Monday, March 24, 2014

თანამედროვე მენეჯმენტი და ქართული მენეჯმენტის თავისებურებები

ყველა ადამიანი ირჩევს გარკვეულ პროფესიას, შემდეგ კი ცდილობს გახდეს წარმატებული არჩეულ სპეციალობაში. ყველა სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა  მენეჯერული უნარ-ჩვევების ქონა.  მენეჯმენტი საჭიროა ყველგან და ყველაფერში, უპირველესად ბიზნესში. ბიზნესი კი  მზარდი სფეროა. მისი წარმოდგენა შეუძლებელია ისეთი ტერმინების გარეშე, როგორიცაა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები... ბიზნესი ყიდის ყველაფერს! როგორც ბეგბედერმა აღნიშნა „99 ფრანკში- „ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე...  ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი, მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა.“  (ეს ნაწარმოები ძალიან კარგად ასახავს თანამედროვე ბიზნესის კონკრეტულ სფეროსა და მასში მიმდინარე მოვლენებს). რაც შეეხება ადამიანის პროდუქტად ქცევას, ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. 21- საუკუნეში ეს სრულიად ჩვეულებრივი და ლოგიკური მოვლენაა...  ეკონომისტებიც ამბობენ, რომ ადამიანური კაპიტალი ყველაზე სტაბილური და ნაკლებად რისკიანი ინვესტიციაა, რომელიც   ინტელექტუალურ პროდუქტს გვაძლევს. ამ პროდუქტს კი ჩადებული ინვესტიციის დიდი მოგებით დაბრუნება შეუძლია. კაცობრიობისათვის ადამიანის შემოქმედება და კრეატიული იდეები ამოუწურავი მარაგია და ის მენეჯმენტში წარმატებით გამოიყენება. მოკლედ რომ ვთქვათ, წარმატების მიღწევის უმთავრესი ამოცანააადამიანი და მისი რესურსი  პროდუქტად ვაქციოთ. ისევ ბეგბედერს დავესეხები:ვინაიდან გლობალიზაციას ადამიანები არ აინტერესებს, იძულებული გახდით პროდუქტი გამხდარიყავით, რომ საზოგადოება ვენით დაინტერესებულიყო.
რაც შეეხება მენეჯმენტს, მისი კლასიკური განმარტება ფრანგ მეწარმესა და თეორეტიკოსს, ჰენრი ფაიოლს, ეკუთვნის.ამ განმარტების თანახმად, მენეჯმენტი არის „პროგნოზირება და დაგეგმვა  იმისთვის, რომ მოვახდინოთ ორგანიზება, მართვა, კოორდინირება და კონტროლი“.
ბუნებრივია, არსებობს მენეჯმენტის სხვა განმარტებებიც და  ყველა მათგანის თანახმად, ეს არის მართვის პროცესი ორგანიზაციაში.  ეს  პროცესი არ გულისხმობს ადამიანების მართვას პირდაპირი გაგებით, არამედ ადამინური რესურსების მართვას, მუშაობის პროცესის ორგანიზებას, გადაწყვეტილებების მიღებას, სამუშაოს სწორ განაწილებას და, რაც მთავარია, განხორციელებული სამუშაოების შედეგად შემოსავლების ზრდას.
ფაიოლისა და მისი თანამედროვე მეწარმეების გამონათქვამები და მენეჯმენტური ხედვები დაახლოებით 100 წლის წინ ჩამოყალიბდა.  2008 წლის კონფერენციაზე, 35 პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი შეიკრიბა იმისათვის, რომ ემსჯელათ და შეემუშავებინათ ახალი მენეჯერული ხედვები და ტენდენციები.ტრანსფორმირდა ადრეული მიდგომები, შემუშავდა უფრო თანამედროვე სტრუქტურები.  დღეს ორგანიზაციები სხვა პირობებში მუშაობენ, ამიტომაც საჭიროა მუდმივი სიახლეები, ცვლილებები და, შესაბამისად, ამ ცვლილებების მიმართ შეგუების გამომუშავება. საბოლოოდ, ჩამოაყალიბეს 25 ძირითადი ტრანსფორმაციული ამოცანა, რომელსაც უნდა დაეფუძნოს მენეჯმენტის თანამედროვე განვითარება.