Monday, March 31, 2014

Requiem For a Dream


(გთხოვთ ამ საუნდტრეკის ფონზე წაიკითხოთ პოსტი)

დიდი ხანი ვიფიქრე და ბოლოს ვიპოვე საკუთარ თავში იმის ძალა, რომ ამ ფილმზე
თუნდაც რამდენიმე წინანდადება დამეწერა. უნდა ვაღიარო, პირველივე სიტყვიდან მთელი სხეული და გონება დაძაბული მაქვს. + ამას, ვუსმენ კლინტ მანსელის არაჩვეულებრივ საუნდტერკს, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს ჩემს შეგრძნებებს.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვარ ასეთი დაძაბული და რატომ არის ეს ფილმი ჩემთვის ამდენად მნიშვნელოვანი. ვეცდები მოკლედ მოგიყვეთ, მაგრამ მე ხომ გრძელი შესავლები მახასიათებს...

2011 წელს, როცა მე11 კლასში  ვიყავი, კლასელები ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე სხვადასხვა თემებზე, დავსხდებოდით ბოლო რგში და გაკვეთილების ნაცვლად ვსაუბრობდით კინოზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, ფეხბურთზე, ბილიარდზე და ათასნაირ რამეზე. მაშინ ჯერ კიდევ საკუთარ თავს ვეძებდით, ვიყალიბებდით გემოვნებას, ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს, აზრებს და ასე შემდეგ... (პრინციპში ახლაც ასეა, მაგრამ ეს პროცესი სკოლის ერთ-ერთ კარგ მოგონებად დარჩა). ერთხელ, როცა ფილმებზე ვსაუბრობდით, ერთმა კლასელმა ბიჭმა გვითხა: ""რექვიემი ოცნებაზე" ჩემი საყვარელი ფილმია, პირველად რომ ვუყურე ეგრევე მეორედ ჩავრთე, მერე მესამედ... ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, ჩემს ცხოვრებას ჰგავს ბევრი რაღაცით და როცა ცუდად ვარ, სულ ამას ვუყურებ. და საერთოდ, თუ გინდათ თქვათ, რომ კინოში ერკვევით და კინო გევასებათ ეს ფილმი უეჭველი ნანახი უნდა გქონდეთ-ო". ისეთი შთაბეჭდილებით ყვებოდა და ისე გვთხოვდა რომ მალე გვეყურებინა, რომ ინტერესი ერთი-ორად გაგვეზარდა. ყურების მიზანი არამხოლოდ ფილმის მიმართ ინტერესი, არამედ ჩვენი მეგობრის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის "დამუშავებაც" იყო, (ყველაფერს დეტალურად აღარ მოვყვები, არ მინდა ამ პოსტით ვინმეს რამე გავახსენო და ვიღაცები გავაღიზიანო) მოკლედ, ამ ფილმისთვის სამეგობროს "სხვანაირად" უნდა გვეყურებინა, ეს იყო (ჩემთვის ყოველშემთხვევაში) პირველი მცდელობა კრიტიკული და ანალიტიკური (მაშინ ამ სიტყვებით არ ვიტყოდი) თვალით მენახა და შემესწავლა ფილმი.

სანამ ფილმს ჩავუჯექი, ზემოთდალინკული და სავარაუდოდ თქვენს მიერ უკვე ჩართული საოცარი საუნდტრეკი მოვისმინე, მელოდიაში უკვე იგრძნობოდა ის დიდი ტრაგიზმი, რაც მერე მთელს ფილმში განვითარდა. აქვე დავამატებ, რომ ერთმა სულსწრაფმა მეგობარმა მგონი სახლში მისვლისთანავე უყურა და საღამოს, როცა მეგობრებს შეგვხვდა შთაბეჭდილებები მოკლედ გაგვიზიარა, გამოხატა აზრი მკაცრად და უხეშად - "ეს რა საშინელებაა, რამხელა ტრაგედიაა,  ბოლოს ყველა მოკვდაო". შინაარსი არ მოუყოლია, თავისი ამბებით იყო გატაცებული და ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა, მაგრამ ბოლოს ყველა მოკვდა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. იმავე ღამეს ჩავუჯექი ფილმს დიდი ინტერესით და ასეთივე ინტერესით ვუყურებდი ბოლო წუთამდე. ახლა ვფიქრობ რა ვთქვა, სად მოვძებნო ის სიტყვები, რომლებიც მინდა ერთმანეთთან დავაკავშირო და აზრი გამოვთქვა... როგორღაც უნდა მოვახერხო, პოსტს ხომ არ მივატოვებ შუა გზაზე...

უბრალოდ ეს იყო შოკი (!) რომელიც ყოველთვის მახსენებს თავს, როცა თუნდაც ფილმის სახელი გამახსენდება. მახსოვს, საბანშემოფარებული ვიჯექი სიბნელეში და ადამიანების ტანჯვას ვუყურებდი, ორჯერ მეტი ცრემლი დავღვარე ვიდრე ტიტანიკის ყურებისას. (რა შუაშია ტიტანიკი, მაგრამ მეგონა რომ ტიტანიკის შემდეგ  მთელი გულით ვერც ერთი ფილმი ვერ ამატირებდა) 2 საათზე მეტი ვუყურებდი მძიმე ფსიქოლოგიურ დრამას და თან ვფიქრობდი ჩემს მეგობარზე, რომელმაც ფილმით მოახერხა ჩვენი ინფორმირება თავისი პრობლემის შესახებ, მაგრამ პირველ ეტაპზე ჩვენ ამას ვერ მივხვდით, უფრო სწორად "არ" მივხვდით... არ გვინდოდა ამის დაჯერება.



ესაა ფილმი ნარკომანების ცხოვრებაზე, მათი ოცნების დამსხვრევაზე, დედაშვილურ ურთიერთობაზე, გაუბედურებულ სიცოცხლეზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიამოვნებაზე, ტანჯვაზე ...
ყველაფერზე !
ესაა საუკეთესო და სერიოზული ანტინარკოტიკული პროპაგანდის ფილმი,  ყველაზე აზრიანი მათ შორის, რაც კი ოდესმე მინახავს.
ვნახე მხოლოდ ერთხელ და
არასდროს აღარ ვუყურებ მეორედ,
არასდროს აღარ მინდა განვიცადო იგივე, რაც ერთხელ განვიცადე.
არასდროს არ დავასახელებ ამ ფილმს ჩემს საყვარელ ფილმებში, იმის მიუხედავად რომ ერთ-ერთი უძლიერესია ამ ჟანრში.
არასდროს ვურჩევ ხოლმე მეგობრებს ამ ფილმის ყურებას. არ მინდა ვინმე "დავგრუზო".
არასდროს თქვა არასდროსო და ბარემ სიმართლეც ნათქვამი იყოს...
მინდა, რომ ყველამ იცოდეს, ყველამ ნახოს, ყველამ გაიაზროს ის დიდი პრობლემა, რომელზეც ფილმშა საუბარი...
მინდა, რომ სკოლებში აჩვენონ ბავშვებს ეს ფილმი და ფსიქოლოგებმა აუხსნან ფილმში არსებული პრობლემები რეალობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ
მინდა, რომ ბავშვებმა ადრეულ ასაკშივე იცოდნენ როგორები არ უნდა "გაიზარდონ"...
მინდა რომ ჩემმა მეგობარმა მაპატიოს ეს პოსტი.
მინდა რომ ადამიანები ასეთი ფილმის ყურებისას დედის გინებით არ ტოვებდნენ დარბაზს ფილმის დაწყებიდან 10 წუთში.
ბანალურად ჟღერს, მაგრამ მინდა, ძალიან მინდა, რომ ადამიანები არ კვდებოდნენ, არ იტანჯებოდნენ, არ "ინგრეოდნენ" იმის გამო, რის გამოც ფილმში ინგრევიან...



ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ამბობენ ქართველები, მაგრამ დარენ არანოვსკის ფილმებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება სახიფათო რამეა, უნდა უფრთხილდე მას თორემ ისევე შეუძლია დაგამსხვრიოს, როგორც თვითონ იმსხვრევა, ან როგორც ჩვენ ვამსხვრევთ ხოლმე მას .

ვერავინ ვერ გადაიღებდა ამ ფილმს ისე სწორად, როგორც არანოვსკიმ გადაიღო, სხვები ვერ ითამაშებდნენ ისე კარგად, როგორც ჯარედ ლეტო, ჯენიფერ ქონელი, ქრისტოფერ მაკდონალდსი, ელენ ბერსტინი...
ვერავინ ვერ შეიგრძნობდა ამ ფილმს ისე, როგორც მე და ჩემმა მეგობრებმა შევიგრძენით თავის დროზე. (ასაკისა და ბევრი სხვადასხვა გარემოების გამო)

და ბოლოს, ჩემი სულსწრაფი მეგობრის ნათქვამი, ბოლოს ყველა მოკვდაო, არ აღმოჩნდა სიმართლე.... არავინ მომკვდარა, მაგრამ ამ ფილმში სიკვდილი ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე სიცოცხლე.

სიკვდილი არ არის საშიში, საშიში არასაკმარისი სიცოცხლეა.









No comments: