Showing posts with label ბიზნესი. Show all posts
Showing posts with label ბიზნესი. Show all posts

Friday, April 17, 2015

ქართული ლოგოს ანატომია


"ლოგოს მთავარი მნიშვნელობა და შინაარსი ყველაზე მარტივად რომ დავინახოთ, ამისათვის წარმოიდგინეთ, რომ არც ერთ ბრენდს, კომპანიას, რელიგიას, სეპერგმირს თუ დაჯგუფებას არ აქვს საკუთარი სიმბოლო. რა შეიცვლებოდა ამით? ძნელი იქნებოდა მათი გარჩევა ერთმანეთისგან. გაძნელდებოდა მათი შემჩნევა და ამოცნობა, გაძნელდებოდა მათი შინაარსისა და ტიპის დადგენა."                                                                                                                                                                                               გიორგი პოპიაშვილი


როცა უნივერსიტეტში "ქართული ლოგოს ანატომიის" გამოცემა დაანონსდა, რა თქმა უნდა გამიხარდა და კიდევ უფრო მეტად გამიხარდა ამ წიგნის ავტორები ჩემი ლექტორები რომ იყვნენ. "ქართული ლოგოს ანატომია" ნამდვილად საჭირო და დროული პროდუქტია, რადგან არანაირი კატალოგი არ არსებობდა ქართულ ლოგოებზე, შეუძლებელი იყო მათი დათვალიერება "ერთ სივრცეში".  პიარის ლექციაზე ქეისის სახით დეტალურად განვიხილეთ დაგეგმვის ყველა ის ნაბიჯი, რომელიც წიგნის გასაპიარებლად იყო საჭირო, პრესრელიზები, გაშუქების არხები, პრეზენტაცია, სპიკერები და ასე შემდეგ. ამ განხილვამ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა, და ლოგოების მოყვარული სტუდენტები და არა მხოლოდ სტუდენტები სულმოუთქმელად ველოდით წიგნის გამოჩენას.


ბევრი რომ არ გავაგრძელო,  პირდაპირ სათქმელზე გადავლ.
თავიდან მეგონა ლოგოებით დახუნძლული ფერადი წიგნი მექნებოდა, დასათვალიერებლად სასიმოვნო და წასაკითხად ინფორმაციული, მაგრამ  წიგნი ვიზუალურად ჟურნალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფორმას, ზომას, ფერს და ვიზუალს (რომელიც ძალიან არ თავსდება წიგნის ფორმატში) თავი რომ დავანებოთ, წიგნის გადათვალიერებისთანავე შეამჩნევთ ლოგოების სიმცირეს. 52 გვერდიანი წიგნიდან მხოლოდ 23 გვერდშია დატეული ქართული ლოგოების ისტორია და ვიზუალური გამოსახულება. პირველი 16 გვერდი ასე ვთქვათ შესავალია, წინასიტყვაობა, წიგნის შესახებ ინფორმაცია, სარჩევი და რეკომენდაციები. ერთი უცხოელი და 4 წარმატებული ქართველის რჩევები, თუ როგორი უნდა იყოს ლოგო და რა ძირითდი კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი კარგი ლოგოს შესაქმნელად. რეკომენდაციები საინტერესოა, მაგრამ,  თუ აუცილებლად 5 ადამინს უნდა ესაუბრა, მრავალფეროვნება და რამდენიმე უცხოური მაგალითის მოყვანა მაინც შეიძლებოდა. თითქმის ყველა მათგანი ერთსა და იმავეს ამბობს, რომ ლოგო უნდა იყოს მარტივი, შინაარსობრივი, დამამახსოვრებელი, უნიკალური და მოქნილი, ანუ ძირითად, აღიარებულ სტანდარტებზე საუბრობენ. გამეორება ცოდნის დედააო ამბობენ, მაგრამ ამ პატარა წიგნში ერთი და იგივეს 5 ჯერ გამეორება მეტისმეტია, სრულიად საკმარისი იქნებოდა გიორგი პოპიაშვილის რეკომენდაცია. (ნაწყვეტი პოსტის დასაწყისში), მაგრამ ხომ იცით, როგორ ხმამაღლა ჟღერს უცხოელი ექსპერტი, როგორი სნობები ვართ ქართველები და როგორ ძალიან ვაფასებთ უცხოელი ექსპერტის თითიეულ სიტყვას. კარგი იქნებოდა უცხოელ ექსპერტს ქართული ლოგოები მაინც განეხილა, ზოგადად, რამდენად ესაბამება უცხოურ სტანდარტებს, რა დონის და რა ხარისხის გამოსახულებებია და ასე შემდეგ. მაგრამ მხოლოდ 5 წესი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ კარგი ლოგოს შესაქმნელად.


 ის, რომ ლოგოები დალაგებულია თემატიკის მიხედვით, ცუდი არაა, (მე რატომღაც ანბანური თანმიმდევრობით ველოდი, როგორც უცხოურ კატალოგებშია, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს). თავიდან იწყება მინერალური სასმელებით, შემდეგ მოდის ალკოჰოლური სასმელები, სააფთიაქო ფირმები, სადაზღვეო კომპანიები, ბანკ(ებ)ი და ასე შემდეგ.
  • წყლებში მხოლოდ "ბორჯომი", "საირმე","აქვა გეო" და "ლაღიძის წყლებია", არ არის "ნაბეღლავი", "ლიკანი", "სნო"....  
  • ალკოჰოლის კატეგორიაში დამაკლდა "ბაგრატიონი", "ბადაგონი".... შესულია მხოლოდ "სარაჯიშვილი", "შატო მუხრანი" და "თელიანი ველი".
  • ლუდის კომპანიებიდან მხოლოდ "ნატახტარს", "კასტელს" და"ზედაზენს" ერგოთ წიგნში ყოფნის პატივი. 
  • სააფთიაქო ქსელებიდან "ავერსისა" და "პე-ეს-პეს" გვერდით ვერ დავინახე "ჯი-პი-სი", "ფარმადეპო".
  • ბანკების კატეგორიაში მხოლოდ ერთი, "საქართველოს ბანკის" ლოგოა, სხვა ბანკებს რომ თავი დავანებოთ "ეროვნული ბანკის" ლოგომაც ვერ მოახერხა წიგნში შეღწევა. 
  • საკომუნიკაციო ქსელებიდან რატომ მხოლოდ "ჯეოსელი"? 
  • ან ტევევიზიებიდან რატომ მხოლოდ "რუსთავი 2" და "საზოგადოებრივი მაუწყებელი"? თან ყველას გვახსოვს თუ რამდენჯერ შეიცვალა პირველი არხის ლოგო, აქ კი მხოლოდ 2 გამოსახულებაა შესული. 
  • სავაჭრო ქსელების ლოგოები თითქმის არაა, მხოლოდ "სმარტის" ციყვი შემხვდა და ტექნკის ქსელებიდან "ალგორითმი". 
  • სამშენებლო კომპანიებშიც სიმცირეა, მხოლოდ "არსი" და "რედიქსი". 
  • უნივერსიტეტებიდანაც მხოლოდ 3 ლოგო - "თსუ", "ილიაუნი" და "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი".  
  • თეატრებიდან მხოლოდ "რუსთაველის" და "თუმანიშვილის" თეატრი. 
  • არც სახელმწიფო უწყებების ლოგოებშია სიუხვე, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სახლის, რკინიგზის, ფოსტის, საქპატენტის და ცესკოს ლოგოებია შესული. 
  • ორჯერ გადავათვალიერე და სპორტული გუნდების ლოგოებიდან არც ერთისთვის არ მომიკრავს თვალი. 
რა ვუყოთ იმ უამრავი კომპანიის ლოგოს, რომელიც საქართველოში შეიქმნა, საქართველოში არსებობს, მაგრამ ასე "დააიგნორეს"?  შეეძლოთ 2 გვერდი მაინც გამოეყოთ მათთვის და მხოლოდ გრაფიკული გამოსახულებები (ისტორიის გარეშე) ეჩვენებითან მკითხველ/დამთვალიერებლისთვის. 

მიჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რატომაა ასეთი სიმცირე ქართულ ლოგოების კრებულში და რა კატოგორიით შეირჩა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების ლოგოები?
სანამ ლექციაზე წავალ და პირადად ვკითხვ წიგნის ავტორ ლექტორებს ამის შესახებ, თავად ვეცდები ნაწილობრივ გავცე პასუხი.

  • ალბათ უნდოდათ წიგნში მხოლოდ ის ბრენდები შესულიყვნენ რომლებმაც "ეპოქა შექმნეს"  (???)
  • ინფორმაცია ვერ მოიძიეს დანარჩენი კომპანიების ლოგოების ისტორიაზე (ეს ვერსია საეჭვოა)
  • ან საინტერესოდ არ ჩათვალეს სხვა ლოგოები, მათი შექმნის ისტორია და გდაწყვიტეს წიგნის გარეთ დაეტოვებინათ. (ეს ვარიანტი რეალურია)
  • ან იქნებ ბიუჯეტმა ვერ "გაქაჩა" ან არ "გაქაჩეს".  (ეს კი მართლა ეტყობა წიგნს)

მოკლედ, ასეთი წიგნი აუცილებლად უნდა არსებობდეს, საჭიროა სტუდენტებისთვის, გრაფიკოსი დიზაინერებისთვის, მენეჯერებისთვის და უბრალოდ ლოგოების მოყვარული ადამინებისთვის...  მართალია პირველი "ქართული ლოგოს ანატომია" იმსახურებდა, რომ უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამას უნდა დავჯერდეთ, სამწუხაროდ არ ვართ ბიზნეს ლიტერატურით და საერთოდ პროფესიული ლიტერატურით განებივრებულები, ამიტომ რასაც გვთავაზობენ ისიც სიხარულით უნდა მივიღოთ.


"რა თქმა უნდა კარგი ლოგო არ განსაზღვრავს, იქნება თუ არა ბიზნესი წარმატებული, მაგრამ, რომ დაფიქრდეთ, თითქმის ყვლა წარმატებულ კომპანიას აქვს კარგი ლოგო."                                                                                                                                                  ნინო ჩიქოვანი




Monday, March 24, 2014

თანამედროვე მენეჯმენტი და ქართული მენეჯმენტის თავისებურებები

ყველა ადამიანი ირჩევს გარკვეულ პროფესიას, შემდეგ კი ცდილობს გახდეს წარმატებული არჩეულ სპეციალობაში. ყველა სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა  მენეჯერული უნარ-ჩვევების ქონა.  მენეჯმენტი საჭიროა ყველგან და ყველაფერში, უპირველესად ბიზნესში. ბიზნესი კი  მზარდი სფეროა. მისი წარმოდგენა შეუძლებელია ისეთი ტერმინების გარეშე, როგორიცაა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები... ბიზნესი ყიდის ყველაფერს! როგორც ბეგბედერმა აღნიშნა „99 ფრანკში“ - „ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე...  ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორიც სხვა დანარჩენი, მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა.“  (ეს ნაწარმოები ძალიან კარგად ასახავს თანამედროვე ბიზნესის კონკრეტულ სფეროსა და მასში მიმდინარე მოვლენებს). რაც შეეხება ადამიანის პროდუქტად ქცევას, ვფიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერია. 21-ე საუკუნეში ეს სრულიად ჩვეულებრივი და ლოგიკური მოვლენაა...  ეკონომისტებიც ამბობენ, რომ ადამიანური კაპიტალი ყველაზე სტაბილური და ნაკლებად რისკიანი ინვესტიციაა, რომელიც   ინტელექტუალურ პროდუქტს გვაძლევს. ამ პროდუქტს კი ჩადებული ინვესტიციის დიდი მოგებით დაბრუნება შეუძლია. კაცობრიობისათვის ადამიანის შემოქმედება და კრეატიული იდეები ამოუწურავი მარაგია და ის მენეჯმენტში წარმატებით გამოიყენება. მოკლედ რომ ვთქვათ, წარმატების მიღწევის უმთავრესი ამოცანაა -  ადამიანი და მისი რესურსი  პროდუქტად ვაქციოთ. ისევ ბეგბედერს დავესეხები: „ვინაიდან გლობალიზაციას ადამიანები არ აინტერესებს, იძულებული გავხდით პროდუქტი გავმხდარიყავით, რომ საზოგადოება ჩვენით დაინტერესებულიყო.“
რაც შეეხება მენეჯმენტს, მისი კლასიკური განმარტება ფრანგ მეწარმესა და თეორეტიკოსს, ჰენრი ფაიოლს, ეკუთვნის.ამ განმარტების თანახმად, მენეჯმენტი არის „პროგნოზირება და დაგეგმვა  იმისთვის, რომ მოვახდინოთ ორგანიზება, მართვა, კოორდინირება და კონტროლი“.
ბუნებრივია, არსებობს მენეჯმენტის სხვა განმარტებებიც და  ყველა მათგანის თანახმად, ეს არის მართვის პროცესი ორგანიზაციაში.  ეს  პროცესი არ გულისხმობს ადამიანების მართვას პირდაპირი გაგებით, არამედ ადამინური რესურსების მართვას, მუშაობის პროცესის ორგანიზებას, გადაწყვეტილებების მიღებას, სამუშაოს სწორ განაწილებას და, რაც მთავარია, განხორციელებული სამუშაოების შედეგად შემოსავლების ზრდას.
ფაიოლისა და მისი თანამედროვე მეწარმეების გამონათქვამები და მენეჯმენტური ხედვები დაახლოებით 100 წლის წინ ჩამოყალიბდა.  2008 წლის კონფერენციაზე, 35 პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი შეიკრიბა იმისათვის, რომ ემსჯელათ და შეემუშავებინათ ახალი მენეჯერული ხედვები და ტენდენციები.ტრანსფორმირდა ადრეული მიდგომები, შემუშავდა უფრო თანამედროვე სტრუქტურები.  დღეს ორგანიზაციები სხვა პირობებში მუშაობენ, ამიტომაც საჭიროა მუდმივი სიახლეები, ცვლილებები და, შესაბამისად, ამ ცვლილებების მიმართ შეგუების გამომუშავება. საბოლოოდ, ჩამოაყალიბეს 25 ძირითადი ტრანსფორმაციული ამოცანა, რომელსაც უნდა დაეფუძნოს მენეჯმენტის თანამედროვე განვითარება.თუ ადრე მენეჯმენტი ცდილობდა ადამიანის „დამორჩილების მექანიზმების“ შექმნის მცდელობას, თავისუფალი, დამოუკიდებელი, შემოქმედი პიროვნებების საკუთრებად ქცევას, დღეს ყველაფერი პირიქითაა, ორგანიზაციები დემოკრატიულები, ლოიალურები გახდნენ იქ მომუშავე პიროვნებების მიმართ. მაქსიმალურად დაფასებულია ადამიანური რესურსები და შესაძლებლობები.
            საქართველოში მენეჯმენტის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია 2008 წლის რუსეთ-საქართვლოს ომმა. განსაკუთრებით  დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინაიდან შეიქმნა სწრაფად ცვალებადი, არასტაბილური ბიზნესგარემო. მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს შორის არსებული მკვეთრი დისპროპორციის მიზეზია აგრეთვე მენეჯმენტში დაშვებული შეცდომები. ხშირად
ტერმინი მენეჯმენტი საერთოდ უგულებელყოფილია. არ იქნება „თამამი ნათქვამი“, რომ დღეს საქართველოში საშუალო ბიზნესი არ არსებობს, ეს კი თავისთავად კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობას გამორიცხავს. ხოლო რაც უფრო მეტად კონკურენტულ გარემოში უწევს ორგანიზაციას ყოფნა, მით უფრო მეტად მოტივირებულია ხელმძღვანელობა გუნდის განვითარებაზე, ჩვენთან კი ასე არ არის. კონკურენციის ნაკლებობის პირობებში კი არსებული საწარმოები ვერ უზრუნველყოფენ ინოვაციური ტექნოლოგიების სრულყოფასა და კონკურენციული უპირატესობის შექმნას. ზემოთქმული ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოება მინიმალური დანახარჯებით ხორციელდება. ასევე პრობლემას წარმოადგენს ვაკანტური ადგილების შევსება ნათესავებითა და მეგობრებით, რაც პირდაპირ გულისხმობს ცუდ მენეჯმენტს, კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა კადრების არაპროფესიოალიზმი. ზოგიერთ კომპანიაში ხელმძღვანელების დამოკიდებულება თანამშრომლებისადმი არაობიექტურია, დასახვეწია დროის და მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტიც.
ქართულ ბიზნესში არ მიჰყვებიან თანამდროვე ტენდენციებს ანუ არ ხდება მარკეტინგული, მენეჯმენტული ხედვების  რეალობაში გადატანა და ხორცშესხმა. თუმცა მარტო იდეები არაა  საკმარისი წარმატებისთვის. ბიზნესისათვის საჭიროა ფული. კანონზომიერებაა -  მარკეტინგზე, მენეჯმენტზე დახარჯული ფული, გაზრდილი გაყიდვების წყალობით, ბრუნდება გაცილებით დიდი მოგებით... ამით ბრენდები ბაზარზე პოზიციებს იმაგრებენ და უფრო ცნობადები ხდებიან. ეს მარტივი და ბუნებრივი კანონზომიერება დიდი ხნის წინ  „დაიჭირეს“ ამერიკელებმა და ევროპელებმა. ჩვენთან კი ბიზნესის დიდ ნაწილს, როგორც ამბობენ ხოლმე, ისეთი კატეგორია მართავს, ვინც ვერ რისკავს იმდენი თანხის ჩადებას (ხშირად იმის მიუხედავადაც, რომ დიდი ფული აქვთ) მენეჯერულ და მარკეტინგულ აქტივობებში, რამდენიც საჭიროა.
           გთავაზობთ  მარტივ ბიზნეს ფორმულას, რომელიც ვფიქრობ რომ არის რეალური, პერსპექტიული და პრაქტიკული: ადამიანური რესურსები + შრომა + ფული + რისკი = წარმატება!