Monday, December 17, 2012

„გალობანი სინანულისანი“



მსოფლიოში განუმეორებელი ტიტულ–თიკუნი „აღმაშენებელი“ არ აკმარა მას ისტორიამ. „ღმერთკაცად“ მოიხსენიებს შთამომავლობა... და მაინც, მეფეთ–მეფე „ვერ ისვენებს საფლავში ახლაც...“
რა ძნელია და რა ადვილი გაიგო, რატომ ტიროდა სინანულის ცრემლებით მეფე, რომელსაც  „ტანზე ქრისტესი აცვია კვართი“, „მხარზე ვეება გაუდევს ლოდი და მოდის – თითქოს უტვირთოდ მოდის“–, ან კაცი, „ვინც მტერნი გასხნა...“
„გელათის საყდარს“ ის ამ წუთებშიც თვალს არ აშორებს, ქართველთა კერას დღემდე დარაჯობს... მისი გულის გუგუნიდან „გალობანი სინანულისანი“ მოისმის უწყვეტად. რა სინანულია ასეთი ცრემლიანი, „ასეთი ცოდავა რა გაქვს მეფეო, მიუტევები?“
დავით აღმაშნებელი პიროვნების ფართო გაგებიდან ამოდის. ის თავისთავს უყურებს როგორც პირველი ადამიანის შთამომავალს. ცნობილია, რომ ძველი ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებების თანახმად, ადამიანი პირველცოდვის გამო დასცილდა „ღვთაებრივ ადამიანს“, „ზეციურ კაცს,“  ხოლო პირველსახისგან დაშორება ადამიანის შემდგომი დაცემისა და ცოდვათა გამრავლების საფუძველი გახდა. ამდენად, იგი თავისთა ცოდვათა დასაბამს პირველცოდვის კოსმიურ ფაქტში ხედავს... ამ აზრითაა გამსჭვალული „გალობანი სინანულისანი“, რომლის მხატვრულ სახეს სინანულს მიცემული პიროვნების შინაგანი ჰარმონია წარმოქმნის.
„1125 წლის დამდეგს დავით მეფე ტფილისის სასახლეში იყო.
საახალწლო დღეები იმ წლის საშინაო და საგარეო განაზრახთა განსჯას მოანდომა.
რომელიღაც დიდი საომარი ლაშქრობისათვის ემზადებოდა მეფე იმ ზამთარს.
...როცა უეცრად ფიქრი შეიბრუნა და მის აზრსაბრუნავში ერთბაშად ამოიმართა მარადიული საკითხავნი ცხოვრებისანი – სააღსარებო საკითხავნი.
დიახ, – რა იყო ჩემი წუთისოფელი, ანუ საწუთრო, ანუ „საწუთოი“, ვითარცა კაცისა, ვითარცა ხელმწიფისა... ანუ ვინა ვარ, ანუ ვინ ვიყავ მე?!
და იმ დღეებში უნდა განესრულებინა დავით აღმაშენებელს „ გალობანი სინანულისანი“, „გასაოცარი აღსარება, პოეზია და ფილოსოფია“(ლევან სანიკიძე, დავითიან–თამარიანი, თბ.,1994,გვ., 232).
უფლისადმი მიმართვით იწყება სინანული, ჰიმნოგრაფიული კანონის დაცვით...
უმადლო და უმადური გექმენიო: „ხოლო მე უმადლო გექმენ“ (გალობა პირველი). ბუნებისგან მონიჭებული ძალები ვერ გამოვიყენე და ბოროტება „დავჰბადეო“: „ბუნებითნი რაი ძალნი არა რჯულთაებრ ვიხუმიენ, მსგავსებისაგან დავაკლდი და დავჰბადე ბოროტი“.
ღვთისმშობლის წინაშე იჩოქებს და ინანიებს: „ქალწულო, ბრალეულთა თავსმდებო, რომელმან სიტყვაი განაზრქე ხორცითა და კარვითა მიწისაითა, სიზრაქე უსასოებისაი განმძარცვე, რაითა მონანული შეგივრდე შენ!“
...და გრძელდება შუა საუკუნეთა ქართული ლიტერატურული სინამდვილის იდეოლოგიისა და ესთეტიკური  მრწამსის გამოხატვით, ნაწარმოების ღერძი სასულიერო ლირიკაში კარგად ცნობილი სინანულის მოტივია. მასში ადამიანის შეცოდების ბიბლიური ისტორიის ფონზე დახასიათებულია დავითის პიროვნული ცოდვები. მაგრამ ავტორის პირადული განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე:
„ბილწ ვნებებს დავემონეო...
არც კაენური მკვლელობა დამკლებიაო..
ყოველი „შეგონებისა მწვირე“ მე უარესად „ვამრავალწილე“.
ყოველ ცოდვილთა შორის მე ვარ ცოდვილი უდიდესი. მე ვარ ყოველ სიბილწეთა შესავსებელი. „ხორცთა სჯულს“ დავემონეო (მაკედონელიც ხომ ასეთ „სისუსტეს“ უჩიოდა, ამბობს ლევან სანიკიძე, საყვარელი ქალისადმი ტრფიალებაც „იმონებდა“ სხეულებრივი ანაგებით სრულქმნილ კაციშვილს).
ციურ ძალებს ვეთაყვანებოდიო, საღვთო საქმეებში ვეჭვობდიო... საღვთო წიგნთა სჯულნი დავთრგუნეო...
ოქრო–ვერცხლი  თიხასავით ვიუნჯე, მლიქვნელობასა და მსტოვართა შენასმენს ყური შევუტკბეო...
შეიძლება ბევრმა იკითხოს, ამ მეფის პიროვნული ღირსებისა და პატივის შესახებ, ამგვარი „თვითაღიარების“ შემდგომაც რატომ ამბობენ –„დავით–სულითა ღვთით ანაბეჭდითა“... ეს საკმარისი ცოდვათა ჩამონათვალი არ არის?! არ კმარაო?!
რა ადვილია სხვისი ცოდვების ჩამონათვალში „სიკვდილის“ პოვნა, და რა ძნელია საკუთარი ცოდვებისათვის თვალებში ჩახედვა.
ეს არის სწორედ პიროვნული ღირსებისა და პატივის საკითხი: „საქართველოს ყოვლის მპყრობელმან“, ქართული მიწა–წყლის ღირსმსახურმა, მან ვინც „გასწია“ საქართველო „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე“ სულის სიმშვიდე „ვერსით“ იპოვა და მეფეთ მეფეს ყველა ცოდვა „გაუმხილა“. აღმაშენებელი – მეფე და სარდალი – უფლისა და შთამომავლობის წინაშე „განძარცვა“ და ამ საქციელით (და ეს არის ჩემი სათქმელიც!) მაგალითი მოგვცა, ჩვენს განვლილ ცხოვრებაზე წუხილი შევძლოთ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ... ადამიანური ნაკლოვანებების არ შეგვეშინდეს და უარი ვუთხრათ გულისთქმას, გახრწნას, გარყვნას...
მთავარი ჯერ არ თქმულა,  „გალობანი სინანულისანი“ სხვა რამესაც გვეუბნება: „თუმცა ყოველი გრძნობა გავრყვენ და გავხრწენ, უცხო ღმერთის წინაშე არასდროს არ მილოცია, არც უცხო რაიმე სარწმუნოება სულში ფიქრადაც არ გამივლია“(„გალობანი სინანულისანი“).
მეფეს უფლება მიუცია საკუთარი თავისთვის ეთხოვა ღვთისმშობლისა და მისი ღვთაება–ძისთვის:
„...და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართალ სჯიდე,
...
ცოდვილთა ჰგვემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესუ ჩემო!
...
გარნა მე შენითა ოხითა, დედოფალო, ვესავ ხილვად ნათელსა
ძისა შენისასა და ნათელსა ზეშთა საუკუნეთასა“.
ღვთისმშობლისადმი მოწიწება გამოსჭვივის მეფის საოცარ აღსარებაში. მე შენი ნათლის უშუალო ხილვას ვერ შევიძლებ, მაგრამ შენი მეოხებით შენი ძის ნათელს კი ვიხილავო.
„გალობანი სინანულისანი“– მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებასა და შინაგან კათარზისზე საზოგადოებრივ რეზონანსს იღებს. უინტიმურესი განცდები სააშკარაოზეა გამოტანილი, მაგრამ გალობათა გმირი დავითი საკუთარ შეცოდებათა ტყვე კი არ არის, არამედ განმგებელია მათი. ცოდვათა შეგნებით ცოდვა უკვე დაძლეულია. სულიერი საწყისი შინაგან წინააღმდეგობათა დაძლევით ზეიმობს ხორციელზე.
დავითის  „გალობათა“ შესახებ შეიძლება გავიმეოროთ ის, რასაც დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ გამო აღნიშნავენ: „გალობანი სინანულისანი“ არის ჰიმნი ადამიანისა, რომელიც სამყაროს საფეხურთა დამავალი და აღმავალი სვლით შინაგან განწმენდასა და სრულქმნას აღწევს“ (ქართული მწერლობა, წიგნი I, თბ., 1984, გვ.,91).
რა ძნელია და რა ადვილი ერთდროულად გაიგო ორი რამ:
„ჯვარითა მტერთა მძლეველი–მე დავით ვარ უძლეველი“ 
და „ნუ იხსენებ ძვირთა ჩემთა, და ნუ დამსჯი მე ქვესკნელთა თანა“.
თუმცა ქართველმა ხალხმა ამის გაგება შესძლო, საუკუნეთა მანძილზე არაერთი ლეგენდა შეთხზა „ღმერთკაცის“ პატივისცემის ნიშნად. ესეც გამონაგონია, დავითმა დაიბარა – გზაზე დამმარხეთ, რათა ჩემმა ხალხმა ჩემს ცოდვილ გულზე იაროსო... ამ ლეგენდას რეალური,  ფაქტობრივი, გენიალური, უპოეტურესი, ლეგენდარული გაგრძელება მოჰყვა... დავითის „ჰიმნი ადამიანზე“ შოთამ გააგრძელა, ლეგენდა ლეგენდად აქციაო...

დავითი – შოთა – ავთანდლი



   პოემის გმირის, ავთანდილის პროტოტიპს როცა ეძებენ, მკვლევარებსა და მეცნიერებს დავით აღმაშენებელი ახსენდებათ... თუმცა ორჭოფობენ კიდეც...
შევეცდები ამ საკითხთან დაკავშირებით  მსჯელობა შემოგთავაზოთ:
„ავთანდილის ცოცხალ პროტოტოპად დავით აღმაშენებელს მივიჩნევდი. ამ კაცმა უდიდესი პრაქტიკული საქმეც განახორციელა და სულიერებით სავსე ჰიმნიც დაწერა. დიდი საქართველოს აღმაშენებელ ხელმწიფეს შეუძლებელია უამრავი ისეთი საქმე არ გაეკეთებინა, რასაც ხორცის სამსახურად მივიჩნევდით და ისიც დაუჯერებელია, რომ „გალობანი სინანულისანი“ დაეწერა ადამიანს, ვინც სულიერების მწვერვალებს არ იყო მიმწვდარი. მაგრამ დავით აღმაშენებელმა ავთანდილივით ზუსტად იცოდა, როდის უნდა ყოფილიყო სულიერების ტრფიალი და როდის– ხორციელი საქმიანობის“ – შეიძლება თუ არა აკაკი ბაქრაძის  ამ მოსაზრებას არგუმენტირებულად დავუჭიროთ მხარი?!


ავთანდილი

I არგუმენტი:
დავით მეფე გახლდათ უაღრესად განსწავლული პიროვნება და ამაზე მოწმობენ ის ისტორიული ფაქტები, რომელიც დავითის მემატიანეთაგან შემოგვრჩა. მაგ., „...იმდენად დაუოკებელი ყოფილა მასში წიგნისადმი ტრფიალება, რომ „თვით ნადირობასა შინა წიგნნი აქვდდიან ხელითა.“  იმდენად ერთგული ყოფილა მეფე ამ მშვიდობიანი საქმიანობისა, რომ თავის განუწყვეტელ  მიმოსვლაში და „ლაშქრობათა მოუწყინებელთა“ ჯორ–აქლემებით  დაატარებდა თავის, უნდა ვიფიქროთ, არცთუ მწირ ბიბლიოთეკას,“ ან კიდევ, მემატიანე ერთგან წერს მასზე: „...მარტო წარვიდა ყოვლად უსაჭურვლო, ხრმლითა ოდენ და თანა წარიტანა წიგნი ღმრთისმეტყველი...“  და ამას აკეთებდა არა თავის შესაყოლებლად ან ფიქრთა გასართველად, რადგან როგორც მემატიანისგან ვიცით, წიგნის კითხვისას არ სჩვეოდა ზერელობა („გარეწარობა“), არამედ ცდილობდა საგანს ღრმად ჩასწვდენოდა, „განემარტა სიღრმე და ფარული ძალა წაკითხულისა“.
ავთანდილი კი („ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა“) ამბობს:
              „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“.
თუკი ამ ორ მომენტს შევადარებთ  ერთმანეთს, აღმოჩნდება რომ ავთანდილისთვის წიგნი, კითხვის სიყვარული  არ არის მხოლოდ.  „იმისთვის ვსწავლობთ , სიბრძნეს  იმიტომ ვიძენთ, რომ ჩვენი მორალური ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს შევერწყათ“ –ასე განმარტავს ნოდარ ნათაძე ზემომოყვანილი სტროფის აზრს.
რა გამოდის?! ორივე, მეფეთ მეფეც და ავთანდილიც, წიგნს ზერელედ არ კითხულობენ, მემატიანის თქმისა არ იყოს,  არ  სჩვეოდათ ამ დროს „გარეწარობა.“  მათი მიზანია, წაკითხული ბოლომდე და სწორად გაიაზრონ და რაც მთავარია, წაკითხულით მიღებული ცოდნით არგონ სხვებს.



II არგუმენტი
პიროვნულ ღირებულებათა დონეზე თუ განვიხილავთ მეფეთ–მეფისა და „ვეფხისტყაოსნის“ გმირის ავთანდილის ცხოვრებას,  ხელმოსაჭიდი არგუმენტების პოვნა ორივე მათგანის ანდერძშია შესაძლებელი.  
თუ დაკვირვებით წავიკითხავთ დავითის ანდერძს, დაწერილს თუ ნაკარნახევს „ დღეთა შინა სიკვდილისა,“ გავიგებთ რომ, მას „მეფობის შარავანდი“ და საერო ხელმწიფობა  უმაღლეს ღირებულებად კი არ მიაჩნდა, არამედ წარმავალ ტვირთად, რომლის სატარებლად მოავლინა მისი სული განგებამ  საქრისტიანოს ამ კუთხეში მის გადასარჩენად, სწორედ მაშინ, როდესაც მას უკიდურესი გასაჭირი ადგა.
 მსგავსი შინაარსი იკითხება  ავთანდილის ანდერძშიც:
„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან,–
მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე მლმობელმან.“
ავთანდილმა იცის,  „ტარიელის გზაზე“  შეიძლება ისეთ ხიფათს გადაეყაროს, რომ ცოცხალიც კი ვერ დაბრუნდეს შინ („ სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად,“ ანუ სიკვდილი მოვა ყველასთან) და თუ კი „ფილოსოფოსთა ბრძნობის “ მიმდევარია (ანუ ზემოთქმულს გავიხსენებთ, „ზერელედ“ არ კითხულობდა), მაშინ „სიყვარული აგვამაღლებს“ პრინციპით მოქმედებს. სპასპეტის ანდერძში „სიყვარული“ მხოლოდ მიჯნურობას არ გულისხმობს, ის სულის წრთობით მიღწეულ სიყვარულზე საუბრობს, ისეთზე, როგორი სულის წრთობის ზენიტშიც იყო გასული მეფეთ–მეფე. ორივესთვის სიცოცხლე მხოლოდ მაშინ იძენს ღირებულებას, თუ ის ადამიანის, პიროვნების, ქვეყნის, ერის, რწმენის, სიკეთის სამსახურში გაიხარჯება.
III არგუმენტი
 დავითიც და ავთანდილიც სიმდიდრეს აღიქვამენ, როგორც სიკეთის კეთების საშუალებას. „ანდერძში“ დავით მეფე იბარებს:
„...ხოლო დრაჰკანი, კოსტანტი ცვატას და ჩემნი ლალნი და თვალ–მარგალიტნი ხახულისა  ღმრთისშობლისადა შემიწირავს...“   „...თუ ელეოდეს მეფე დიმიტრი, ყოველი მისცეს მოძღვარსა ჩემსა, თუ არა, ნახევრისათვის წინაშე ღმრთისა ვესაჯები, რათა რომელი მონასტერნი მამულისა ჩემისანი განმიმწარებიან, მოძღვარმან ჩემმან უკუნცემითა მათითა ალოცნეს ჩემთვის.“
 „ავთანდილის ანდერძშიც“ არის მსგავსი სტროფები:
„მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერავისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღწვიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.
ღმერთსა მვედრებდეს მრავალი გლახაკი გულ–მხურვალები,
დამხსნას ხორცსა და სოფელსა, სხვად ნურას შევიცვალები,
კვლა ცეცხლი ჯოჯოხეთისა ნუმცა მწვავს, იგი ალები,
მომცეს მკვიდრივე მამული მუნ, ჩემი სასურვალები!“
ავთანდილს სურს, რომ მისი სულისათვის იზრუნონ, ილოცონ... მისთვის უმთავრესია გათავისუფლდეს ხორცისაგან და ამ ქვეყნისაგან. ყველაფერი ემეტება ამისთვის – უფრო ფასეულს ვერეფერს ხედავს ამ სამყაროში, ვიდრე მარადიულ ნათელში დამკვიდრდეს, რათა წუთისოფლის წვრილმანი ზრუნვები არ შეეხოს.
დავითის ანდერძიც ამ მიზანს ემსახურება – მარადიულ ნათელში დამკვიდრებას. სინანული ღვთისშემეცნების აუცილებელი პირობაა...  მეფეთ მეფის „გალობებში“ ჩამოთვლილია ცოდვები, ის მსჯავრს სდებს საწუთროში გაშლილ, ცოდვებით ანაგებ ისტორიას, აკნინებს მის ღირებულებებს, გმობს მათ და ამ გმობით, შეცნობით, მასზე მაღლა დგება. გარდაქმნილი გონებით ის განსჭვრეტს განვლილ წუთისოფელს, როცა „ზარი მეფობის“ გაუქმბულია და გადაშლილია სიცოცხლის წიგნის განკითხვის დღეს.
დასკვნა: ორივე მზად არიან განკითხვის დღისთვის, და ორივე მზად არიან, უარი თქვან ამქვეყნიურ სიამოვნებაზე, სიმდიდრეზე, მდგომარეობაზე, ოღონდ მარადიულ ნათელს მიუახლოვდნენ.
ეს არგუნმენტები საკმარისი არ არის, კიდევ ბევრია სამუშაო იმის დასამტკიცებლად, რომ შოთა რუსთველმა „ვეფხისტყაოსანში“ დავითის პროტოტიპად ნამდვილად ავთანდილი დაგვიხატა, თუმცა მსგავსება ნამდვილად არის. პოემას ჰყავს გმირი, რომლის აზროვნება ქრისტიანული მოძღვრების ცოდნაზეა დაფუძნებული: ავთანდილის დამოკიდებულებამ მოყვასისადმი  ქვეყნების საზღვრები გაუხსნა მეგობრობას, უცნობები ერთი მიზნისათვის გააერთიანა,  სახელმწიფოები დაამოყვრა...  დავითმაც ხომ ყველაფერი გააკეთა საქართველოს გასაერთიანებლად!
შოთამ იდეალურ გმირად  ავთანდილი დაგვიხატა, მემეატიანეებმა  იდეალურ მეფედ  დავითი აღგვიწერეს. ერთიც სიყვარულისთვის იბრძოდა და მეორეც. ავთანდილი ზოგადსაკაცობრიო იდეების სადარაჯოზეა, დავითი– ქვეყნისა და რწმენის... საბოლოო ჯამში კი ორივე უფლით ბოძებულის– სიცოცხლისა და სიყვარულის – სწორად დახარჯვისა და გამოხატვის საქმეს ემსახურებიან.
ზემომოყვანილ მსჯელობას, ალბათ, მოჰყვება კითხვა: ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ თამარ მეფეს ეძღვნება პოემა და თინათინი თამარის პროტოტიპია.  დავითი რომ ავთანდილის პროტორიპი იყოს, მაშინ ისტორიულ დროში აცდენასთან არ გვექნება საქმე ( თამარი იყო დავითის შვილთაშვილი)?! თუმცა, არ არის გამორიცხული, ამ ლიტერატურული ხერხით გაეცოცხლებინა შოთას დიდი მეფე და მოეხადა ვალი მის წინაშე.
ამ მოსაზრებას მწერალი თამაზ ჭილაძე  „ვარდის ფურცლობის ნიშანში“ განიხილავს.  მეცნიერულ დონეზე იკვლევს რა, შოთა რუსთაველის ვინაობის გასაიდუმლოების საკითხს, პირველი რუსთველოლოგის ვახტანგ VI–ის მოსაზრებას იზიარებს, რომ პოემა თამარ მეფის ქებას არ წარმოადგენდა. ანუ „მიუხვდნენ“ პოეტს განზრახვას და... ამიტომაც სდევნიდნენ მის „ვეფხისტყაოსანს“, ბრალს სდებდნენ „ცუდად დაწერაო“... რას გულისხმობდა ეს „განზრახვა“?
„ბრალდებლებმა“ ზუსტად იგრძნეს, ეს ნაწარმოები აპოლიტიკური რომ არ იყო,– წერს თ. ჭილაძე, – და არც იმაში შემცდარან, იგი ქებად რომ მიიჩნიეს, ოღონდ თამარის კი არა, არამედ სხვა პიროვნების. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს რეალურად არსებული, კონკრეტული პიროვნების ქება კი არ არის, არამედ – მის მიერ  დამკვიდრებული აზრისა, იდეისა, რწმენისა...
არავინ დავობს იმაზე, რომ თამარი გონიერი პიროვნება იყო, არც იმაზე, რომ გიორგი III ალღოიანი და ჭკვიანი ხელისუფალი ბრძანდებოდა, იმაზე, რომ ორივემ, მამა–შვილმა იცოდა მეფობა. თანამედროვე ისტორიკოსების აზრით, თამარის პოლიტიკური კურსი მინიშვნელოვნად განსხვავდებოდა  დავით აღმაშენებლის პოლიტიკისაგან. „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომში ვკითხულობთ, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური ხაზის განვითარებას გულისხმობს, უფრო ზუსტად,  ამ „კურსის მარცხს“ თამარის სამეფო ტახტზე ასვლის შემდგომ. ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კი, როგორც ცნობილია, საშინაო პოლიტიკის ანარეკლია.
პოლიტიკური მრწამსითა და პოზიციით შოთა რუსთაველი მეფეთ მეფე დავითის გზის გამგრძელებელია და არა თამარ მეფის.  ამ მოსაზრებას ასე აანალიზებს თამაზ ჭილაძე: „საკმარისია, თვლი გავადევნოთ XI-XII ს–ის ქართულ სახელმწიფოებრივ–პოლიტიკური აზრის მოძრაობას, რომ მაშინვე ნათელი გახდეს, რამდენად ორგანული, ღვიძლი მოვლენა იყო იმდროინდელი ქართული სინამდვილისთვის რუსთაველი, რამდენად აშკარაა კავშირი ორ ბუმბერაზ პიროვნებას – დავით აღმაშენებელსა და შოთა რუსთაველს შორის. რუსთაველის დიად პოლიტიკურ იდეად გარდაქმნილი მოქალაქეობრივი მრწამსი  დავით აღმაშენებლის პოლიტიკური  პოზიიციიდან იღებს ბიძგს.“
თუკი თანამედროვე ისტორიკოსები საგარეო პოლიტიკაში ხედავენ „მარცხს“, თამაზ ჭილაძეს პიროვნების ღირსების საკითხზე აქვს აქცენტი გაკეთებული და, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს ბევრად მნიშვნელოვანია: „დავით აღმაშენებლის ბრძოლა მაღალზნეობრივი, ღირსეული პიროვნების, როგორც საზოგადოების საფუძვლისთვის (თუკი ქვეყნის საზოგადოება არ შედგება თავისუფალი და ღირსეული პიროვნებებისაგან, იმ ქვეყნის წინსვლა ძნელია–ქ.უ.), რუსთაველის პოემაში იქცა მთავარ მამოძრავებელ იდეად..., ამავე დროს, ერთგვარ ერეტიკულ აზრადაც, რამდენადაც თამარის დროს, როცა რუსთაველი მოღვაწეობდა, უკვე საწინააღმდეგო შეხედულება იყო დაკანონებული“(„ვარდის ფურცლობის ნიშანი“, გვ.,336).
„ვეფხისტყაოსნის“ დაკავშირება რენესანსთან ახალ მოსაზრებას არ წარმოადგენს და თუ კი ასეა, ჩემს ძირითად სათქმელამდეც მივედი:
მინდა მჯეროდეს, რომ დავით აღმაშენებლის პიროვნული ბუმბერაზობაა საფუძველი შოთა რუსთაველის პირივნული ბუმბერაზობისა... და რომ ორივემ ერთად  ოქროს ასოებით ჩაწერეს ქართველი ხალხის მახსოვრობაში: ადამიანის ჭეშმარიტ ღირსებასთან არავითარი კავშირი არა აქვს არც შთამომავლობას და არც სოციალურ რაიმე უპირატესობას. ეს საზოგადო მოღვაწეობისათვის კი იმაზე დიდი მონაპოვარია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რისთვისაც იბრძვიან და იღწვიან ქვეყნის ღვაწლმოსილი შვილები.
ერთიანობის განცდა სჭირდებოდა (და სჭირდება) ქართველ ხალხს ყველაზე მეტად, და ამ განცდამ, სწორედ დავითის ეპოქაში, მიიღო სრულყოფილება („ვეფხისტყაოსანი“ კი ლოგიკური გაგრძელებაა ამ ძალისხმევის.)
ილია ჭავჭავაძემ თავის წერილში „დავით აღმაშენებელი“ „მე–12 საუკუნის კაცი“ უწოდა მეფეთ–მეფეს. სინამდვილეში, ის ყველა მომდევნო „საუკუნის კაცი“ იყო, უბრალოდ, მიზეზთა და მიზეზთა გამო, მისი მოპოვებული „ერთობის განცდის“ გაცნობიერება, შენარჩუნება, მისთვის ბრძოლა ვერ ხერხდებოდა...  საუკუნეებმაც და მეფეებმაც, ნებით თუ უნებლიეთ, ბევრჯერ დაყარეს ფარ–ხმალი.
„დავით აღმაშენებელი 21–ე საუკუნის კაცია!“  და მომავალშიც ერთიანი, ძლიერი საქართველოს განცდას მუდამ თან ახლდეს იქნება დავით აღმაშენებლის სული.