Sunday, December 14, 2014

რუკა უფრო საინტერესოა ვიდრე ტერიტორია



იცნობთ ალბათ მიშელ უელბეკს, ყველაზე სკანდალურ, ეპატაჟურ, გამაღიზინებელ ფრანგ მწერალს, რომელიც ზოგისთვის პოპულარობისთვის ყველაფერზე წამსვლელი ნაძირალაა, ზოგისთვის ავადმყოფი, ზოგისთვის მაგარი ტიპი... ჩემთვის ერთი თანამედროვე მწერალია, რომელიც სიმართლეს მწარედ, მოურიდებლად, უხეშად გვეუბნება, ხანდახან ზედმეტიც მოსდის, მაგრამ მაინც მაგარი ტიპია, იმდენად მრავალფეროვანი, რომ ეს ყველა თვსება ერთმანეთში აქვს შერწყმული.

"პლატფორმა", "ელემენტარული ნაწილაკები", "ლანსაროტე"... გულის რევის შეგრძნება ხომ არ გაქვთ ამ წიგნების ხსენებაზე? დარწმუნებული ვარ ბევრს გაქვთ, თუმცა მიუხედავად ამისა უელბეკის თითქმის ყველა წიგნი წაკითხული გაქვთ და ამაში არაფერია საოცარი, უელბეკი ხომ იმ ავტორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავს ძალით გვაკითხებენ თავიანთი თავისუფალი წერის მანერის გამო. არ ვილაპარაკებ ზემოთ ჩამოთვლილ "აწყვეტილ" წიგნებზე, შედარებით "წესიერი" წიგნი მინდა გაგაცნოთ, სადაც სულ სხვა მიშელ უელბეკს შევხვდებით. მაშ ასე, 2010 წელს დაწერილი (2013ში ქართულად თარგმნილი) "რუკა და ტერიტორია", რომელიც მალევე გახდა ბესტსელერი და გონკურების პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაც მიიღო.


თავიდანვე რომ დაგაინტერესოთ ამ წიგნმა პერსონაჟების შესახებ გეტყვით, მხატვარ-ფოტოგრაფი ჟედ მარტენი, "მიშლენის"თანამშრომელი მშვენიერი ოლგა, პარიზული ელიტის რამდენიმე წარმომადგენელი,  მწერალი ფედერიკ ბეგბედერი და არც მეტი არც ნაკლები მიშელ უელბეკი, მწერალს თავისი თავი შემოჰყავს ნაწარმოებში, ოღონდ ამას არ აკეთებს ავტობიოგრაფიული ფორმით, აკეთებს ისე, თითქოს ჩვეულებრივ, გამოგონილ პერსონაჟზე წერდეს, საკუთარ თავს ისე უყურებს, როგორც მწერალი პერსონაჟს.



ფრედერიკ ბეგბედერი და მიშელ უელბეკი
თავიდან წიგნის ბოლოს, ყდაზე დაწერილი ბოლოსიტყვაობა წავიკითხე და ცოტა შემეშინდა, ინტერესი უფრო გამიმძაფრდა, ეწერა რომ წიგნის ერთ-ერთ გმირს, მიშელ უელბეკს უსასტკესად კლავენ ყველაზე ბანალური მიზეზით რაც კი შეიძლება არსებობდეს. რა თქმა უნდა ვიფიქრე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ბანალური მიზეზი, მაგრამ ფიქრს დროებით შევეშვი და კითხვას შევუდექი, აი მაშინ დაიწყო არაჩვეულებრივი მოგზაუროობა  უელბეკის "სხვა" სამყაროში. კითხვისას ემოციები ხშირად იცვლებოდა, ძალიან მომწონდა თუ როგორ მოიხსენიებდა ბეგბედერს და საკუთარ თავს, ბეგბედერეს ძირითადად "ფრანგული რომანის" ავტორს უწოდებდა, საკუთარ თავს კი უფრო ხშირად "ელემენტარული ნაწილაკების" ავტორად მოიხსენიებდა ვიდრე "პლატფორმის" ან სხვა ნაწარმოების ავტორად.  (აქვე გეტყვით, რომ ბეგბედერმა და უელბეკმა უკანასკნელი რომანები – "ფრანგული რომანი" და "რუკა და ტერიტორია", ერთმანეთს მიუძღვნეს) "რუკა და ტერიტორია" ავტორის სხვა ნაწარმოებებიდან თვითირონიით გამოირჩევა, ირონიით, რომელიც საბოლოოდ სარკაზმში გადადის. წიგნის სხვადასხვა ნაწილში სიუჟეტები ოდნავ იცვლება, მხოლოდ მთავარი პერსონაჟები რჩებიან. განსაკუთრებით საინტერესოა უელბეკის მკვლელობის გამოძიების ნაწილი. ნეტავ იცოდეთ რამდენი ვიფიქრე და ვინერვიულე სანამ კულმინაციამდე მივიდოდი და გავიგებდი ვინ იყო მკვლელი და რა იყო ის ბანალური მიზეზი, რის გამოც მწერალი სასტიკად მოკლეს. (ბეგბედერზეც კი მივიტანე ეჭვი), მკვლელის ვინაობას და მკვლელობის მიზეზს რა თქმა უნდა არ გეტყვით. 

კიდევ ერთი რამ, რაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო ესაა უამრავი PRODUCT PLACEMENT-ი, რომლებიც წიგნში უხვადაა მიმოფანტული და ხანდახან სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხანდახან კი აშკარა ბრენდის პიარი. (საკუთარი თავის გაპერსონაჟებაში და თვითირონიაშიც შეიმჩნევა ერთგვარი პიარი) თუმცა მკითხველისთვის ეს არ არის მოსაბეზრებელი და მოსაწყენი, პირიქით, მე როგორც ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტს,  ძალიან მომეწონა მარკეტინგისა და პიარის ელემენტების ასე კარგად შერწყმა მხატვრულ ლიტერატურასთან.




მოკლედ, ესაა წიგნი ადამიანებზე, თანამედროვე ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება ორ რადიკალურად განსხვავებულ ნაწილად იყოფა.

"საოცარია, რომ ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფენ, რომლებიც ერთმანეთთან არაფრით არის დაკავშირებული და ერთმანეთზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ყოველთვის მიკვირდა ამას როგორ ახერხებენ."



"- ყველაზე ზუსტად რა განსაზღვრავს ადამიანს? რომელია პირველი კითხვა, რომელსაც იმ ადამიანს ვაძლევთ, რომლის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაგებაც გვინდა? ზოგიერთ სოციუმში ჯერ აინტერესებთ დაქორწინებულია თუ არა, შვილები ჰყავს თუ არა; ჩვენს საზოგადოებაში კი პირველ ყოვლისა, პროფესია აინტერესებთ. დასავლელი ადამიანი ხასიათდება მისი ადგილით საწარმო პროცესში და არა საჯიშე მწარმოებლის სტატუსით."

მხატვარ-ფოტოგრაფი ჟედ მარტენიც ასეთი ადამიანი იყო, ნიჭიერი ხელოვანი, რომელსაც ოლგა შეუყვარდა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი პარიზში, "მიშლენის" თანამშრომელი, რომელმაც შეიძლება ვთქვათ პირველი კარიერული წარმატება მოუტანა მხატვარს. (აი სად გადაიკვეთა პირადი და კარიერული ცხვორება)  მაგრამ  ჟედმა არაფერი გააკეთა ოლგას შესანარჩუნებლად, მიუხედავ იმისა, რომ ოლგასაც უყვარდა. უბრალოდ ადგა და გაუშვა, რამაც ყველაზე არასენტიმენტალური და ირონიული ადამიანი, ფრედერიკ ბეგბედერიც გააოცა და უსაყვედურა კიდეც მხატვარს სიყვარული დიდი იშვიათობაა – არ იცოდით?“. 


რა უცნაურები არიან ადამიანები, როგორ მარტივად ტოვებენ ერთმანეთს, მაშინაც კი, როცა ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასები არიან. თან ისე ტოვებენ, თითქოს არც ყოფილან ერთმანეთის ცხოვრებაში,  მათ ადგილს მერე სხვები იკავებენ და ასე დაუსრულებლად გრძელდება, მხოლოდ რამდენიმე თუ გრჩება ბოლომდე და ისიც შენთან ერთად უყურებს ამ ბრუნვას. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობისას იძენენ ერთმანეთისთვის მნიშვნელობას, "რუკა უფრო საინტერესოა, ვიდრე ტერიტორია", ასეა ადამიანიც, ურთიერთობაში უფრო საინტერესოა ვიდრე შორიდან. თუმცა ადამიანებს ხომ ერთმანეთიც ბეზრდებაც, ისევე როგორც საქმე, რომელსაც აკეთებენ. მრავალფეროვნება ყველას იზიდავს.  


"ზოგჯერ ადამიანებს ბედი შანსს აძლევს, მაგრამ თუ ყოყმანობს, ვერ გადაუწყვეტია მისით სარგებლობა, მაშინ ჩამორიგებული კაკრტი უკანვე მიაქვს; ყველაფერს თავისი დრო აქვს; დრო ნაბიჯის გადადგმისა და ბედნიერების მოპოვებისა მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, ხან რამდენიმე კვირა, ყველაზე მეტი რამდენიმე თვე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ ხდება, ერთადერთხელ, მეორედ სამწუხაროდ შეუძლებბელია, ძალიანაც რომ გინდოდეს. აღფრთოვანება, იმედი, ნდობა ადგილს მშვიდ მორჩილებას უთმობს, გულის შემკუმშავ სიბრალულსა და უსარგებლო, მაგრამ კანონზომიერ გრძნობას, რომ რაღაც შეიძლება გამოსულიყო, უბრალოდ შემოთავაზებული საჩუქრის ღისრნი არ აღმოვჩნდით" 


საერთოდ, რისკენ ისწრაფვის ადამიანი? ბედნიერებისკენ, ფულისკენ, სიყვარულისკენ, ძალაუფლებისკენ, სიამოვნებისკენ, უბედურებისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ თუ სულაც სიკვდილისკენ?  იქნებ სრულყოფილებისკენ? მაგრამ სრულყოფილება ხომ არ არსებობს. ყველას სურს სხვაზე უკეთესი იყოს. არსებობს ყველა ადამიანში დაუწერელი კანონები, რომლითაც მოქმედებს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. სწორედ ადამიანებზეა ეს წიგნი. ადამიანების და მათი როლის გაუფასურებაზე  21ე საუკუნეში, კომერციულ გრძნობებზე, ფულზე, ძალადობაზე, ხელოვნებაზე, ხელოვნების ცვლილებაზე.
საბოლოოდ ყველა ადამიანი ერთნაირი ცხვორებით ცხოვრობს, სიბერეში ყველა ინგრევა და მათი პიროვნებისგან აღარაფერი რჩება ხოლმე.  ასე მოხდა ჟედისა და უელბეკის შემთხვევაშიც. მართალია ჟედი ახალგაზრდა აღარ იყო, თუმცა, არც არასოდეს ყოფილა ახალგაზრდა; უბრალოდ, გამოცდილება არ ჰქონდა, ეგ იყო და ეგ.


"გაბედო და შეიყვარო ძაღლი, ეს ნიშნავს შეიყვარო არსება, რომელსაც იცი, რომ აუცილებლად დაკარგავ"

ვეცადე სიუჟეტი თითქმის არ მომეყოლა და კითხვის ნიშნები დამეტოვებინა იმ იმედით რომ აუცილებლად წაიკითხვათ თანამედროვე ორუელის, ანუ მიშელ უელბეკის "რუკა და ტერიტორია"-ს (ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდა, მაშინ როცა ეს ორი ავტორი სტილისტურად და წერის მანერით აბსოლუტურად განსხვავებულები არიან, მაგრამ არის მათში რაღც საერთო: ირონია, დიდი ირონია და სიმართლე, რომელსაც წიგნის საშუალებით პირდაპირ თვალებში ვუყურებთ.) სწორედ ასეთია 21ე საუკუნის მთავარი მოწმის, მიშელ უელბეკის "რუკა და ტერიტორია".






No comments: