მხოლოდ დროებით.

ჩარლი ერთგვარ დღიურს აწარმოებს, "მიღწეული შედეგების ანგარიშს", საიდანაც ვაკვირდებით ჩარლის განვითრებას, ინტელექტის ზრდას, ემოციურ ცვალებადობას, საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობის  პროცესს.

როცა ჩარლი დაჭკვიანდა მიხვდა, რომ ადამიანები რომლებიც მეგობრები ეგონა თურმე დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ, მიხვდა რომ ექიმები სულაც არ არიან გენიოსები და ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც შეცდომებსაც უშვებენ.
ჩარლი მიხვდა თუ რა არის სიყვარული, უფრო სწორად იგრძნო.

მალე ელჯერნონი მოკვდა.
ექპერიმენტმა არ გაამართლა.
მომატებული ინტელექტი მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა, როცა ელჯერნონი მოკვდა ჩარლის ინტელექტი პიკს აღწევდა და უკვე თვითონ შეეძლო სამეცნიერო კვლევა გაერგრძელებინა.
სანამ ჩარლი ისევ ძველი ჩარლი გახდებოდა მან მიაგნო ექსპერიმენტის წარუმატებლობის მიზეზს, რაც შემდეგ სხვების სასარგებლოდ უნდა გამოყენებულიყო.

“ხელოვნურად მომატებული ინტელექტი, შემდეგ მცირდება სიჩქარით, რომელიც მისი მომატების ხარისხის პირდაპირპროპორციულია”.


ამის შემდეგ იწყება ჩარლის გონებრივი რეგრესი და წიგნის ყველაზე ემოციური ნაწილი. ჩარლი ყველანაირად ცდილობს ცოდნის შენარჩუნებას, მაგრამ ის ისეთივე ხდება, როგორიც გავიცანით, თუმცა მაინც ბედნიერია:
"მიხარია რო ცხოვრებაში მეორე შანსი მომეცა და ჭკვიანი გავხდი, ბევრი რაღაცეები ვისწავლე საერთოთ რო არვიცოდი რო არსეფობს და მადლიერი ვარ რო ეს ყველაფერი ვნახე თუნდაც ცოტა ხნიდ. 
თუგინდათ დავნაძლევდეთ, ერთადერთი სულელი ადამინი ვარ ვინც მეცნიერებისთვის მნიწვნელოვანი რაღაცა იპოვა. რაღაცა გავაკეთე, მარა არ მახსოვს რა. მემგონი ჩემნაირი ხალხისთვის გავაკეთე მთელ მსოფლიოში რო არიან."

ჩარლიმ ალეკსი გამახსენა.
ალბათ მიხვდით რომელი ალეკსიც, მექანიკური ფორთოხლის მთავარი გმირი, მასზეც ექსპერიმენტი ჩაატარეს, ხელოვნური ჩარევით უნდოდათ მისი ქვეცნობიერის შეცვლა, უნდოდათ მასში ბოროტი ადამიანი მოეკლათ და კეთილ პიროვნებად ჩამოეყალიბებინათ, თუმცა ექსპერიმენტმა არც მაშინ გაამართლა. როგორც კაპელანმა თქვა  "ადამიანის ბუნებას ვერავითარი მეთოდებით ვერ გააუმჯობესებ. კეთილიცა და ბოროტიც შინაგანი ამბავია და ღვთისშვილს არჩევანის უფლება თუ არ აქვს, იმას ადამიანიც აღარ ეთქმის!“.

ერთმა ექთანმა ელჯერნონს უთხრა, "არააქვთ უფლება ჭკვიანი გაგხადონ, ღმერთს რომ ნდომებოდა ჭკვიანი გაჩნდებოდი, მე ჩემს ტვინში ქექვის უფლებას არაფრისდიდებით არ მივცემდი არავის."

აქამდე ვფიქრობდი, რომ ადამიანის ტვინში, ქვეცნობიერში, სულში ქექვა არ არის ჰუმანური, ახლაც ასე ვფიქრობ, უბრალოდ ამ წიგნში მოთხრობილი ისტორია კი არ წავიკითხე, არამედ შევიგრძენი და მივხვდი, რომ  ეს არის ყველაზე ემოციური ფანსატიკა, ისეთივე კეთილი, როგორიც ჩარლი.

მოკლედ, "ელჯერნონ-გორდონის ეფექტმა" ჩემზე დიდი ეფექტი მოახდინა და ჯერ-კიდევ აცრემლიანებული თვალებით ვაპირებ Jeff Bleckner-ის ფილმის, Flowers for Algernon-ის ყურებას. იმედი მაქვს ფილმიც ისეთივე შთაბეჭდილებას დატოვებს, როგორიც წიგნმა დატოვა.

P.S. თუშეძლეფთ ყვავილები დააშყეთ ელჯერნონის საფლავზე უკანაეზოწი.





Saturday, June 6, 2015

მოწინააღმდეგე გუნდებისთვის მუდამ საყვარელია ის, ვინც არასოდეს იმარჯვებს

2002 წელს უკვე აღარ ვგულშემატკივრობდი "წითლებს", "თეთრებს", "ლურჯებს", "ყვითლებს", "ზოლიანებს".... უკვე მყავდა 2 ფავორიტი ნაკრები და 3 საყვარელი ფეხბურთელი, უკვე მზად ვიყავი მამაჩემის გვერდით მოვკალათებულიყავი და გააზრებულად მეყურებინა ყველაზე საოცარი სპორტული სანახაობისთვის - მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

ასე დაიწყო ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობა, რაც დრო გადიოდა მით უკეთ ვხვდებოდი თუ რას ნიშნავს იყო გულშემატკივარი. მაგრამ რა თქმა უნდა არ ვიცოდი რას ნიშნავს იყო ფეხბურთელი, ყოველთვის მაინტერესბდა რას გრძნობენ ფეხბურთელები როცა ბურთთან მარტო რჩებიან და მოწინააღმდეგის კარში პენალტს ურტყამენ. ეს ყველაზე დრამატული წუთია მთელს თამაშში.  ამ დროს ემოციური ომი მიმდინარეობს მოედანზე, ტრიბუნებზე, ტელეეკრანებთან, ყველგან, სადაც უყურებენ თამაშსს, სადაც გრძნობენ ფეხბურთს. კიდევ უფრო დიდი ემოციური ომია მაშინ...

როცა მატჩის ბედი პენალტებით წყდება (ერთი - რამდენიმე მილიონის წინააღმდეგ), როცა მეკარე იძულებულია მთელ ერს გადაეფაროს, ამაში არის რაღაც სადისტური. 
ესაა რიტუალი, როცა მასა ელოდება, რა მოხდება, როცა სწორედ შენ გელოდება ყველა. ორივე გუნდი ერთად დგება მოედნის ცენტრში და მხოლოდ ის, ვინც უნდა დაარტყას, კარისკენ მიდის. სულ რაღაც ორმოცდაათი მეტრია გასავლელი, შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ ეს არის საშინელი სვლა საკუთარ შიშებს შორის. მხოლოდ ერთი ანალოგი აქვს: სიკვდილმისჯილის გასავლელი გზა, როცა უკანასკნელად ხედავს მწვანე ბალახს. შეიძლება უხეში შედარებაა, მაგრამ ასეა.

აი ასე აღწერა ჩემთვის ყველაზე საინტერესო წუთი ანდრეა პირლომ თავის წიგნში "ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ". ეს იყო საგნისა და ადამიანის უცნაური მეგობრობის ამბავი. ეს იყო ძალიან საინტერესო წიგნი ემოციური თვალსაზრისით, ბევრი რომ არ გავაგრძელო ვიტყვი, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავს იყო ფეხბურთელი, რას ნიშნავს იყო პატრიოტი, რას ნიშნავს იყო იუვენტუსის ფანი. 

წარმოუდგენელია იმის გაგება, თუ როგორ გადაედება ხოლმე შენი განცდები მილიონობით ადამიანს. იმავე წამს, იმავე მიზეზით, მსოფლიოს სხვადასხვაქალაქში... და ყველას ერთნაირად დაუვლის ჟრუანტელი, მათაც კი, რომელთაც სულ რამდენიმე წამის წინ სჯეროდათ, რომ ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ საიმისოდ, რომ ერთნაირი განცდა ჰქონოდათ. ეს არის ყველაზე უფრო ნამდვილი ემოცია, რაც შეიძლება ადამიანს დაეუფლოს.

რამდენიმე საათში ფინალი დაიწყება და იუვენტუსის ყველა გულშემატკივარს სასიამოვნო ემოციებით სავსე თამაშს ვუსურვებ. თუ მაინც ისე მოხდა, როგორც უმრავლესობა მიიჩვენს  ხომ იცით, მოწინააღმდეგე გუნდებისთვის მუდამ საყვარელია ის, ვინც არასოდეს იმარჯვებს.





Thursday, May 28, 2015

სიბრმავე


ერთ მშვენიერ დღეს პირველი უსინათლო გზაჯვარედინზე დაბრმავდა და ეს დღე სულაც არ აღმოჩნდა მისთვის მშვენიერი. ის პირველი იყო რომელსაც თეთრი ბინდი გადაეკრა თვალებზე, რაც მალე მთელ ქალაქს გადაედო. უცნობი ეპიდემიის მსხევრპლი ადამიანები სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში განათავსეს, სადაც დაიწყო ის, რაც ადამაინს ყველაზე მეტად არ უხდება - სისასტიკე.

თვითგადარჩენის ინსტინქტმა, ამპარტავნებამ, მოპოვებულმა ძალაუფლებამ ადამიანთა დიდი ნაწილი სულიერად გათელა, "გააცხოველა", საზიზღარ არსებად აქცია. გაქრა მორალური პრინციპები, სიყვარული, თანადგომა, ნდობა და ამ სრულ ანარქიას ერთი წყვილი თვალი ადევნებდა თვალს, ის თვალები რომლებიც გვიყვებიან წიგნის სიუჟეტს, გადმოგვცემენ იმ ტკივილს, რასაც განიცდიან უსინათლოები და ერთადერთი თვალხილული, რომლისთვისაც საშინლად რთულია ამ ყველაფრის ყურება.

ჩემთვისაც საშინლად რთული იყო ამ ყველაფრის წაკითხვა, დიდი ხანია წიგნს ასე არ ჩავუთრევივარ, ისეთი წიგნია ბოლო გვერდის დასრულებისას ტაში რომ უნდა შემოჰკრა.

სარამაგუს რაც შეეხება საინტერესო მწერალია, წერს გაწელილი და რთული წინადადებებით, არეული სასვენი ნიშნებით, დიალოგები არასდროსაა გამოყოფილი, არც კითხვის ნიშნები არსებობს. არც სახელები, დიახ, არც სახელები, არც ერთ პერსონაჟს არ აქვს სახელი, მაგრამ მათი ერთმანეთისგან გარჩევა არ არის რთული. პერსონაჟთა უსახელბას ჰარუკი მურაკამთან მივეჩვიე და დისკომფორტს საერთოდ არ მიქმნის ეს ფაქტი, პირიქით, უკეთესიცაა როცა ყველა პერსონაჟს მისთვის დამახასითებელი ეპითეტით მოიხსენიებ: თვალის ექიმი, ექიმის ცოლი, პირველი უსინათლო, პირველი უსინათლოს ცოლი, შავსათვალიანი ქალიშვილი, ელამი ბიჭუნა, შავსახვევიანი მოხუცი. სწორედ ესენი არიან მთავარი პერსონაჟები, რომლებიც 4 წლის შემდეგ "დანახვაშიც" ჩნდებიან. ("დანახვა" "სიბრმავის" გაგრძელებაა, სადაც ადამიანები აღარ იხსენებს წარსულს, თუმცა ვეღარ ცხოვრობენ ძველებურად და იწყება უცნაური დაპირისპირება "ბრმებსა" და "მხედველებს" შორის.)

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გეტყვით რომ "სიბრმავე" აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. იმიტომ მაინც უნდა წაიკითხოთ, რომ ჟოზე სარამაგუ დიდი მწერალია, პირველი პორტუგალიელი ნობელიანტი, რომელმაც სამართლიანად დაამარცხა 1998 წელს მთავარი კონკურენტი - ოთარ ჭილაძე.

კინაღამ დამავიწყდა, ამ წიგნზე ფილმიც გადაიღეს, მაგრამ ასეთი ფილმის გადაღებას ჰქონდა თუ არა აზრი ეს უკვე თავად განსაჯეთ.


"ნათქვამია, სიბრმავე არ არსებობს, მხოლოდ ბრმები არსებობენო, თუმცა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება გვასწავლის სწორედ იმას, რომ ბრმები არ არსებობენ, მხოლოდ სხვადასხვა სახის სიბრმავე არსებობს" 







Sunday, April 19, 2015

Love ON-Line

მოლოდინი - როცა მთელი დღე ანათებ იმის იმედით თუ როდის გაანათებს.

გამბედაობა - როცა პირველი მისწერ.

იმედგაცრუება - როცა ნოთიფიკატია ინთება და ეს მორიგი უაზრო თამაშის მოწვევაა.

ნერვიულობა - როცა არ იცი რა უპასუხო და აზრებს ვერ ალაგებ.

ორაზროვნება - როცა პოსტების 90%-ის ადრესატი ისაა.

მოწყენილობა - როცა არ ჩანს და არ იცი რა გააკეთო.

ნოსტალგია - როცა ძველ მესიჯებს კითხულობ.

აღმოჩენა - როცა ძველი მესიჯების კითხვისას ხვდები თუ როგორ გაზრდილხარ.

ცოდნა - როცა ყველა მისი ფოტოს თანმიმდევრობა იცი კომენტარებითურთ.

გაბუტვა - როცა ჩატს უთიშავ.

გაბრაზება - როცა მართლა გადიხარ საიტიდან.

ეჭვიანობა - როცა საპირისპირო სქესის იუზერებს სურათებს ულაიქებს.

ყურადღების მიქცევა - როცა გვერდს აუქმებ.

სტატისტიკა - როცა აკვირდები რამდენ ხანში ერთხელ გწერს და საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება საუბარი.

მხარდაჭერა - როცა კამათში კომენტარებს გილაიქებს და გრძნობ რომ მისგან დიდი support გაქვს.

ტყუილი - როცა არ გეცინება, მაგრამ ამას არ იშორებ -  :D

არეულობა - როცა კომენტ-საუბარში არასასურველი ტიპები ჩნდებიან.

შიში - როცა გეშინია არ მიხვდეს.

უფრო დიდი შიში - როცა გეშინია რომ მართლა ვერ მიხვდება.

საკუთრების განცდა - როცა მის ვოლზე თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარზე.

სიყვარული - როცა ამდენი სისულელე საჭირო აღარაა.

დასასრული - :D :D

ბედნიერი დასასრული -  :*  <3

საშინელი დასასრული - seen












Friday, April 17, 2015

ქართული ლოგოს ანატომია


"ლოგოს მთავარი მნიშვნელობა და შინაარსი ყველაზე მარტივად რომ დავინახოთ, ამისათვის წარმოიდგინეთ, რომ არც ერთ ბრენდს, კომპანიას, რელიგიას, სეპერგმირს თუ დაჯგუფებას არ აქვს საკუთარი სიმბოლო. რა შეიცვლებოდა ამით? ძნელი იქნებოდა მათი გარჩევა ერთმანეთისგან. გაძნელდებოდა მათი შემჩნევა და ამოცნობა, გაძნელდებოდა მათი შინაარსისა და ტიპის დადგენა."                                                                                                                                                                                               გიორგი პოპიაშვილი


როცა უნივერსიტეტში "ქართული ლოგოს ანატომიის" გამოცემა დაანონსდა, რა თქმა უნდა გამიხარდა და კიდევ უფრო მეტად გამიხარდა ამ წიგნის ავტორები ჩემი ლექტორები რომ იყვნენ. "ქართული ლოგოს ანატომია" ნამდვილად საჭირო და დროული პროდუქტია, რადგან არანაირი კატალოგი არ არსებობდა ქართულ ლოგოებზე, შეუძლებელი იყო მათი დათვალიერება "ერთ სივრცეში".  პიარის ლექციაზე ქეისის სახით დეტალურად განვიხილეთ დაგეგმვის ყველა ის ნაბიჯი, რომელიც წიგნის გასაპიარებლად იყო საჭირო, პრესრელიზები, გაშუქების არხები, პრეზენტაცია, სპიკერები და ასე შემდეგ. ამ განხილვამ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, და ლოგოების მოყვარული სტუდენტები და არა მხოლოდ სტუდენტები სულმოუთქმელად ველოდით წიგნის გამოჩენას.


ბევრი რომ არ გავაგრძელო,  პირდაპირ სათქმელზე გადავლ.
თავიდან მეგონა ლოგოებით დახუნძლული ფერადი წიგნი მექნებოდა, დასათვალიერებლად სასიმოვნო და წასაკითხად ინფორმაციული, მაგრამ  წიგნი ვიზუალურად ჟურნალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფორმას, ზომას, ფერს და ვიზუალს (რომელიც ძალიან არ თავსდება წიგნის ფორმატში) თავი რომ დავანებოთ, წიგნის გადათვალიერებისთანავე შეამჩნევთ ლოგოების სიმცირეს. 52 გვერდიანი წიგნიდან მხოლოდ 23 გვერდშია დატეული ქართული ლოგოების ისტორია და ვიზუალური გამოსახულება. პირველი 16 გვერდი ასე ვთქვათ შესავალია, წინასიტყვაობა, წიგნის შესახებ ინფორმაცია, სარჩევი და რეკომენდაციები. ერთი უცხოელი და 4 წარმატებული ქართველის რჩევები, თუ როგორი უნდა იყოს ლოგო და რა ძირითდი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი კარგი ლოგოს შესაქმნელად. რეკომენდაციები საინტერესოა, მაგრამ,  თუ აუცილებლად 5 ადამინს უნდა ესაუბრა, მრავალფეროვნება და რამდენიმე უცხოური მაგალითის მოყვანა მაინც შეიძლებოდა. თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს ამბობს, რომ ლოგო უნდა იყოს მარტივი, შინაარსობრივი, დამამახსოვრებელი, უნიკალური და მოქნილი, ანუ ძირითად, აღიარებულ სტანდარტებზე საუბრობენ. გამეორება ცოდნის დედააო ამბობენ, მაგრამ ამ პატარა წიგნში ერთი და იგივეს 5 ჯერ გამეორება მეტისმეტია, სრულიად საკმარისი იქნებოდა გიორგი პოპიაშვილის რეკომენდაცია. (ნაწყვეტი პოსტის დასაწყისში), მაგრამ ხომ იცით, როგორ ხმამაღლა ჟღერს უცხოელი ექსპერტი, როგორი სნობები ვართ ქართველები და როგორ ძალიან ვაფასებთ უცხოელი ექსპერტის თითიეულ სიტყვას. კარგი იქნებოდა უცხოელ ექსპერტს ქართული ლოგოები მაინც განეხილა, ზოგადად, რამდენად ესაბამება უცხოურ სტანდარტებს, რა დონის და რა ხარისხის გამოსახულებებია და ასე შემდეგ. მაგრამ მხოლოდ 5 წესი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ კარგი ლოგოს შესაქმნელად.


 ის, რომ ლოგოები დალაგებულია თემატიკის მიხედვით, ცუდი არაა, (მე რატომღაც ანბანური თანმიმდევრობით ველოდი, როგორც უცხოურ კატალოგებშია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს). თავიდან იწყება მინერალური სასმელებით, შემდეგ მოდის ალკოჰოლური სასმელები, სააფთიაქო ფირმები, სადაზღვეო კომპანიები, ბანკ(ებ)ი და ასე შემდეგ.
  • წყლებში მხოლოდ "ბორჯომი", "საირმე","აქვა გეო" და "ლაღიძის წყლებია", არ არის "ნაბეღლავი", "ლიკანი", "სნო"....  
  • ალკოჰოლის კატეგორიაში დამაკლდა "ბაგრატიონი", "ბადაგონი".... შესულია მხოლოდ "სარაჯიშვილი", "შატო მუხრანი" და "თელიანი ველი".
  • ლუდის კომპანიებიდან მხოლოდ "ნატახტარს", "კასტელს" და"ზედაზენს" ერგოთ წიგნში ყოფნის პატივი. 
  • სააფთიაქო ქსელებიდან "ავერსისა" და "პე-ეს-პეს" გვერდით ვერ დავინახე "ჯი-პი-სი", "ფარმადეპო".
  • ბანკების კატეგორიაში მხოლოდ ერთი, "საქართველოს ბანკის" ლოგოა, სხვა ბანკებს რომ თავი დავანებოთ "ეროვნული ბანკის" ლოგომაც ვერ მოახერხა წიგნში შეღწევა. 
  • საკომუნიკაციო ქსელებიდან რატომ მხოლოდ "ჯეოსელი"? 
  • ან ტევევიზიებიდან რატომ მხოლოდ "რუსთავი 2" და "საზოგადოებრივი მაუწყებელი"? თან ყველას გვახსოვს თუ რამდენჯერ შეიცვალა პირველი არხის ლოგო, აქ კი მხოლოდ 2 გამოსახულებაა შესული. 
  • სავაჭრო ქსელების ლოგოები თითქმის არაა, მხოლოდ "სმარტის" ციყვი შემხვდა და ტექნკის ქსელებიდან "ალგორითმი". 
  • სამშენებლო კომპანიებშიც სიმცირეა, მხოლოდ "არსი" და "რედიქსი". 
  • უნივერსიტეტებიდანაც მხოლოდ 3 ლოგო - "თსუ", "ილიაუნი" და "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი".  
  • თეატრებიდან მხოლოდ "რუსთაველის" და "თუმანიშვილის" თეატრი. 
  • არც სახელმწიფო უწყებების ლოგოებშია სიუხვე, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სახლის, რკინიგზის, ფოსტის, საქპატენტის და ცესკოს ლოგოებია შესული. 
  • ორჯერ გადავათვალიერე და სპორტული გუნდების ლოგოებიდან არც ერთისთვის არ მომიკრავს თვალი. 
რა ვუყოთ იმ უამრავი კომპანიის ლოგოს, რომელიც საქართველოში შეიქმნა, საქართველოში არსებობს, მაგრამ ასე "დააიგნორეს"?  შეეძლოთ 2 გვერდი მაინც გამოეყოთ მათთვის და მხოლოდ გრაფიკული გამოსახულებები (ისტორიის გარეშე) ეჩვენებითან მკითხველ/დამთვალიერებლისთვის. 

მიჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რატომაა ასეთი სიმცირე ქართულ ლოგოების კრებულში და რა კატოგორიით შეირჩა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ლოგოები?
სანამ ლექციაზე წავალ და პირადად ვკითხვ წიგნის ავტორ ლექტორებს ამის შესახებ, თავად ვეცდები ნაწილობრივ გავცე პასუხი.

  • ალბათ უნდოდათ წიგნში მხოლოდ ის ბრენდები შესულიყვნენ რომლებმაც "ეპოქა შექმნეს"  (???)
  • ინფორმაცია ვერ მოიძიეს დანარჩენი კომპანიების ლოგოების ისტორიაზე (ეს ვერსია საეჭვოა)
  • ან საინტერესოდ არ ჩათვალეს სხვა ლოგოები, მათი შექმნის ისტორია და გდაწყვიტეს წიგნის გარეთ დაეტოვებინათ. (ეს ვარიანტი რეალურია)
  • ან იქნებ ბიუჯეტმა ვერ "გაქაჩა" ან არ "გაქაჩეს".  (ეს კი მართლა ეტყობა წიგნს)

მოკლედ, ასეთი წიგნი აუცილებლად უნდა არსებობდეს, საჭიროა სტუდენტებისთვის, გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, მენეჯერებისთვის და უბრალოდ ლოგოების მოყვარული ადამინებისთვის...  მართალია პირველი "ქართული ლოგოს ანატომია" იმსახურებდა, რომ უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამას უნდა დავჯერდეთ, სამწუხაროდ არ ვართ ბიზნეს ლიტერატურით და საერთოდ პროფესიული ლიტერატურით განებივრებულები, ამიტომ რასაც გვთავაზობენ ისიც სიხარულით უნდა მივიღოთ.


"რა თქმა უნდა კარგი ლოგო არ განსაზღვრავს, იქნება თუ არა ბიზნესი წარმატებული, მაგრამ, რომ დაფიქრდეთ, თითქმის ყვლა წარმატებულ კომპანიას აქვს კარგი ლოგო."                                                                                                                                                  ნინო ჩიქოვანი




Monday, March 23, 2015

პლაგიატი VS ინსპირაცია

პლაგიატი სხვისი შემოქმედების, იდეების, გამოგონებების გააზრებული მითვისებაა. ესაა პლაგიატის ზუსტი განმარტება, მაგრამ არის პლაგიატი ყოველთვის გააზრებული? მუსიკაში ხშირია პლაგიატის შემთხვევები, ნებით თუ უნებლიედ მუსიკოსები ერთმანეთის შემოქმედების გავლენის ქვეშ ექცევიან, ხანდახან მსგავსება უბრალოდ მსგავსებაა, ხანდახან კი copy paste.
ბევრი რომ არ გავაგრძელო რამდენიმე "აღმოჩენა" მინდა მოგასმენინოთ, ხოლო პლაგიატია, ინსპირაცია თუ უბრალოდ მსგავსება ეს უკვე მსმენელის გადასაწყვეტია.
Let's start ...

1. ერთხელ, როცა ინტერნეტში ჩვეულებისამებრ რაღაცას ვეძებდი, YouTube-ზე ჩართული მქონდა ქართული სიმღერების ფლეილისთი, უცებ გიტარის ნაცნობი სოლო ჩამესმა და მივხვდი, რომ  ეს ის არ იყო, რასაც ვუსმენდი. :D

ვაკის პარკი - შრომის ბირჟა - 1:43 - 1:46
Led Zeppelin - Stairway to heaven  - 5:55 - 5:57

 







2. ეს ძალიან სასაცილო მაგალითია, მაგრამ გადავწყვიტე მაინც მოგასმენინოთ, როგორც ჩემმა მეგობარმა თქვა მთელმა მსოფლიომ იცის და ჩვენც უნდა ვიცოდეთ როგორ მოიპარა და გამოიყენა Deep Purple-მ თავისი ნომერ პირველი ჰიტისთვის ქართული "შალახო" :D

შალახო  
Deep Purple - Child in Time - 5:46 - 5:51




3. ისევ Deep Purple-თი გავაგრძელოთ, ჭორები ფარფლების პლაგიატობაზე მქონდა გაგონილი, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი გადამემოწმებინა, მაგრამ მაინც დავინტერესდი :)) 

Warping - Rock Star (1970) 
Deep Purple - Fireball (1971)






4. Child in Time საეჭვოდ გავს ამ კომპოზიციას, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ინსპირაცია იყოს და საერთო არაფერი ჰქონდეს პლაგიატთან.

It's a beautiful day - Bombay Calling
Deep purple - Child in Time



4. Deep Purple-ის ფანები ძალიან რომ არ გავანაწყენო  ეს ბოლო იყოს. (თუმცა მეც მათი დიდი ფანი ვარ)





5. გადავედი ასევე ჩემს ფავორიტ და პლაგიატის მეფედ აიარებულ ჯგუფზე. არც მეტი, არც ნაკლები ეს არის Led Zeppelin. ცნობილი ფაქტია, რომ ზეპელინების მუსიკისა და ტექსტების დიდი ნაწილი აღებულია 30 წლების ამერიკული ბლუზიდან. მათ პლაგიატობას ის უამრავი სასამართლო პროცესიც მოწმობს, სადაც ბენდი ხშირად მილიონებს იხდიდა სამართლიანად თუ უსამართლოდ. თუმცა ამის მიუხედავად Led Zeppelin-მა მაინც შეძლო, რომ ნაკლებად ხარისხიანი, უინტერესო, არაპოპულარული მუსიკის გავლენით შეექმნა ის სამყარო, რაზეც როკის მოყვარულები ათეული წლებია "სახეს იხევენ" და სულ ფეხებზე კიდიათ პლაგიატი და ინსპირაცია. 

Barbara Muller - Babe I'm gonna Leave you (1969)
Led Zeppelin - Babe I'm gonna Leave you (1964)
(ამ შემთხვევაში პლაგიატი ეხება ტექსტს) 





6. ამ კომპოზიციების მელოდიაც და ტექსტიც ძალიან გავს ერთმანეთს. (მეტიც, ვიდრე გავს)

Moby Grape - Never (1968)
Led Zeppelin - since I've been lovin you (1970) - 1:29 - ...



7.  ისევ ზეპელინები....

Jake Holmes - Dazed and Confused
Led Zeppelin - Dazed and Confused



8.  ეს არის შემთხვევა, რომელიც ბოლომდე ვერ მტკიცდება როგორც პლაგიატი, მაგრამ ბენდმა მაინც წააგო სასამართლო პროცესი და რამდენიმე მილიონი გადაუხადა სიმღერის ავტორის ოჯახს (ავტორი უკვე გარდაცვლილი იყო, როცა ოჯახმა სარჩელი შეიტანა და ჯგუფი პლაგიატში დაადანაშაულა)

Taurus - Spirit
Led Zeppelin - Stairway to Heaven



9. განსხვავებული რიტმის მიუხედავად ამ ორ სიმღერას შორის ნამდვილად არის რაღაც მსგავსება. 

Tom Petty & The Heartbreakers - Mary Jane's Last Dance
Red Hot Chili Peppers - Dani California




10. კონჩიტას თემა მსოფლიომ განიხილა და განიხილაზე მეტიც, რაღა დროს მისი გახსენებაა, თუმცა სულ შემთხვევით პატარა მსგავსება აღმოვაჩინე მისი სიმღერის ერთ პატარა ეპიზოდსა და ჩემი ფავორიტი მიუზიკლის ეპიზოდს შორის.

Conchita - Rise like a Phoenix  - 2:49 - 2:51
Ian Gillan - Gethsemane   -  3:38- 3:42





11. Pink Floyd-ის გარეშე როგორ შეიძლება მუსიკალური პოსტის გამოქვეყნება, ოღონდ ამ შემთხვევაში ინსპირაციის წყარო თვითონ არის Pink Floyd.

eRa 2 - Devore Amante -  დაახლოებით 2:29 დან ამ მუსიკალურ კომპოზიციას ძალიან ვამსგავსებ Comfortable Numb-ს
Pink Floyd - Comfortable Numb


12. და პოსტის ბოლოს პლაგიატი, რომელიც ყველაზე მეტად "გამიტყდა" :((

Кино - Стань Птицей
ირაკლი ჩარკვიანი - წყალს 

განსხვავებული ენისა და ინსტრუმენტალის მიუხედავად, თუ კარგად დააკვირდებით მიხვდებით ამ ორი მელოდიის მსგავსებას.




სულ ეს იყო, რაც მინდოდა გამეერთიანებინა ამ პოსტში, მხიარული, აღიარებული, დაუჯერებელი პლაგიატები, რომელიც მუსიკალურ სამყაროში არ ილევა და მე მხოლოდ ის 12 შევარჩიე, რომელზეც მსმენია და რომელიც ბოლო პერიოდში "აღმოვაჩინე".

To be continued ...