Monday, November 26, 2012

პოეზია + როკი

გაინტერესებთ რა აკავშირებთ  AC/DC–ს,  Pink Floyd–ს  და Beatles–ს გალაკტიონთან ? უსმინეთ და მიხვდებით...



1.  Thunderstruck–ის ფონზე ჩართეთ გალაკტიონის "მთაწმინდის მთვარე". ლექსს ხმა ბოლომდე აუწიეთ, მუსიკას ოდნავ ჩაუწიეთ და ისიამოვნეთ.....










2.  Hey Jude–ის მე–16 წამზე ჩართეთ "თოვლი"..... 








3. Pink Floyd–ის ფონზე მოუსმინეთ გალაკტიონის "სილაჟვარდეს".







 

 (იდეისთვის მადლობა ირაკლი ჯახუას, უბრალოდ არ მინდოდა ჩვენი მსგავსი მესიჯები  მხოლოდ  facebook–ზე დარჩენილიყო <3 )

Sunday, November 25, 2012

სიყვარულის მსხვერპლი ......ოۥ ჰენრი.....

 როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება.
ასეთია ჩვენი წანამძღვარი. მოთხრობა გამოიტანს აქედან დასკვნას და ამავე დროს დაამტკიცებს თვითონ წანამძღვრის მცდარობას. ეს
სრულიად ახალი ხერხი თხრობის ხელოვნებაში, რომელიც ჩინეთის დიდ კედელზე უფრო ძველია.
ჯო ლერები ეწვია წუთისოფელს შუა დასავლეთის მუხნარებით დაფარულ სივრცეებში და მასში იმთავითვე მხატვრობის უჩვეულო ნიჭმა იფეთქა. ექვსი წლის ასაკში დახატა თავისი ქალაქის წყალსატუმი, მის გვერდით აჩქარებული ნაბიჯით მიმავალი გამოჩენილი მოქალაქითურთ.
ეს ქმნილება ჩარჩოში ჩასვეს და მოათავსეს აფთიაქის ფანჯარაში, სიმინდის ტაროს მეზობლად, რომელიც მარცვალთა რიგების კენტ რიცხვს
შეიცავდა. ოცი წლისა კი გაემგზავრა ნიუ_იორკისაკენ, დაუდევრად შეკრული ხელსახვევით და უფრო საიმედოდ გაკრული ქისით.
დელია კარადერსი ისე ნიჭიერად ასრულებდა ექვსოქტავიან პიესებს როიალზე ფიჭვნარით გარშემორტყმულ სამხრეთის სოფელში, რომ
ნათესავებმა შეუგროვეს საკმარისი თანხა “ჩრდილოეთში” წასასვლელად და მუსიკალური განათლების “დასასრულებლად”. ისინი ვერ
მოესწრნენ მის დასრულ... მაგრამ სწორე დეს უნდა გახდეს ჩვენი მოთხრობის საგანი.
ჯო და დელია შეხვდნენ ერთმანეთს სტუდიაში, სადაც თავი მოეყარათ მუსიკალური და სამხედრო სასწავლებლების მოწაფეებს, რომ
ეკამათათ შუქჩრდილების, ვაგნერის, რემბრანტის სურათების, ვალდტოიფელის, შპალერების, შოპენისა და ულონგის შესახებ.
ჯოს და დელიას შეუყვარდათ ერთმანეთი, ან ერთიმეორე (როგორც უფრო მოგეწონოთ) და მალე ჯვარი დაიწერეს, რადგან (იხ. ზევით)
როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება.
მისტერ და მისის ლერებიმ დაიბუდეს პატარა ბინაში, რომელიც ისე ობლად გამოიყურებოდა, როგორც მისი დიეზი კლავიატურის მარცხენა
კუთხეში, და ბედნიერად იგრძნეს თავი, რადგან მათ ჰქონდათ თავიანთი ხელოვნება და ჰყავდათ ერთმანეთი. მე ვურჩევდი ყველა მდიდარ
ახალგაზრდას _გაყიდოს ყველაფერი,რაც გააჩნია, და დაურიგოს ღარიბებს, რომ შესძლოს ცხოვრება პატარა ბინაში, თავის ხელოვნებასა და
თავის დელიასთან ერთად.
იაფი ბინების მცხოვრებლები დამიმოწმებიან, რომ მარტო მათი ბედნიერებაა ნამდვილი. თუ ოჯახი ბედნიერია, არ შეიძლება ბინა ვიწროდ
მოგეჩვენოთ მაშინაც კი, როდესაც ბუფეტი იშლება და ბილიარდის მაგიდად გადაიქცევა, ბუხარი სავარჯიშო მოწყობილობის მაგივრობას
ასრულებს, საწერი მაგიდა სტუმრებისთვის საწოლად იხმარება, პირსაბანი კი_პიანინოდ: არაფერია, თუნდა ოთხივე კედელი შეერთდეს,
ოღონდ თქვენ და თქვენი დელია შიგ მოექცეთ მაგრამ, თუ ოჯახი სხვანაირია, ბინა ფართოც რომ იყოს და გრძელიც, ოქროს კარებშიც რომ
შეხვიდეთ და ქუდი კეთილი იმედის კონცხზე ჩამოჰკიდოთ, ბინა მაინც ვიწროდ მოგეჩვენებათ.
ჯო ხატავდა განთქმული მაჯისტერის კლასში. რაღა თქმა უნდა, გაგონილი გექნებათ მისი ქება. მისი გაკვეთილების ფასი მაღალია და
საკმაოდ საგრძნობი, სწავლების მეთოდი კი მსუბუქი და თითქმის შეუმჩნეველი. ამ მეთოდმა მას მქუხარე სახელი მოუხვეჭა. დელია
სწავლობდა როზენშტოგთან. უეჭველია, ეს გვარიც გსმენიათ_შორს გავარდნილია ამ როიალების მნგრეველის სახელი.
ერთი სიტყვით, ჯო და დელია უსაზღვროდ ბედნიერები იყვნენ, სანამ ფული ჰქონდათ. ასე ბედნიერია ყველა... მაგრამ მე არ მინდა
ცინიკოსი ვიყო. მათი მიზნები სრულიად ნათელი იყო და გარკვეული: ჯოს სულ მალე ისეთი სურათების ხატვა უნდა შესძლებოდა,
რომლებისთვისაც მის სტუდიაში თხელწვერება და სქელსაფულეებიანი ჯენლტმენები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გამართავდნენ.
დელია კი ჯერ სავსებით უნდა დაუფლებოდა მუსიკას, მერე თავისი ძალა უნდა ეგრძნო ისე, რომ ერთი-ორ ცარიელ ლოჟას და პირველ რიგში
რამდენიმე თავისუფალ სკამს რომ დაინახავდა, შესძლებოდა ყელი ასტკენოდა, საკუთარ სასადილო ოთახში ასთაკვებით დამტკბარიყო და
გამოსვლაზე უარი ეთქვა.
მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ყველაზე კარგი იყო მაინც ოჯახური ცხოვრება ამ პატარა ბინაში ცოცხალი, მგზნებარე საუბრები მთელი დგის
მეცადინეობის შემდეგ, მყუდრო სადილები და მხიარული, მსუბუქი საუზმეები პატივმოყვარე, მუდამ ერთიმეორეში გადახლართული ოცნებები,
ერთმანეთის დახმარება და შთაგონება და, მაპატიეთ სიმარტივე, ზეთის ხილი და ყველიანი ბუტერბროდები საგამოს თერთმეტზე.
მაგრამ მალე ხელოვნებამ ჩკნობა დაიწყო. უხეში ხალხის თქმისა არ იყოს, ყველაფერი გამოდიოდა სახლიდან და აღარაფერი
შემოდიოდა. აღარ ჰყოფნიდათ ფული, რომ მისტერ მაჯისტერის და ჰერ როზენშტოკის გაკვეთილების ფასი ეხადათ. როცა ადამიანს უყვარს
ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება. ამიტომ დელიამ გამოაცხადა, რომ მუსიკის მასწავლებლობას დაიწყებს და ამით ოჯახს
ცარიელი ტაფების საშიშროებისაგან იხსნის.
რამდენიმე დღე დელიამ მოწაფეების ძებნაში გაატარა. ერთ საღამოს გახარებული დაბრუნდა შინ.
_ჯო, საყვარელო, _ თქვა მან სიამაყით და აღტაცებით, _ მოწაფე ვიშოვე... იცი, რა საყვარელი ხალხია. გენერლ, გენერალ ა.ბ.პინქნეის
ქალიშვილია.სამოცდამეთერთმეტე ქუჩაზე. რა ბრწყინვალე სახლია, ჯო! ისეთი სადარბაზო კარები აქვს! შენ იტყოდი, ალბათ, ბიზანტიური
სტილისააო. შიგნით კი, ოჰ, ჯო! ჩემს დღეში არაფერი მინახავს ამის მსგავსი. მოწაფეს კლემენტინა ჰქვია. უკვე ძალიან შემორამდა. ისეთი
ლამაზია! ყოველთვის თეთრები აცვია. მერე ისე კარგად, ისე უბრალოდ იქცევა. ჯერ 18 წლისაა. კვირაში სამი გაკვეთილი უნდა ჩაუტარო, და,
წარმოიდგინე, ჯო, თითო გაკვეთილში ხუთ დოლლარს მივიღებ. მე ეს სრულებითაც არ მამძიმებს. კიდევ ორიოდე მოწაფეს რომ ვიშოვნი,
შემეძლება ჰერ როზენშტოქთან გაკვეთილები განვაახლი. აბა ახლა შუბლი გაშალე, გენაცვალე, და მოდი მხიარულად ვივახშმოთ.
_ შენთვის ადვილია ამაზე ლაპარაკი, _ თქვა ჯომ და დანით ცერცვის კონსერვებს შეუტია, _ მაგრამ, აბა ერთი მე მკითხე. ნუთუ გგონია
მოვითმენ, შენ ფულის საშოვნელად ირბინო, მე კი მაღალი ხელოვნების სფეროში ვინავარდო! არა, ბენვენუტო ჩელვინის ძვლებსა ვფიცავარ!
ვფიქრობ, მეც შევძლებ გაზეთების გაყიდვას, ან ქუჩის მოკირწყლვას და ერთი-ორ დოლლარს მაინც შემოვიტან სახლში.
დელია მივიდა და კისერზე მოეხვია.
_ ჯო, გენაცვალე, რა სულელი ხარ. აუცილებლად უნდა განაგრძო სწავლა. შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვე თავი დამენებებინოს
მუსიკისთვის და სხვა რაღაცას ვაკეთებდე. რომ ვასწავლი, მე თვითონაც ვსწავლობ. მუსიკას არ ვშორდები. იცი, ისე ბედნიერად შეგვიძლია
ვიცხოვროთ ჩვენი თხუთმეტი დოლარით კვირაში, როგორც ნამდვილმა მილიონერებმა. აზრადაც ნუ მოგივა მაჯისტერის დატოვება.
_ კარგი, _ თქვა ჯომ და ბოსტნეულიან ლურჯ დაკბილულ სინს მისწვდა. _ სულაც არ მომწონს, რომ მუსიკას ასწავლი. ეს ხომ
ხელოვნება აღარ არის. მაგრამ რა საყვარელი გოგონა ხარ, რომ ამას აკეთებ, დელ!
_ როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ ემძიმება, _ თქვა დელიამ.
_ მაჯისტერმა მომიწონა ცა იმ ესკიზში, პარკში რომ დავხატე, _ თქვა ჯომ. _ ტინკლმა კი ნება მომცა ორი ესკიზი მისი მაღაზიის
ფანჯარაში გამოვფინო. იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და ერთი მაინც გავყიდო, რომელიმე ფულიან იდიოტს თუ მოხვდა თვალში.
_Pდარწმუნებული ვარ, რომ გაყიდი, _ თქვა დელიამ ტკბილად. _ ახლა კი გენერალ პინქნეისა და ხბოს მწვადისთვისაც ბედის
მადლიერი ვიყოთ.
მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ისინი უჩვეულოდ ადრე საუზმობდნენ. ჯი გატაცებული იყო დილის განათების ეფექტით და
აკეთებდა ესკიზებს ცენტრალურ პარკში. დელია ასაუზმებდა ხოლმე მას, მოეფერებოდა, შეაქებდა, აკოცებდა და ისე გაისტუმრებდა დილის
შვიდ საათზე. ხელოვნება მიმზიდველი ქალბატონია. ამიტომაც ჯო თითქმის ყოველთვის საღამოს შვიდისთვის ბრუნდებოდა.
კვირის ბოლოს, სინაზით და სიამაყით აღსავსე, თუმცა დაღლილმა, დელიამ სადღესასწაულო ისერით დააგდო სამი ხუთ დოლარიანი
ასიგნაცია რვა მტკაველი სიგანის და ათი მტკაველი სიგრძის მაგიდაზე, რომელიც იდგა რვა არშინის სიგანისა და ათი არშინის სიგრძის
სასტუმრო ოთახში.
_ ზოგჯერ, _ თქვა მან ოდნავ დაღლილი ხმით, _ კლემენტინა მაწვალებს ხოლმე. მე მგონი საკმარისად არ ვარჯიშობს და იძულებული
ვხდები ერთი და იგივე ისე ხშირად გავიმეორო! მერე სულ თეთრებშია გამოწყობილი ყოველთვის და ხომ მოგბეზრდება ბოლოს და ბოლოს.
სამაგიეროდ გენერალი პინქნეი საუცხოო მოხუცია. ნეტა იცნობდე, ჯო! ხანდახან შემოვა ხოლმე, როცა მე და კლემენტინა პიანინოსთან
ვზივართ, ხომ იცი, ქვრივია, დადგება და თავის თეთრ წვერს აწვალებს. მერე ყოველთვის იკითხავს ხოლმე _ როგორ არიან ტქვენი მერვედები
და მეთექვსმეტედები?
_ ნეტა მათი სასტუმრო ოთახის პანელი და აღმოსავლური ფარდები განახა, ჯო! კლემენტინას ისეთი სასაცილო ჩვეულება აქვს.
წამდაუწუმ ჩაახველებს ხოლმე. იმედი მაქვს უფრო ჯანმრთელია სინამდვილეში, ვიდრე ჩანს. თანდათან ვატყობ, მართლაც შემიყვარდა. ისეთი
სათუთი და ზრდილობიანია. გენერალ პინქნეის ზმა ერთ ხანს ბოლივიაში ყოფილა ელცად.
მაშინ ჯომ გრაფ მონტე კრისტოს იერით ამოალაგა ჯიბიდან ჯერ ათი, მერე ხუთი, მერე ორი, მერე ერთი დოლარიანი _ ნამდვილი,
კანონიერი ასიგნაციები და დააწყო მაგიდაზე დელიას მონაგარის გვერდით.
ობელისკიანი აკვარელი მივყიდე ერთ პეორიელს, _ განაცხადა მან. . .
_ როგორ არა. ნეტავი განახა, სულ მრგვალია, სალის ყელსახვევი უკეთია და წამდაუწუმ ბატის ფრთით იჩიჩქნის კბილებს. ტინკლეს
ვიტრინაზე ნახა ჩემი სკეჩი. ჯერ ქარის წისქვილი ეგონა. მაგრამ, უკან არ დაიხია მაგრამ მაინც იყიდა. მეორეც შემიკვეთა _ ლაკავანას საბარგო
სადგური. უნდა, რომ თან წაიღოს პეორიაში. მუსიკის სწავლება კი მაინც ხელოვნებაა, მდელ.
_ როგორ მიხარია, რომ თავი არ დაანებე შენს საქმეს, _ თქვა დელიამ გულიანად. _ შენ ნამდვილად გაიმარჯვებ, საყვარელო.
ოცდაცამეტი დოლარი. ჯერ ხომ არასოდეს გვქონია ამდენი. ვახშმად ლოკოკინები ვიყიდოთ.
_ და შემწვარი სუკი ქამა-სოკოთი, _ თქვა ჯომ _ ზეთისხილის ჩანგალი რა იქნა?
შემდეგ შაბათს პირველი ჯო დაბრინდა შინ, დააწყო მოტანილი თვრამეტი დოლარი სასადილო მაგიდაზე და გადაიბანა ხელებიდან
რაღაცა ძალიან შავი, ალბათ ზეთის საღებავი.
ნახევარ საათში დელიაც მოვიდა. მარჯვენა ხელზე ჩვრების და სახვევების უფორმო მასა ჰქონდა შემოხვეული.
_ რა მოგივიდა? _ იკითხა ჯომ ჩვეულებრივი მიგებების შემდეგ. დელიამ გაიცინა, მაგრამ არცთუ ძალიან მხიარულად.
_ კლემენტინამ ყველიან ყიყლიყოებზე დამპატიჟა გაკვეთილის შემდეგ, _ განმარტა დელიამ, _ რა უცნაური ბავშვია. სად გაგონილა
ყიყლიყოს ჭამა სარამოს ხუთ საათზე? გენერალიც იქ იყო. უნდა გენახა, როგორ გაიქცა ტაფის მოსატანა. თითქოს მოსამსახურე არა ჰყავდეთ.
კლემენტინა ისეთი სუსტია და ნერვიული. სუფრას რომ შლიდა, ცხელი ყიყლიყო მაჯაზე გადამასხა. საშინლად მეტკინა, ჯო. საწყალი გოგონა
შეწუხდა, გენერალი კი, ეს მოხუცი კაცი, კინაღამ გაგიჯდა. გავარდა ოთახიდან ქვედა სართულში და აფთიაქში გაგზავნა ვიღაცა, ცეცხლფარეში
იყო თუ სხვა რომელიღაც მოსამსახურე, ზეთის და სახვევების მოსატანად. ახლა ისე აღარ მტკივა.
_ ეს რა არის? _ იკითხა ჯომ, ნაზად აიღო დელიას ხელი და სახვევის ქვეშიდან რარაც თეთრი ნაჭრები ამოაძრო.
_ რბილი რაღაცაა, _ თქვა დელიამ. _ ზეთით იყო გაჟღენთილი. ო, ჯო, მეორე სურათიც გაყიდე? _ მან მაგიდაზე ფული დაინახა.
_ გავყიდე, _ თქვა ჯომ, _ აბა წადი და პეორეალს ჰკითხე. დღეს ჩემი სადგური წაიღო და დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მგონი უნდა
კიდევ ჰუდზონის ხედი და პარკის სურათი შემიკვეთოს. ხელი რომელ საათზე დაიწვი, დელ?
_ მგონი ხუთი იყო, _ თქვა დელიამ საწყლად, _ უთო. . . ყიყილიყო უნდა მთქვა, სწორედ მზად იყო და . . . ჯო, უნდა გენახა გენერალ
ინქნეი, როცა. . .
_ მოდი, დელ, ერთი წუთით ჩემთან დაჯექი, _ თქვა ჯომ, ტახტთან მიიყვანა, თვითონ გვერდით მიუჯდა და მხრებზე ხელი შემოჰხვია.
_ რას აკეთებდი ამ ორი კვირის განმავლობაში? _ იკითხა მან.
რამდენიმე წუთს დელია სიყვარულით და სიჯიუტით სავსე თვალებით პირდაპირ უყურებდა ჯოს, მერე სუსტი ხმით წაიბურტყუნა რაგაცა
გენერალ პინქნეის შესახებ, ბოლოს თავი დახარა და ცრემლებთან ერთად სიმართლე გამოჩნდა.
_ მოწაფეები ვერ ვიშოვე, _ გამოტყდა დელია. _ ვერ ავიტანე აზრი, რომ მხატვრობას თავი უნდა დაანებო და პერანგების დაუთოვება
დავიწყე. იმ დიდ სამრეცხაოში მოვეწყე, ოცდამეოთხე ქუჩაზე. ხომ კარგი ვქენი, რომ გენერალი პინქნეი და კლემენტინა მოვიგონე. დღესაც
სამრეცხაოში ერთმა გოგონამ ცხელი უთო რომ დამადგა ხელზე, მას აქეთ სულ კლემენტინას და ყველიანი ყიყლიყოს ამბავს ვთხზავ. ხო მარ
მიჯავრდები, არა, ჯო? სამუსაო რომ არ მეშოვნა, ხომ ვერ მიჰყიდდი სურათებს იმ პეორიელს?
_ ის პეორიელი არ ყოფიალ, _ თქვა ჯომ ნაზად.
_ სულ ერთია, სადაურიც უნდა ყოფილიყო. ჭკვიანი ხარ, ჯო. . . და . . . მაკოცე, ჯო, და . . რატომ სეგეპარა ეჭვი , რომ კლემენტინას
მუსიკას არ ვასწავლი? საიდან მიხვდი?
_ დღევანდლამდე არც შემპარვია და ვერც მივხვდებოდი, დGეს კი მე თვითონ ავგზავნე სამანქანე განყოფილებიდან ის ჩვარი და ზეთი
გოგოსთვის, რომელმაც უთოზე ხელი დაიწვა. უკვე ორი კვირაა, რაც ცეცხლფარეშად ვმუშაობ ამ სამრეცხაოში.
_ მაშ შენ არ. . .
_ ჩემი პეორიელი, _ თქვა ჯომ, _ და გენერალი პინქნეი ერთი ტიპის ხელოვნების ნაწარმოებია, რომელსაც ვერც მხატვრობას დავარქმევთ,
ვერც მუსიკას.
მერე ორივემ გაიცინა და ჯომ დაიწყო. .
_ როცა ადამიანს უყვარს ხელოვნება, მას არავითარი მსხვერპლი არ. . .
დელიამ ტუცებზე ხელი დააფარა. _ არა, _ თქვა მან, _ უბრალოდ, როცა ადამიანს უყვარს. .

Friday, November 23, 2012

კრაზანა



"როგორც ფქვილის გარეშე არ შეიძლება პურის გამოცხობა, ასევე კრაზანას გარეშე არ შეიძლება მრავალი ავადმყოფობის მკურნალობა" – ამბობდნენ ძველად მკურნალები.  მაგრამ მე სხვა კრაზანაზე მინდა ვისაუბრო, კრაზანაზე, რომელიც Nჯერ შეიძლება წაიკითხო დიდი ემოციის ფონზე..... რომელიც არასოდეს ამოიწურება... რომელიც ახალგაზრდობისთვის სულიერი სიმტკიცის მაგალითია... რომელმაც შთააგონა იდეებისთვის თავგანწირვა სამამულო ომის გმირებს.... რომელმაც ცრემლი მაღვრევინა....ბევრს არ მოსწონს "კრაზანა" იმიტომ, რომ კომუნისტებს მოსწონდათ, მაგრამ როგორც ჰოლდენი იტყოდა "სულ ქინძზე არ მკიდია" რა მოსწონდათ კომუნისტებს?  ისე, ვოინიჩი რომ  რუსი ყოფილიყო ალბათ აუცილებლად შეიტანდნენ მას ზემოთ ხსენებულები სასკოლო პროგრამაში. ჯობია უშუალოდ "კრაზანაზე" გადავიდე...."პიზის სასულიერო სემინარიის ბიბლიოთეკაში არტური ხელნაწერ ქადაგებათა გროვას ათვალიერებდა....." არტური ერთი მორწმუნე ბიჭია, რომელიც სემინარიაში სწავლობს, უყვარს ბავშვობის მეგობარი ჯემა, აღმერთებს თავის მოძღვარს (მონტანელის, რომელიც შემგედ კარდინალი ხდება) და მოვალედ თვლის საკუთარ თავს, დაეხმაროს იტალიას და იტალიელ ხალხს, გატაცებულია იდეით და ღრმად სწამს, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს "იმ სინათლისკენ, რომელსაც წინ ხედავს". (რომანში ასახულია იატაქვეშა ორგანიზაციის– "ახალგაზრდა იტალიის" წევრთა მოღვაწეობა მე–19 საუკუნის 30–40–იან წლბში). თუმცა მოვლენები სწრაფად იცვლება.... არტური იპოვის წერილს, რომლისგანაც შეიტყობს მამის ვინაობას, მამა კი არც მეტი არც ნაკლები მისი მოძღვარი მონტანელია....  ეს საიდუმლო არტურის მთელ ცხოვრებას შეცვლის, შეცვლის მთელი ამ სიყვის გაგებით..... სახელიდან დაწყებული რწმენით დამთავრებული... ძნელია იმ გრძნობების გამოხატვა რასაც მკითხველი არტურთან ერთად განიცდის წერილის წაკითხვისას, ჯვარცმის დამსხვრევისას, ღმერთის უარყოფისას.... არტურმა გადაწყვიტა მომკვდარიყო, მომკვდარიყო ყველასთვის, მაგრამ არა იტალიისთვის, გადაწყვიტა ყოფილიყო თავისუფალი, როგორც ფრინველი, ამიტომ გადაწყვიტა გამგზავრება შორეულ ქვეყანაში... მან აიღო ქაღალდის ნაგლეჯი და დაწერა ის, რაც პირველადვე მოუვიდა აზრად: "მე მწამდა თქვენი ისე, როგორც ღმერთის, მაგრამ ღმერთი თიხის კერპი ყოფილა, რომელიც ჩაქუჩითაც ადვილად იმსხვრევა, თქვენ კი მთელი სიციცხლე მატყუებდით". მან გაკეცა ქაღალდი და მონტაელის მისამართი დააწერა, მერე კი....-  "ეძიეთ ჩემი გვამი დარსენში"შემდეგ დაიხურა ქუდი და ოთახიდან გავიდა, როდესაც დედამისის სურათის წინ გაიარა ახედა მას, გაიღიმა და მხრები აიჩეჩა: ისიც ხომ ატყუებდა!არტურს გემზე დავემშვიდობეთ და 13 წლის შემდეგ ისევ შევხვდით ცხოვრებაში (თუკი შეიძლება ამას ცხოვრება ვუწოდოთ) მრავალ სიმწარე  გამოვლილს, შავ მუშად მომუშავეს ცირკში, თავლაში, მაღაროში, ტყეში... შევხვდით ნაწამებ და დასახიჩრებულ ფელიჩე რივარესს, რომელსაც მხოლოდ თვალები შერჩენოდა ძველი არტურის. მაგრამ ახლა ის მწარე ენის პატრონი „კრაზანა“ იყო, რომელიც ფელეტონებს და პამფლეტებს აქვეყნებდა გაზეთებში, რომელიც ყველაზე უფრო მომაკვდინებელ იარაღს იყენებდა–სიცილს, ამით იყო პოპულარული და ამიტომ მოიწვიეს „ახალგაზრდა იტალიელებმა“ (მათ შორის ჯემაც იყო). „კრაზანა“ კი აპენინის კონტრაბანდისტებმა შეარქვეს მწარე ენისთვის, რომელმაც მრავალი უბედურთაგანი გადაარჩინა სულით დაცემას. ....კრაზანა ისევ შეხვდა ჯემას, ისევ შეხვდა მამამის კარდინალ მონტანელის, მკვახე და მწარე იყო მათთან ურთიერთობაში, მაგრამ უყვარდა ორივე... უყვარდა სასტიკად... სასტიკად !კრაზანა სახიფათო და არაკანონიერ ქმედებებს ჩადიოდა იტალიისთვის ჯემასთან და მის მეგობარ მარტინისთან ერთად..... საბოლოოდ ყველაფერი ისე წარიმართა, რომ მალე მისთვის დახვრეტა უნდა მიესაჯათ... მაგრამ აუცილებელი იყო სასულიერო პირის „თანხმობაც“.აი აქ იწყება ყველაზე ემოციური და ცრემლმლიანი ნაწილი... კრაზანა იბრძვის... მასთან მამამისია, „არტურის მკვლელი“..... ნეტა შემეძლოს სიტყვები მოვძებნო იმის გადმოსაცემად, როცა კრაზანამ თავისი ვინაობა გაამხილა.... ის არასოდეს ყოფილა ასეთი.... მამას და შვილს დავიწყებოდა ყველაფერი... სიკვდილიც, სიცოცხლეც და ისიც, რომ მტრები იყვნენ !!!  კრაზანას უყვარდა მონტანელი,  მონტანელისაც უყვარდა კრაზანა, მაგრამ უყვარდა– ღმერთი“ც“. კკრრაზზანას კი ღმერთთან გაყოფილი სიყვარული არ სურდა. მონტანელი სასტიკი არჩევანის წინაშე იდგა: ღმერთი ან შვილი! კრაზანა გამუდმებით ეკითხებოდა „მე თუ ის?“ მონტანელი კი იმეორებდა  რომ უყვარდა ის, უყვარდა არტური.... რომ მას დედამისის თვალები ჰქონდა.... კრაზანას ძვირად დაუჯდა ეს სიყვარული და მოფერებით და ტკბილი სიტყვებით მასში არტური არ დაბრუნდებოდა!  მონტანელი აქვითინდა... კრაზანას არ უნდოდა ამ ხმის გაგონება, რადგან ჩაქუჩივით ურტყამდა ეს მის ტვინს, უვლიდა მთელს სხეულს....დამთავრდა...ყველაფერი გასაგები გახდა, კრაზანამ უსიტყვოდ უთხრა მონტანელის „წადი“ და ისიც გავიდა საკნიდან.ერთი წუთის შემდეგ კრაზანა წამოვარდა:მე ამას ვერ გადავიტან! დაბრუნდით პადრე, დაბრუნდით!

გ ა ლ ი ლ ე ვ ე ლ მ ა     გ ა ი მ ა რ ჯ ვ ა ! ! ! !


კრაზანას  სიკვდილით დასჯა ისეთივე რთული აღმოჩნდა, როგორიც იყო მთელი მისი ცხოვრება...ოთხშაბათს დილით, მზის ამოსვლისას გაიყვანეს ეზოში... საშინელ ტკივილებს გრძნობდა, მაგრამ მხიარული ღიმილით მოდიოდა... „ჯარისკაცები, რომლებსაც ხელში თოფები ეჭირათ, ძლივს იკავებდნენ ცრემლებისგან თავს. მათ სტანჯავდათ იმის ფიქრი, რომ კრაზანა უნდა მოეკლათ. კრაზანა თავისი ბასრი ენით, მოსწრებული პასუხებით, დაუსრულებელი სიცილით და მაგალითის მიმცემი ვაჟკაცობით შეიჭრა მათ უფერულ, ნაღვლიან ცხოვრებაში როგორც მზის შუქი, და გრძნობა, რომ ახლა ის მათი ხელით უნდა მომკვდარიყო, მათთვის იგივე იყო, რაც ნათელი მზის ჩაქრობა."კრაზანას ბოლო სურვილი იყო მისთვის თვალები არ აეხვიათ, ის უყურებდა თავის სიკვდილს.... სიკვდილს კი ეშინოდა კრაზანასი.... „ყველა ჯარისკაცი ისროდა განზე, იმ იმედით, რომ სასიკვდილო ტყვია გასროლილი იქნებოდა მეზობლის ხელით.“კრაზანა დასცინოდა მათ და გაუწვრთნელ ჯარისკაცებს ეძახდა, ლამის თვითონ უხელმძღვანელა საკუთარი დახვრეტის პროცესს... „მწკრივი გადაიქცა აცახცახებულ ადამიანების ჯგუფად, ისინი გიჟებივით გამოიყურებოდნენ. ერთს არც უსვრია, გადააგდო თოფი და მიწაზე დავარდა ქვითინით:  –არ შემიძლია!“საბოლოოდ კრაზანა მაინც წაიქცა გაისმა „მოკვდაო“ როცა ისევ აცახცახდა და მუხლს დაეყრდნო–კიდევ ამაცდინეთ ძმებო! თავიდან სცადეთ.... იქნებ ახლა.....
კრაზანას სიკვდილის ბოლო წუთებს კარდინალმა მონტანელიმაც მოუსწრო, რომელსაც შვილმა ასეთი კითხვა დაუსვა –პადრე... თქვენი ღმერთი..... დაკმაყოფილებულია?  და თავი ექიმის ხელზე დაუვარდა.არტური მოკვდა.როცა კრაზანას სიკვდილი მისმა თანამებრძოლმა და მეგობარმა მარტინიმ გაიგო სადღაც სიღრმეში უსაზღვრო სიცარიელე იგრძნო, რომლის ამოვსება არაფერს შეეძლო, ვინაიდან კრაზანა აღარ იყო... „ყველაზე ძლიერი სიყვარული ის არის, როცა შენს სულს შესწირავ მოყვასსა შენსას“– კრაზანამაც შესწირა...დაბოლოს, კრაზანას წერილი ჯემას მიმართ სიკვდილის წინა დღეს დაწერილი...
„ძვირფასო ჯიმ“! (სტრიქონები უეცრად გაიფანტნენ და ნისლში ჩაინთქნენ. ჯემამ ხელმეორედ დაკარგა ის! დაკარგა ისევ! თავისი ბავშვობის სახელის წაკითხვაზე ჯემამ კვლავ მწვავედ იგრძნო ეს დანაკარგი და ისეთი სასოწარკვეთით დაუშვა ხელები, თითქოს მიწა, რომელიც მკვდარს ეფარა, მთელი თავისი სიმძიმით ახლა თვითონ ჯემას დასწოლოდა).ხვალ გამთენიისას დამხვრეტენ და  მინდა შევასრულო დაპირება და გითხრათ ყველაფერი, მხოლოდ ახლა უნდა გავაკეთო ეს. მგონია, არ ღირს გრძელი განმარტების დაწყება ჩვენს შორის. ჯერ კიდევ ბავშვებსაც კი ყოველთვის ზედმეტი სიტყვის გარეშე გვესმოდა ერთმანეთის.ამრიგად, თქვენ ხედავთ, ჩემო ძვირფასო, რომ სრულიად ტყუილად იტანჯებოდით იმის გამო, რომ ოდესრაც სახეში გამარტყით. ეს ძნელი გადასატანი იყო ჩემთვის, მაგრამ შემდეგში მრავალი გარტყმა მივიღე და გადავიტანე. რამდენიმეს სამაგიერო გადავუხადე კიდეც. და ახლა, აქ, ციხეში, როგორც თევზი ჩვენი ბავშვობის წიგნიდან, „ცოცხალი ვარ და კუდს ვიქნევ“ – ვიქნევ უკანასკნელად.... ხვალ დილით კი finita la comedia.  ჩემთვის და თქვენთვის ეს ნიშნავს: ცირკის წარმოდგენა დამთავრებულია.
რაც შეეხება ხვალინდელ დილას, მე მინდა, თქვენ და მარტინიმ იცოდეთ, რომ სავსებით ბედნიერი და კმაყოფილი ვარ და მეტს არაფერს მოვითხოვ ბედისგან. გადაეცით ეს მარტინის, როგორც ჩემი უკანასკნელი გამოსათხოვარი სიტყვა. ის საყვარელი და კარგი მეგობარია... გაიგებს. მე ვიცი, ძვირფასო, რომ ჩვენი მტრები, რომელნიც ფეხქვეშ სთელავენ ხალხის საარსებო ინტერესებს და მიმართვენ წამებას და სიკვდილით დასჯას, ამით ჩვენს საქმეს ხელს უწყობენ, ხოლო თავისთვის კი სამარეს ითხრიან. მე ვიცი, რომ თუ თქვენ, ცოცხლები, ხელიხელჩაკიდებული იქნებით და გადამწყვეტ იერიშს მიიტანთ მტერზე, უდიდესი ამბების მოწმენი გახდებით. ხვალ დილით კი მე გავალ ეზოში ისევე მხიარულად, როგორც არდადეგებზე შინ მიმავალი ბავშვი. მე შევასრულე ჩემი წილი საქმე, და რომ კეთილსინდისიერად შევასრულე, ამას ამტკიცებს ჩემი სასიკვდილო განაჩენი. ისინი მკლავენ იმიტომ, რომ ჩემი ეშინიათ. ამაზე მეტი რაღა უნდა ინატროს კაცმა?თუმცა კიდევ მაქვს სხვა სურვილები. კაცს, რომელსაც სიკვდილი ელის, უფლება აქვს რაიმე უნდოდეს. ჩემი სურვილია აგიხსნათ, თუ რატომ ვიყავი თქვენთან მკვახე და ვერ დავივიწყე ძველი წყენა.თქვენ, ალბათ, თვითონაც კარგად იცით, რატომ მოხდა ასე და თუ ამას ვწერ, მხოლოდ იმიტომ, რომ მსიამოვნებს ამის წერა. მე მიყვარდით ჯემა, როცა ჯერ კიდევ პატარა გოგონა იყავით, ჩითის კაბა გეცვათ და ატარებდით ნაწნავს, რომელიც ვირთხის კუდს ჰგავდა. მე ახლაც მიყვარხართ თქვენ. გახსოვთ, ხელზე რომ გაკოცეთ, როგორ საცოდავად მემუდარებოდით, აღარასოდეს გაიმეოროთ ესო. მე ვიცი, რომ მაშინ ცუდად მოვიქეცი, მაგრამ უნდა მაპატიოთ, ახლა კი ვეამბორები ქაღალდს, რომელზედაც თქვენი სახელი წერია. გამოდის, რომ მე თქვენ გაკოცეთ ორჯერ. ორჯერვე თქვენი თანხმობის გარეშე. მორჩა და გათავდა. მშვიდობით, ჩემო ძვირფასო!“.ბარათის ქვეშ სახელი არ ეწერა.იყო მხოლოდ ლექსი, რომელსაც ისინი ერთად სწავლობდნენ ბავშვობისას:„ველზე დაფრინავს პეპელა მარდიდა სულ არა აქვს სიკვდილის დარდი“.
რამდენიმე წუთის შემდეგ  კიდევ ერთი სასიკვდილო ცნობა მოვიდა.... ალბათ მიხვდით ვისიც...„ეპისკოპოსი, მისი უწმინდესობა კარდინალი მონსინიორი ლორენცო მონტანელი უეცრად გარდაიცვალა. მას გული გაუსკდა“.გულის გასკდომა – განა ეს ცუდად მოგონილი ახსნა–განმარტებაა?




ეტელ ლილიან ვოინიჩი (1864–1960)


მშურს იმის, ვინც აწი წაიკითხავს



Thursday, November 22, 2012

მერკური


ამელი ნოტომის ნაწარმოებებს   მძაფრი და ორიგინალური სიუჟეტი ახასიათებს, შეიძლება დაგაფიქროთ, რომ ის, რაც აქამდე მორალი გეგონათ, რაღაც ვითარებაში ამორალურია... თითქოს ვერ გებულობ, წიგნის გმირები უნდა გძულდეს თუ უნდა უთანაგრძნო... ხანდახან სიუჟეტი იმდენად უცნაურია, რომ მოუთმენლად ელოდები კვანძის გახსნას და კითხვას რამდენიმე საათში ამთავრებ....   ამელის წიგნებში არ არის ბევრი ბრძნული და რთული ფრაზა, მაგრამ საოცრად თამაშობს ემოციებზე... შეუძლია დაგაბნიოს, გაგაოცოს, დაგაფიქროს, იმედი გაგიცრუოს, გაგაბრაზოს....


როცა ამელის სამი წიგნი აღმოვაჩინე წიგნების თაროზე, ვიფიქრე, რომლით დავიწყო–მეთქი, „მერკურის“ შესახებ იქამდეც მქონდა გაგონილი და მისგან შოკის მოგვრას ველოდი, მაგრამ გადავწყვიტე ჯერ სხვა ნაწარმოებს გავცნობოდი და ზოგადი წარმოდგენა შემექმნა მწერალზე. პირველი „შეყვარებულის ამხედრება“ იყო... დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, მაგრამ ბავშვობა გამახსენა, ძველი მეგობრები... ბავშვურმა ქმედებებმა ცოტა გამამხიარულლა კიდეც..... მოკლედ, ამ წიგნზე ფიქრით გონება დიდად არ შემიწუხებიაა რადგან წინ „მერკური“ მელოდა.... მელოდა .... მელოდა.. და მელოდა ... ბოლო გვერდზე ისე აღმოვჩნდი, რომ  3 საათის განმავლობაში ასე ვთქვათ წიგნის კითხვის პარალელურად გონებაში ფილმს ვუყურებდი, რომელიც თითქოს ოდესღაც მენახა... (ასეთი შეგრძნება ამელის სხვა ნაწარმოებების კითხვისასაც გამიჩნდა)... ამ კუნძულზე რომ იცხოვრო, რამე უნდა გქონდეს დასამალი. დარწმუნებული ვარ, მოხუცს საიდუმლო აქვს...  დასაწყისიც ისევე მძაფრია, როგორც მთელი სიუჟეტი, რომელიც დიალოგებით ვითარდება...
რომანში არის ერთი „არაჩვეულებრივი“ პერსონაჟი (აზელი), ერთი „გმირი“ (ფრანსუაზა) ვინც საბოლოო განაჩენს გამოუტანს „ბოროტს“(კაპიტანომერ ლონკურს) და გადაარჩენს „არაჩვეულებრივს“ და საკუთარ თავს. კუნძულზე ისეთი ამბები ვითარდება, რომ ..... (უნდა წაიკითხოთ :), განსაკუთრებით მაშინ, თუ ამელი ჯერ არ გადაგიშლიათ ).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც „მერკურში“ პირველად შემხვდა, არის ორი დასასრული... ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუა ამ ფაქტმა, (ასეთი ჟანრის წიგნებთან ალტერნატივები არ მიყვარს...) პირველი დასასრული მომეწონა, ასე ვთქვათ ყველაფერს ნათელი მოეფინა, ჰეფიენდი შედგა და მკითხველმაც ამოისუნთქა....   
მაგრამ ...
მეორე დასასრული დაგაფიქრებს იდეალური გმირის "მორალურობაზე" „არაჩვეულებრივი“ გმირის მიმართ.... აქ ისეთი ჰეფიენდი არ არის, როგორიც პირველ დასასრულში... 

ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რომელი დასასრული იყო უკეთესი და მანამ ვერ მოვიფიქრე, სამან „მერკური“ სამჯერ არ გადავიკითხე... და მაინც ვერ მოვიფიქრე... ჩამოუყალიბებელი დავრჩი... (თუმცა მეორე მაინც უფრო საინტერესო და განსხვავებული მეჩვენება).

ლამაზ ქალიშვილს რა უნდა დაემართოს იმაზე უკეთესი, ვიდრე ურჩხულს გადაეყაროს?

ძალიან შემიყვარდა ამელი ნოტომი და ყველაფერი წავიკითხე რაც ქართულად ვიპოვე... მაგრამ ჩემთვის "მერკური" მაინც განსაკუთრებულია.... 




"მერკური" Facebook–ზე შეგიძლია მოიწონო აქ




Tuesday, November 20, 2012

სიზმრები



განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?
                                                                                                             ედგარ ალან პო

"ძალიან მაგარი რაღაც დამესიზმრა, მაგრამ არ მახსოვს.... " ფრაზა რომელიც ჩემს დილას თითქმის სულ თან ახლავს... "თითქმის" იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როცა სიტყვებს " მაგრამ არ მახსოვს", ცვლის ისტორიები, ფილმების სიუჟეტები, გამოძიებები, პოლიტიკური მოვლენები, მოგზაურობები, უცხოპლანეტელები..... სიზმრები ნამდვილად მდიდარი მაქვს, ისეთი რომ ჩარლი ჩაპლინს ხმოვანი ფილმების ვარსკვლავს გავხდი და საკუთარ თავს უცხოპლანეტელების მასპინძელს... მოკლედ, ღამის სტუმრებმა მაიძულეს გამერკვია რაიმე მათ შესახებ და პირველი რაც შეიძლება მოიმოქმედო, ესაა უპასუხო კითხვას: რა არის სიზმარი? პირადად ჩემთვის ესაა ვიზუალური გამოსახულება, რომელსაც არ ახასიათებს სუნი და გემო... რომელიც ხან შავ–თეთრია, ხან ფერადი, რომელიც ხანდახან ალოგიკური და უცნაურია, ხანდახან საინტერესო და ჩახლართული, რომელიც ხანდახან მეორდება, ხანდახან ისეთ ადგილას წყდება, როცა ყველაზე მეტად გაინტერესებს რა მოხდება... რომელიც უცნაურ ადგილებში გატარებს ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან ერთად.... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
ამ კითხვის პასუხს ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ეძებდნენ და ცდილობდნენ აეხსნათ სიზმრის ფენომენი. 
ერთ-ერთი ახსნის მიხედვით ეს მისტიკური მოვლენაა. ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ ადამიანებიმოგზაურობენ მომავალშიდა წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ასეთ სიზმრებსწინასწარმეტყველური სიზმრებიეწოდება. საერთოდ, უძველეს შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხება და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა (ესსიზმრის ახსნისსაშუალებით ხერხდება).



მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლისმიმდინარეობის დროსაც ეღვიძება
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის.

დროა ფსიქოლოგებსაც მოვუსმინოთ და ცოტა უფრო ღრმად შევიდეთ სიზმრების სამყაროში,  
მაინც რა იწვევს ძილს? უდავოა, რომ დაღლილობა ერთ-ერთი მიზეზია, რომელსაც გადამწყვეტი ჰიპნოგენური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, დაძინების მიზეზი ყოველთვის დაღლილობა არ არის. ამის დადასტურება ის არის, რომ ზარმაცებს უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე აქტიურებსა და ენერგიულებს. ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ შეიძლება დაღლილობა უშუალოდ კი არ იწვევს ძილს, არამედ აღიზიანებდეს მის გამომწვევ ნამდვილ მიზეზს, იწვევდეს შეფერხების რეფლექსს და ამ გზით ძილს ედებოდეს საფუძვლად.

როგორ ვიქცევით, როცა დაძინებას გადავწყვეტთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვეძინებოდეს? საგანგებო ხერხებს მივმართავთ (მაგ.: ბალიშს ან საბანს წავიფარებთ თავზე, თველებს ვხუჭავთ, ვითვლით, სასიამოვნო და ნელ მუსიკას ვუსმენთ...), რათა რეალობა რაც შეიძლება ნაკლებადაქტუალური გახდეს ჩვენთვის. აქედან ჩანს, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარადვაწვდითძილის მექანიზმს და ვცილობთ, ეს ცოდნა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ.
ამრიგად, ძილი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტის შინაგანი ფსიქიკური შესაძლებლობანი თავის საგანს გარე სინამდვილის ფარგლებში და გარე სინამდვილის სტიმულით ვეღარ პოულობენ. მისი რეალიზაცია, ამის მიხედვით, შინაგან შესაძლებლობათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის შესუსტებისა და აღკვეთის გამო ხდება. ჰიპნოგენურ ფაქტორად ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს, რაც ამას, .. ფსიქიკურ ფუნქციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებას ხელს უწყობს.
ძილის ბუნების სისრულით წვდომა შეუძლებელია, თუ სიზმრის სტრუქტურა, დინამიკა და ხასიათი მხედველობის გარეშე იქნება დატოვებული. ისე, როგორც თვით სიზმრის პრობლემის გადაჭრაც გაძნელდებოდა, თუ იგი ძილის საკითხის გარეშე იქნებოდა განხილული, მაგრამ, უძველეს დროში, ჯერ სიზმარმა მიიქცია დიდი ყურადღება და მხოლოდ შემდეგ ძილმა.
სიზმარი შეიძლება იყოს ფერადი, შავთეთრი. შეიძლება შეიგრძნო შეხება, იშვიათად, თითქმის არასდროს ტკივილი. თანამედროვე მკვლევერთა აზრით სიზმარში ამათუ იმ ხარისხით ყველა ჩვენი ფსიქიკური ფუნქცია იღებს მონაწილეობას.
სიზმრის ემოციური შინაარსი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ადამიანი ღრმა მწუხარებას ხედავს, არამარტო გულისცემა და მიმიკა, არამედ ხშირად კვნესა და ცრემლების ნიაღვარიც ადასტურებს ამას. ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულრეალურსინამდვილეს ქმნის, სადაც ჩვენიმემოქმედ სუბიექტადაა წარმოდგენილი, მის განცდებს რეალურიმე”- განიცდის.
საინტერესო მოსაზრებას აყენებს ფროიდი სიზმრის ბუნებასთან დაკავშირებით იგი წერდა, რომ ადამიანი მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არის ტენდენციები და სურვილები, რომლებსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის. ეს აზრები და სურვილები მაინც პოულობენ განსხეულების საშუალებას. ამისათვის, საუკეთესო დრო კი ძილია, როცაცენზურა”, ანუ ცნობიერი აქტივობა შესუსტებულია. თუმცა, ეს აზრები ზოგჯერ შეფარვით აღწევს ადამიანის ბუნებაში, ნიღაბს ამოფარებული იჭრება მის ცნობიერებაში. სიზმარს ამის მიხედვით ორი სახის შინაარსი აქვს. მანიფესტური --- ის, რასაც სიზმარში უშუალოდ განვიცდი, ის რასაც სიზმრის აღწერისას ვხედავთ და ლატენტური --- .. ნამდვილ შინაარსი --- ის სურვილები და მისწრაფებები , რომლებიც არაცნობიერების წიაღიდან გამომდინარეობენ და, მანიფესტური შინაარსის სახით მოდიფიცირებულნი, თავის რეალიზაციას ახერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანის სიზმრებს თავისი ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს. ამიტომ, თითოეული ადამიანის დასაბუთება შეიძლება მისი სიზმრების მიხედვით, თან ზუსტად. დე სანტესი ასეთ ფორმულას აძლევს ამ დებულებას: მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვინ ხარ შენ”. მელანქოლიკის სიზმრები, ჩვეულებრივ განსხავავებულია, ვიდრე ქოლერიკის ან სანგვინიკისა; ოპტიმისტის სიზმარი ღია ფერებითაა ნახატი, პესიმისტისა --- ბნელი ფერებით. ადამიანი სიზმარში ახდენს რეალიზაციას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც რეალობაში ვერ ან არ იყენებს. სიზმრის სპეციფიკაც სწორედ ისეა აგებული, რომ ამ ძალების რეალიზაციას ხელი შეუწყოს.
ამრიგად, სიზმრის შინაარსი განდევნილი აზრების რეალიზაციას ემსახურება: სიზმარი ამ აზრით სურვილების ასრულებას წარმოადგენს, ოღონდ არა რეალური ფსიქიკური გზით, არამედ იმ გზებითა და საშუალებებით, რომელნიც სიზმრის ცნობიერებისთვის არიან დამახასიათებელნი.

ლამაზ და საინტერესო სიზმრებს გისურვებთ .......)))))