თუ ადრე მენეჯმენტი ცდილობდა ადამიანის „დამორჩილების მექანიზმების“ შექმნის მცდელობას, თავისუფალი, დამოუკიდებელი, შემოქმედი პიროვნებების საკუთრებად ქცევას, დღეს ყველაფერი პირიქითაა, ორგანიზაციები დემოკრატიულები, ლოიალურები გახდნენ იქ მომუშავე პიროვნებების მიმართ. მაქსიმალურად დაფასებულია ადამიანური რესურსები და შესაძლებლობები.
            საქართველოში მენეჯმენტის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია 2008 წლის რუსეთ-საქართვლოს ომმა. განსაკუთრებით  დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინაიდან შეიქმნა სწრაფად ცვალებადი, არასტაბილური ბიზნესგარემო. მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს შორის არსებული მკვეთრი დისპროპორციის მიზეზია აგრეთვე მენეჯმენტში დაშვებული შეცდომები. ხშირად
ტერმინი მენეჯმენტი საერთოდ უგულებელყოფილია. არ იქნება „თამამი ნათქვამი“, რომ დღეს საქართველოში საშუალო ბიზნესი არ არსებობს, ეს კი თავისთავად კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას გამორიცხავს. ხოლო რაც უფრო მეტად კონკურენტულ გარემოში უწევს ორგანიზაციას ყოფნა, მით უფრო მეტად მოტივირებულია ხელმძღვანელობა გუნდის განვითარებაზ, ჩვენთან კი ასე არ არის. კონკურენციის ნაკლებობის პირობებში კი არსებული საწარმოები ვერ უზრუნველყოფენ ინოვაციური ტექნოლოგიების სრულყოფასა და კონკურენციული უპირატესობის შექმნას. ზემოთქმული ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოება მინიმალური დანახარჯებით ხორციელდება. ასევე პრობლემას წარმოადგენს ვაკანტური ადგილების შევსება ნათესავებითა და მეგობრებით, რაც პირდაპირ გულისხმობს ცუდ მენეჯმენტს, კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა კადრების არაპროფესიოალიზმი. ზოგიერთ კომპანიაში ხელმძღვანელების დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი არაობიექტურია, დასახვეწია დროის და მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტიც.
ქართულ ბიზნესში არ მიჰყვებიან თანამდროვე ტენდენციებს ანუ არ ხდება მარკეტინგული, მენეჯმენტული ხედვების  რეალობაში გადატანა და ხორცშესხმა. თუმცა მარტო იდეები არაა  საკმარისი წარმატებისთვის. ბიზნესისათვის საჭიროა ფული. კანონზომიერებაა -  მარკეტინგზე, მენეჯმენტზე დახარჯული ფული, გაზრდილი გაყიდვების წყალობით, ბრუნდება გაცილებით დიდი მოგებით... ამით ბრენდები ბაზარზე პოზიციებს იმაგრებენ და უფრო ცნობადები ხდებიან. ეს მარტივი და ბუნებრივი კანონზომიერება დიდი ხნის წინ  „დაიჭირეს“ ამერიკელებმა და ევროპელებმა. ჩვენთან კი ბიზნესის დიდ ნაწილს, როგორც ამბობენ ხოლმე, ისეთი კატეგორია მართავს, ვინც ვერ რისკავს იმდენი თანხის ჩადებას (ხშირად იმის მიუხედავადაც, რომ დიდი ფული აქვთ) მენეჯერულ და მარკეტინგულ აქტივობებში, რამდენიც საჭიროა.
           გთავაზობთ  მარტივ ბიზნეს ფორმულას, რომელიც ვფიქრობ რომ არის რეალური, პერსპექტიული და პრაქტიკული: ადამიანური რესურსები + შრომა + ფული + რისკი = წარმატება!







No comments: