Friday, June 14, 2013

საკუთარი სახელი

რა გქვია შენ? ეს სულაც არ არის შენზე დამოკიდებული, მოგიფიქრეს მშობლებმა და დაგარეგისტრირეს... მერე იმდენი გაიძახა ყველამ, რომ დაგამახსოვრდა... მერე სახელმა გაგახარა, აგაღელვა, შეგაშინა, თითქოს გაგიჩნდა მეორე, არა, უფრო ზუსტად „მესამე მე“. შენ, შენი შინაგანი ხმა და შენი ხმოვანი, ანუ „მესამე მე“.
„მესამე მე“ სხვებისაა ფაქტობრივად: სახელითა შენითა განგსჯიან, გაქებენ, გაკრიტიკებენ, გაღიარებენ, გჭორავენ, გქოლავენ, გმარხავენ...
....ამიტომაც იძულებული ხდები შენი სახელისთვის უფრო მეტი იზრუნო, ვიდრე შენი სულისთვის. „სული“ მსაჯულთა შორის ყველაზე დაუნდობელია, თუ ის ამოგძახებს, ან ჩაგძახებს ყურში: ღორო, ბოროტო, უგულო, უსულო... მორჩა, ყველაფერი „სულ ერთია“. თუ ის მოგეფერება, შეგაქებს, ჩაგიხუტებს, მორჩა, ყველაფერი „სულ ერთია“. მაგრამ „სულ ერთიც“ სხვადასხვაგვარად  მწარე და ტკბილია...
ამიტომაც ადამიანები საკუთარი სახელით ცხოვრებას სწავლობენ - პრინციპი - მთავარია, სხვებმა შეგინახონ  სახელი, მათ არ შეგიბღალონ სახელი!!! მოახერხებ, მაშინ „დაგარეგისტრირებს“ საზოგადოება და იმდენს დაგიძახებს ყველა, რომ დაგამახსოვრდება, შეგიყვარდება შენი სახელი...

იცი, განა არ იცი, რომ ერთ დღესაც, არავინ გკითხავს: „რა გქვია?“, ისე განისჯები... იმიტომ რომ „სულ ერთია.“



No comments: