Friday, April 17, 2015

ქართული ლოგოს ანატომია


"ლოგოს მთავარი მნიშვნელობა და შინაარსი ყველაზე მარტივად რომ დავინახოთ, ამისათვის წარმოიდგინეთ, რომ არც ერთ ბრენდს, კომპანიას, რელიგიას, სეპერგმირს თუ დაჯგუფებას არ აქვს საკუთარი სიმბოლო. რა შეიცვლებოდა ამით? ძნელი იქნებოდა მათი გარჩევა ერთმანეთისგან. გაძნელდებოდა მათი შემჩნევა და ამოცნობა, გაძნელდებოდა მათი შინაარსისა და ტიპის დადგენა."                                                                                                                                                                                               გიორგი პოპიაშვილი


როცა უნივერსიტეტში "ქართული ლოგოს ანატომიის" გამოცემა დაანონსდა, რა თქმა უნდა გამიხარდა და კიდევ უფრო მეტად გამიხარდა ამ წიგნის ავტორები ჩემი ლექტორები რომ იყვნენ. "ქართული ლოგოს ანატომია" ნამდვილად საჭირო და დროული პროდუქტია, რადგან არანაირი კატალოგი არ არსებობდა ქართულ ლოგოებზე, შეუძლებელი იყო მათი დათვალიერება "ერთ სივრცეში".  პიარის ლექციაზე ქეისის სახით დეტალურად განვიხილეთ დაგეგმვის ყველა ის ნაბიჯი, რომელიც წიგნის გასაპიარებლად იყო საჭირო, პრესრელიზები, გაშუქების არხები, პრეზენტაცია, სპიკერები და ასე შემდეგ. ამ განხილვამ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, და ლოგოების მოყვარული სტუდენტები და არა მხოლოდ სტუდენტები სულმოუთქმელად ველოდით წიგნის გამოჩენას.


ბევრი რომ არ გავაგრძელო,  პირდაპირ სათქმელზე გადავლ.
თავიდან მეგონა ლოგოებით დახუნძლული ფერადი წიგნი მექნებოდა, დასათვალიერებლად სასიმოვნო და წასაკითხად ინფორმაციული, მაგრამ  წიგნი ვიზუალურად ჟურნალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფორმას, ზომას, ფერს და ვიზუალს (რომელიც ძალიან არ თავსდება წიგნის ფორმატში) თავი რომ დავანებოთ, წიგნის გადათვალიერებისთანავე შეამჩნევთ ლოგოების სიმცირეს. 52 გვერდიანი წიგნიდან მხოლოდ 23 გვერდშია დატეული ქართული ლოგოების ისტორია და ვიზუალური გამოსახულება. პირველი 16 გვერდი ასე ვთქვათ შესავალია, წინასიტყვაობა, წიგნის შესახებ ინფორმაცია, სარჩევი და რეკომენდაციები. ერთი უცხოელი და 4 წარმატებული ქართველის რჩევები, თუ როგორი უნდა იყოს ლოგო და რა ძირითდი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი კარგი ლოგოს შესაქმნელად. რეკომენდაციები საინტერესოა, მაგრამ,  თუ აუცილებლად 5 ადამინს უნდა ესაუბრა, მრავალფეროვნება და რამდენიმე უცხოური მაგალითის მოყვანა მაინც შეიძლებოდა. თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს ამბობს, რომ ლოგო უნდა იყოს მარტივი, შინაარსობრივი, დამამახსოვრებელი, უნიკალური და მოქნილი, ანუ ძირითად, აღიარებულ სტანდარტებზე საუბრობენ. გამეორება ცოდნის დედააო ამბობენ, მაგრამ ამ პატარა წიგნში ერთი და იგივეს 5 ჯერ გამეორება მეტისმეტია, სრულიად საკმარისი იქნებოდა გიორგი პოპიაშვილის რეკომენდაცია. (ნაწყვეტი პოსტის დასაწყისში), მაგრამ ხომ იცით, როგორ ხმამაღლა ჟღერს უცხოელი ექსპერტი, როგორი სნობები ვართ ქართველები და როგორ ძალიან ვაფასებთ უცხოელი ექსპერტის თითიეულ სიტყვას. კარგი იქნებოდა უცხოელ ექსპერტს ქართული ლოგოები მაინც განეხილა, ზოგადად, რამდენად ესაბამება უცხოურ სტანდარტებს, რა დონის და რა ხარისხის გამოსახულებებია და ასე შემდეგ. მაგრამ მხოლოდ 5 წესი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ კარგი ლოგოს შესაქმნელად.


 ის, რომ ლოგოები დალაგებულია თემატიკის მიხედვით, ცუდი არაა, (მე რატომღაც ანბანური თანმიმდევრობით ველოდი, როგორც უცხოურ კატალოგებშია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს). თავიდან იწყება მინერალური სასმელებით, შემდეგ მოდის ალკოჰოლური სასმელები, სააფთიაქო ფირმები, სადაზღვეო კომპანიები, ბანკ(ებ)ი და ასე შემდეგ.
  • წყლებში მხოლოდ "ბორჯომი", "საირმე","აქვა გეო" და "ლაღიძის წყლებია", არ არის "ნაბეღლავი", "ლიკანი", "სნო"....  
  • ალკოჰოლის კატეგორიაში დამაკლდა "ბაგრატიონი", "ბადაგონი".... შესულია მხოლოდ "სარაჯიშვილი", "შატო მუხრანი" და "თელიანი ველი".
  • ლუდის კომპანიებიდან მხოლოდ "ნატახტარს", "კასტელს" და"ზედაზენს" ერგოთ წიგნში ყოფნის პატივი. 
  • სააფთიაქო ქსელებიდან "ავერსისა" და "პე-ეს-პეს" გვერდით ვერ დავინახე "ჯი-პი-სი", "ფარმადეპო".
  • ბანკების კატეგორიაში მხოლოდ ერთი, "საქართველოს ბანკის" ლოგოა, სხვა ბანკებს რომ თავი დავანებოთ "ეროვნული ბანკის" ლოგომაც ვერ მოახერხა წიგნში შეღწევა. 
  • საკომუნიკაციო ქსელებიდან რატომ მხოლოდ "ჯეოსელი"? 
  • ან ტევევიზიებიდან რატომ მხოლოდ "რუსთავი 2" და "საზოგადოებრივი მაუწყებელი"? თან ყველას გვახსოვს თუ რამდენჯერ შეიცვალა პირველი არხის ლოგო, აქ კი მხოლოდ 2 გამოსახულებაა შესული. 
  • სავაჭრო ქსელების ლოგოები თითქმის არაა, მხოლოდ "სმარტის" ციყვი შემხვდა და ტექნკის ქსელებიდან "ალგორითმი". 
  • სამშენებლო კომპანიებშიც სიმცირეა, მხოლოდ "არსი" და "რედიქსი". 
  • უნივერსიტეტებიდანაც მხოლოდ 3 ლოგო - "თსუ", "ილიაუნი" და "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი".  
  • თეატრებიდან მხოლოდ "რუსთაველის" და "თუმანიშვილის" თეატრი. 
  • არც სახელმწიფო უწყებების ლოგოებშია სიუხვე, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სახლის, რკინიგზის, ფოსტის, საქპატენტის და ცესკოს ლოგოებია შესული. 
  • ორჯერ გადავათვალიერე და სპორტული გუნდების ლოგოებიდან არც ერთისთვის არ მომიკრავს თვალი. 
რა ვუყოთ იმ უამრავი კომპანიის ლოგოს, რომელიც საქართველოში შეიქმნა, საქართველოში არსებობს, მაგრამ ასე "დააიგნორეს"?  შეეძლოთ 2 გვერდი მაინც გამოეყოთ მათთვის და მხოლოდ გრაფიკული გამოსახულებები (ისტორიის გარეშე) ეჩვენებითან მკითხველ/დამთვალიერებლისთვის. 

მიჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რატომაა ასეთი სიმცირე ქართულ ლოგოების კრებულში და რა კატოგორიით შეირჩა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ლოგოები?
სანამ ლექციაზე წავალ და პირადად ვკითხვ წიგნის ავტორ ლექტორებს ამის შესახებ, თავად ვეცდები ნაწილობრივ გავცე პასუხი.

  • ალბათ უნდოდათ წიგნში მხოლოდ ის ბრენდები შესულიყვნენ რომლებმაც "ეპოქა შექმნეს"  (???)
  • ინფორმაცია ვერ მოიძიეს დანარჩენი კომპანიების ლოგოების ისტორიაზე (ეს ვერსია საეჭვოა)
  • ან საინტერესოდ არ ჩათვალეს სხვა ლოგოები, მათი შექმნის ისტორია და გდაწყვიტეს წიგნის გარეთ დაეტოვებინათ. (ეს ვარიანტი რეალურია)
  • ან იქნებ ბიუჯეტმა ვერ "გაქაჩა" ან არ "გაქაჩეს".  (ეს კი მართლა ეტყობა წიგნს)

მოკლედ, ასეთი წიგნი აუცილებლად უნდა არსებობდეს, საჭიროა სტუდენტებისთვის, გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, მენეჯერებისთვის და უბრალოდ ლოგოების მოყვარული ადამინებისთვის...  მართალია პირველი "ქართული ლოგოს ანატომია" იმსახურებდა, რომ უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამას უნდა დავჯერდეთ, სამწუხაროდ არ ვართ ბიზნეს ლიტერატურით და საერთოდ პროფესიული ლიტერატურით განებივრებულები, ამიტომ რასაც გვთავაზობენ ისიც სიხარულით უნდა მივიღოთ.


"რა თქმა უნდა კარგი ლოგო არ განსაზღვრავს, იქნება თუ არა ბიზნესი წარმატებული, მაგრამ, რომ დაფიქრდეთ, თითქმის ყვლა წარმატებულ კომპანიას აქვს კარგი ლოგო."                                                                                                                                                  ნინო ჩიქოვანი




No comments: