Wednesday, January 28, 2015

ზომბების რეაბილიტაციის პროგრამა


ვინ არიან ზომბები? ისინი „ყოფილი ადამიანები“ არიან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო დაემშვიდობნენ სიცოცხლეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ გაცოცხლდნენ და მიიღეს სხვანაირი ვიზუალი და გონება. მათ ადამიანობის პერიოდში ჰქონდათ განსხვავებული ჰორკრუქსი და სწორად ამან განაპირობა მათი ზომბირების პროცესი. არ არის გამორიცხული ზომბებს შორის ჩვენი წინაპრებიც იყვნენ, შეიძლება წლების შემდეგ  ჩვენი მეგობრები, ჩვენი შვილები, ან თუნდაც ჩვენ გავხდეთ ზომბები და აღმოგვაჩნდეს განსხვავებული ჰორკრუქსი.
ყველაზე დიდი შიში ხომ სიკვდილის შიშია, მაგრამ როცა ადამიანებს ეცოდინებათ, რომ აქვთ შანსი დაუბრუნდნენ ცხოვრებას ზომბის სახით, რომლისთვისაც შექმნილი იქნება შესაბამისი ადაპტირებული გარემო ეს იმოქმედებს მათ ფსიქოლოგიაზე ძალიან კარგად და დააძლევინებთ მათ ყველაზე დიდი შიშს - სიკვდილის შიშს.
 ამ ფაქტორის გათვალისწინებით და სამოქმედო გეგმაში გამოყენებით უნდა ვიზრუნოთ ზომბების ინტეგრირებაზე, რათა საქართველოში შევქმნათ ისეთი გარემო, როგორიც თანამედროვე სტანდარტებს შეეფერება. ზომბი არ უნდა იყოს „დამენტალიტეტებული“ და სწორხაზოვნად მოაზროვნე ადამინების ეპიტეთი, ზომბი უნდა იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი ნაწილი.
ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის რთული და შრომატევადი პროცესი იყო სხვადასხვა უმცირესობების ინტეგრაცია. ალბათ გახსოვთ რამდენი წელი დასჭირდა ანიმაგუსების, ლგბტ პირების, მაგლების, ყოფილი პატიმრების, ჰობიტების, შავკანიანების ინტეგრირებას საზოგადოებაში. ახლა დროა ზომბების რეაბილიტაციაზე ვიზრუნოთ.
პირველ რიგში უნდა შეიქმნას მონიტორინგის სამსახური, რომელიც ზომბებს გამოჩენისთანავე დააფიქსირებს და აღრიცხავს, აუცილებელია სასაფლაოების 24 საათიანი მეთვალყურეობა და ზომბის გამოჩენისთანავე მისი გადაყვანა შესაბამის სამედიცინო პუნქტში, რათა დროულად მოხდეს იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა კონკრეტული ზომბი საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ სუბიექტს, თუ წარმოადგენს, მაშინ გარკვეული პერიოდი ის უნდა გვყავდეს სპეციალურ გარემოში, სადაც მოხდება მისი აგრესიული ინსტინქტების მოკვლა ე.წ. „სევერუსის მეთოდით“. სევერუსის მეთოდი საკმაოდ პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში, დღეს მას წარმატებით იყენებენ უკვე აზიურ ქვეყნებშიც. სევერუსის მეთოდის სრულყოფილად ჩატარებისთვის საჭიროა მოხდეს ფსიქიატრების დატრენინგება, რათა სწორად და უმტკივნეულოდ ჩატარდეს ეს პროცესი. დატრენინგებისთვის საჭიროა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა ევროპიდან. როცა  ზომბი აღარ იქნება  საფრთხის შემცველი მას გაუშვებენ პუნქტიდან. ამის შემდეგ იწყება ადაპტაცის და კომუნიკაციის საკმაოდ რთული პროცესი. ერთ-ერთი პრობლემაა ენობრივი ბარიერი, ზომბების მეტყველება რთულად გასაგებია, ამიტომ კარგი იქნება თუ სკოლებში დაიწყება იმ ელემენტარული ჟესტების შესწავლა, რომლითაც შესაძლებელი გახდება ზომბებთან კომუნიკაცია. ამ საკითხზე უკვე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ზუდ“ (ზომბების უფლებათა დამცველები), რომლებიც ასევე მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ზომბების საცხოვრებლის შექმნა და მათი დასაქმების პროგრამა.

სევერუსის მეთოდ გავლილი ზომბები გამოირჩევიან ისეთი ფიზიკური მონაცემებით, რომლებიც წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული. ზომბებს აქვთ განსაკუთრებული ძალა, იძინებენ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 4-6 საათს, ადვილად ითვისებენ სიახლეებს, არიან შრომისმოყვარეები, მალე ეგუებიან ახალ გარემო-პირობებს და ვერ გრძნობენ სიცხესა და სიცივეს. მათი ეს უნარები შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა სფეროში და უხეშად რომ ვთქვათ „ზომბების ხარჯზე“ დავზოგოთ სხვა რესურსები. ამიტომ ზომბების დასაქმებით ორივე მხარე მოგებული დარჩება - ზომბებს ექნებათ სტაბულური შემოსავალი და შეეძლებათ იცხოვრონ დამოუკიდებლად, ხოლო მათ დამსაქმებლებს ეყოლებათ ძლიერი და შორიმისმოყვარე თამანშრომლები, რომლებიც მუშაობენ იმაზე მეტს, ვიდრე სტანდარტები ითვალისწინებს, ასეთი მმუშაობა გაზრდის მწარმოებლურობას.

მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. თანამედროვე მედიცინას უკვე შეუძლია შეისწავლოს ადამიანის ჰორკრუქსი და დაადგინოს მომავალში მოხდება თუ არა მისი ზომბირება. ამისთვის საჭიროა აპარარუტა, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, თუმცა მისი გამოყენება აუცლებელია, რადგან მას შეუძლია მოგვცეს შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში. თუ დადგინდება, რომ ადამიანი მომავალში გახდება ზომბი, ადამიანობაშივე შევძლებთ მის „დამუშავებას“ და ვასწავლით ისეთ მნიშნელოვან საკითხებს, რომელიც ზომბად ყოფნის დროს დაეხმარება ცხოვრებაში. ზომბად ქცეულ ასეთ ადამინებთან  საჭირო აღარაა „სევერუსის მეთოდის“ გამოყენება.

ვფიქრობ ჩვენი საზოგადოება უკვე მზადაა ზომბებთან თანაცხოვრებისთვის, მაგრამ აუცილებელია მაინც ჩატარდეს სხვადასხვა მასტიმულირებელი კამპანიები, რაც დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ საზოგადოებაში მცხოვრები ზომბები ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც ჰობიტები ან ადამიანები და ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს. ამისათვის საჭიროა სოციალურ ქსელებზე ინფორმაციის გავრცელება, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში ზომბებზე სიუჟეტის გაკეთება და დამსაქმებლებთან აქტიური კონტაქტი, რათა ზომბებს დამკვიდრების შანსი მიეცეთ. 


No comments: